20 ნოემბერი დილიდან
წინანდლის პრემიის ჟიურის დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2019 წლის წინანდლის პრემიის 24 ნომინანტი გამოავლინა
ნომინანტების სია ასე გამოიყურება:
- თეატრალური ხელოვნება: გეგა გაგნიძე, თათა თავდიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე
- კინოხელოვნება: მიხეილ ანთაძე, პეტრე თომაძე, გიორგი წერეთელი
- პროზა: ბექა ადამაშვილი, დათო ბადალაშვილი, ილია ჭანტურია
- პოეზია: ერეკლე დეისაძე, ნინი ელიაშვილი, ნინა სამხარაძე
- მუსიკალური ხელოვნება: გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, ანა ყიფიანი
- სახვითი ხელოვნება: ქეთა გავაშელი/ანდრია დოლიძე, ლადო ლომიტაშვილი, მიხეილ სულაკაური
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ანა გოგოლაშვილი, გრიგოლ დიდიძე, ნათია სამსონიძე
- ჰუმანიტარული მეცნიერებები: ოთარ გაბუნია, ანა დოლიძე, თეონა ლომსაძე
ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს, 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000-ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
წინანდლის პრემია ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას. ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.
წყარო: https://www.facebook.com/
And Then We Danced-ს კიდევ 5 ჯილდო გადაეცა
ლევან აკინის ფილმი And Then We Danced უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას კი ხუთი ახალი ჯილდოს მოპოვებაც შეძლო, ესენია: სევილიის კინოფესტივალზე And Then We Danced-ს ორი, მაყურებლის ფავორიტი ფილმისა და საუკეთესო LGBT+ ფილმის ჯილდო გადაეცა, მადრიდში გამართულ LGBT+ ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, LesGaiCineMad-ზე ლევან აკინის კინოსურათი წლის საუკეთესო ფილმად, ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა. ფილმი ასევე გახდა მაყურებლების რჩეული და წლის ფავორიტი ფილმი.
წყარო: https://www.facebook.com/
21 ნოემბერს ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიმართება მიხეილ კალატოზიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება
ფილმის საწყისი მასალები რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი, რომელიც უნიკალურ დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. იგი ასევე წარმოადგენს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის – ნუცა ღოღობერიძის დებიუტს კინოში. ფილმი „მათი სამეფოს“ სახელით არის ცნობილი, თუმცა „გოსფილმოფონდში“ ინახებოდა განსხვავებული სახელწოდებით – „ფურცელი ბიოგრაფიიდან“, ამიტომ ფილმი ხელახალი კვლევის საგანი იქნება.
წყარო: https://www.facebook.com
McDonald’s-მა ახალი საახალწლო რეკლამა გამოუშვა
ანიმაციური ვიდეორგოლი ერთი გოგონასა და ირმის თბილ ურთიერთობაზე გვიყვება. კამპანია ბრიტანეთის ბაზრისთვის შეიქმნა და მაკდონალდსის მომხმარებლებს საჩუქრების მოგების საშუალებას აძლევს. მაკდონალდსის ახალ საახალწლო კამპანიაზე სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა.
წყარო: https://www.youtube.com/
ლონდონში მსოფლიოში პირველი ვაგინის მუზეუმი გაიხსნა
მუზეუმის კედლებს ქალის სასქესო ორგანოების ამსახველ ილუსტრაციები ამშვენებს. გინეკოლოგიური ანატომიისადმი მიძღვნილი გამოფენის მიზანი საზოგადოებაში გავრცელებული ტაბუს გაქარწყლებაა. გამოფენის დათვალიერებას ნებისმიერი მსურველი უკვე მომავალი კვირიდან შეძლებს.
წყარო: https://www.theguardian.com/