fbpx

თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა


გააზიარე სტატია

 

 

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დააბინავეს. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობაა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით – მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი. 

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლებით აღადგინეს. უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობა დაიწყება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.