ნიგერიელი არტისტის ნახატები შორიდან და ახლოდან დათვალიერებისას სხვადასხვა ამბავს გვიყვება
მხატვარი ნდჯიდეკა აკუნილი კროსბი ნიგერიაში დაიბადა, 16 წლის ასაკში საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არტისტად ითვლება, რომლის შემოქმედება სოციალურ-კულტურულ და პოლიტიკურ მეხსიერებას, გამოცდილებას ეფუძნება.
არტისტის თითოეული ნახატი კონკრეტულ ამბავს ჰყვება. როცა მის უზარმაზარ ტილოებს შორიდან უყურებ, ბანალურ სცენებს ხედავ, მაგალითად, ქალს, რომელიც ტელევიზორთან ისვენებს, ან წყვილის ინტიმურ სცენას საძინებელში. თუმცა, თუ ახლოდან დააკვირდები, სულ სხვა ამბებს ამოიკითხავ – კოლაჟის ხერხით მოთხრობილ ისტორიებს კოლონიალიზმსა და კოსმოპოლიტიზმზე, ემიგრაციაზე, აფრიკულ-ამერიკულ კულტურათა დიალოგზე, ნიგერიის ისტორიაზე, იდენტობაზე, ნიგერიელის ყოფაზე უცხო გარემოში.
„ეს ნახატები ორ ენაზე იკითხება – ინგლისურად და ნიგერიულ იგბოზე. ასევე განსხვავებულად აღიქმება ნახატებზე გადმოცემული ისტორიებიც, გააჩნია, ვინ ხარ და რომელ კულტურულ სივრცეს მიეკუთვნები. რაც უფრო უახლოვდები გამოსახულებას, უფრო მეტს ხედავ. ყველა ნამუშევარი ერთგვარი პორტალია, რომლითაც მნახველს ჩემს უკეთ გასაცნობად, პირად სივრცეში ვეპატიჟები“, – ამბობს ავტორი.
ნდჯიდეკა აკუნილი კროსბის პერსონაჟები პატარა დეტალებისგან, სხვადასხვა მცირე ზომის ნახატებისგან ან ბეჭდური მასალისგანაა შექმნილი, რომლებზეც მისი ნიგერიული წარსული და ამერიკული აწმყოა ასახული, ყველა მოგონება და განცდა, რაც ხელოვანის ხელწერას და ორმაგ იდენტობას განსაზღვრავს. ნიგერიელი პოპ-ვარსკვლავების ფოტოები, სამხედრო დიქტატორები, ჰოლივუდელი მსახიობები, 80-იანი წლების ცნობილი სახელები, ფეისბუქის მეგობრები, ჟურნალ-გაზეთების სტატიები, მუსიკალური ალბომის ყდები, ფოტოები საოჯახო ალბომებიდან – სწორედ ამ ელემენტებისგან შედგებიან მხატვრის გმირები.