ირინე ჟორდანიას ფილმი “მარქსის ქუჩა N12” ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ნომინანტია
ცოტა ხნის წინ ტალინში მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის – PÖFF Shorts-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით კი ქართველი რეჟისორის, ირინე ჟორდანიას ფილმი “მარქსის ქუჩა N12” ევროპის კინოაკადემიის 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატად წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნომინაციასთან დაკავშირებით ევროპის კინოაკადემია რამდენიმე კინოინსტიტუტისა და 24 წამყვანი ევროპული კინოფესტივალის რეკომენდაციას განიხილავს – მათ შორის არის ბერლინის, ვენეციის, ლოკარნოს, სარაევოს, როტერდამის, ვალიადოლიდის, ბრისტოლისა და ოდესის კინოფესტივალები.
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელსაც ევროპაში წლიდან წლამდე დიდი ინტერესით ელიან როგორც კინოხელოვანები, ასევე კინოკრიტიკოსები და კინოჟურნალისტები.
დაჯილდოებისას წითელ ხალიჩაზე თავს იყრიან მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, ცერემონია კი არაერთი ევროპული ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 7 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ წელს ამავე დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში And Then We Danced-ში შესრულებული მთავარი როლისთვის წარდგენილია ლევან გელბახიანი.
“ფილმი დაკარგულ სახლზეა და შესაბამისად ცხოვრების მნიშვნელოვან დანაკარგს ეხება. მთავარ როლს თინა ლაღიძე თამაშობს”, – ამბობს ირინე ჟორდანია AT.ge-სთან საუბრისას.
ფილმის “მარქსის ქუჩა N12” ჩვენება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეც გაიმართება, რომელიც 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე გასტანს.