fbpx

მასწავლებელი და მეფე – დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო დარასელი


მე და ჩემი მეგობარი ნინო დვალი ფიქრის გორაზე, ეგრეთწოდებული “თეთრი სახლების” ბნელი და ვიწრო სადარბაზოს მესამე სართულის კარს მივადექით და ზარი დავრეკეთ. კარი  გაგვიღო…

ზღურბლზე იდგა ახალაზრდა ბიჭი, რომლის მსგავსიც მანამდე მე პირადად არასდროს მენახა. უფრო სწორად ბიძაჩემი რომ “ცეკაში” მუშაობდა, მაშინ იქ მომუშავე თანამშრომლებს ჟურნალი “ამერიკა” და “ანგლია” ურიგდებოდათ (დღემდე ვერ ვხვდები რა მიზნით) და სწორედ იქიდან მეცნო ეს ექსტრავაგანტული, საოცრად მოუწესრიგებელი სილუეტი. ეს ადამიანი ჩემი ნაცნობი და ორგანული ჰომოსოვიეტიკუსი ნამდვილად არ იყო. ჩაჩაჩული ტილოს ფართო შარვალი, მოკლე სახელოებიანი  გვარიანად მოთელილი მაისური, ფეხზე შლოპანცები.. ჰო და კიდევ საყურე, რომელიც დიდხანს მეგონა რომ მომეჩვენა.

“გელას ბიჭი” 

Hello Babys! .. შეგვაგება კარებშივე ინგლისური, ცოტა გაწელილი და დაღლილი  სალამი, კარი ღია დატოვა და თვითონ ოთახისაკენ გაემართა. მე და ჩემი მეგობარი  სადარბაზოში იქამდე ვიდექით, სანამ ამ გაურკვეველმა ტიპაჟმა არ მოიხედა დაკიდევ ერთხელ ისევ ინგლიურად Come in girls-ო არ დაამატა.

ეს ჩვენი ახალი კერძო ინგლისურის მასწავლებელი იყო – ირაკლი ჩარკვიანი.

იმ დროს ინგლისური საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა კარგად. ეს იმდენად იშვიათობა იყო რომ, ჩემი ნაწილობრივი ამნეზიის მიუხედავად, მათი გვარები სამუდამოდ დავიმახსოვრე: ილიუშა თუმაჯანოვი, ვოლკოვები, მერი ციციშვილი და რა თქმაუნდა პირველ რიგში გელა ჩარკვიანი. დიდი მცდელობის მიუხედავად, ბატონ გელასთან ვერ მოვხვდით, მაგრამ ჩაწყობით “გელას ბიჭთან” კი  გაგვაგზავნეს.

კედლებზე ინგლისური წარწერები, სიგარეტის ბუღი, რომელიც სახლში უკვე ნისლის ეფექტს ქმნიდა, ხმამაღალი მუსიკა.. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი სასწავლო ოთახი, ეს საყურიანი ბიჭი კი ჩვენი მასწავლებელი.

ეხლა ვხვდები, რომ ასე მოხდა ჩემი პირველი შეხვედრა დასავლეთთან, აი იმ ცივილიზაციასთან, რომელზეც მანადე მხოლოდ ყურმოკვრით ტელევიზორიდან და ისიც ნეგატიურ კონტექსტში გამეგო.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წლების შემდეგ ნამდვილ დასავლეთშიც ბევრჯერ ვიმოგზაურე, ორსართულიან ავტობუსშიც ჩავჯექი, ლონდონში ჰაიდ პარკში ვოთერსის დაუვიწყარ კონცერტზე მოვხვდი და ბავშვობაში დაბადების დღეებზე ჩართული ტერენს ტრენთ დარბი ლაივშიც ვიხილე, ირაკლისთან შეხვედრის შოკის ეფექტი აღარ გამმეორებია. მასთან შეხვედრის მერე უკვე ვიცოდი, რას ნიშნავს თავისუფლება და როგორ გამოიყურება თავისუფალი ადამიანი.

ძალიან მაინტერესებდა კიდევ ერთხელ ამ უცხოპლანეტელი კაცის ნახვა. მეორე  გაკვეთილზე მე და ნინო უკვე უბრალო ცნობისმოყვარეობის გამოც წავედით. მერე იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე გაკვეთილი…

გამოგიტყდებით ინგლისური ვერ ვისწავლეთ, სამაგიეროდ ეხლა ვიცი როგორ იქმნებოდა „რეაქტიული კლუბი“. ეს ჩვენი გაკვეთილების პარალელურად ხდებოდა. კოტე ყუბანეიშვილი და კიდევ ჩემთვის მაშინ უცნობი „უცნაური ადამიანები“ ჩვენი გაკვეთილების დროს ხშირად სტუმრობდნენ ბინას ფიქრის გორაზე. წერდნენ, კითხულობდნენ, თარგმნიდნენ, უბრალოდ საუბრობდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ეწეოდნენ.. ეწეოდნენ ძალიან ბევრს.

ვერ ვისწავლე ინგლისური, მაგრამ ბევრზე ადრე მოვისმინე ძალიან კარგი მუსიკა, რომელიც მუდმივად ჩართული იყო ნიკოლაძის 5ა–ს ბინა ნომერ 20ში. წლების შემდეგ ვიამაყე იმით რომ, უბრალოდ ვიცნობდი ირაკლის.

დღემდე მახსოვს საკუთარი უპირატესობის ის სასიამოვნო შეგრძნება, როდესაც ირაკლის სცენაზე გამოსვლით შოკირებული ადამიანების სახეებს მე უკვე მშვიდად და ღიმილით ვათალიერებდი. ვაკის პარკში რომ გამოვიდა „მარგარიტაზე“, უკვე სხვებთან შედარებით ფორა მქონდა. მერე რა რომ ინგლისური არ ვიცოდი, ის ხომ გავიგე როგორ დაიყვირა სცენიდან: აუ თქვენ როგორ შიგა გაქვთ მე რომ მოგწონვართო!

ჩემი მასწავლებელი მალე ჩემი მეგობარი გახდა, მერე ჩემი საყვარელი მუსიკოსი, მწერალი, მოგვიანებით კი…

ბოლოს კი მეფე.

აი ასე თვითონ დაიდგა გვირგვინი და სხვებმაც აღიარეს. თუმცა სხვების დადასტურება სულ არ აინტერესებდა და ფაქტია არც  ჭირდებოდა. ის ამბობდა, სხვები კი შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს მაინც დაეთანხმნენ.

აი ასე. 

ბევრს გყოლიათ ინგლისურის მასწავლებელი მეფე?

მე მყავდა, ირაკლი ჩარკვიანი! <3

ID, ჟურნალი “ანაბეჭდი”

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.