4 დეკემბერი დილიდან
დღეს ლანა ღოღობერიძის ახალი ფილმის, “ოქროს ძაფის” პრემიერა გაიმართება
ფილმის ჩვენების შემდეგ მაყურებელს შეუძლია რეჟისორს გაესაუბროს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში. ფილმის მთავარი გმირი, 80-ს მიტანებული ელენე, მწერალი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოთხ კედელშია გამოკეტილი. უეცრად მის ყოველდღიურობას არღვევს მათ სახლში მირანდას, მისი მძახალის, გადმობარგება. ალცჰაიმერით დაავადებული მირანდა ყოფილი საბჭოთა მაღალი ფუნქციონერია, რომელმაც ერთ დროს აკრძალა ელენეს წიგნი. ამასობაში ყველას დაავიწყდა ელენეს დაბადების დღე. მაგრამ მას მოულოდნელად ურეკავს ახალგაზრდობის დროინდელი შეყვარებული – არჩილი, რომელსაც ასევე “ფეხებმა უმტყუნა”.
ორ მარტოსულ ადამიანს შორის იფეთქებს ოდესღაც უარყოფილი სიყვარული. ამ სატელეფონო რომანის ფონზე მიმდინარეობს ორი ქალის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება. მით უმეტეს, რომ მირანდას მტკიცებით, არჩილი წარსულში მისი თაყვანისმცემელი იყო. მირანდა მიდის სახლიდან და იკარგება. მხოლოდ მაშინ გაიაზრებს ელენე, რომ ვერ გაუგო მირანდას, ვერ აუღო ალღო მის მარტოობას. ხვდება, რამდენად სჭირდება არჩილი. თავ-თავიანთ ბინებში გამომწყვდეული ელენე და არჩილი “ცეკვავენ” ერთად, როგორც მაშინ, 60 წლის წინათ.
წყარო: https://www.facebook.com/
დღეს რეჟისორ კარლოს რეიგადასის მასტერკლასი ჩატარდება
კარლოს რეიგადასი, ნაციონალური და საერთაშორისო პრემიებისა და ფესტივალების არაერთგზის გამარჯვებული მექსიკელი კინორეჟისორია, რომლის ნამუშევრები მკვეთრად გამოკვეთილი სტილითა და ექსტრაორდინარული ხელწერით გამოირჩევა. კარლოს რეიგადასის სადებიუტო ნამუშევარი Japon კანის კინოფესტივალზე ოქროს კამერის მფლობელი გახდა ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი, ხოლო ფილმებისთვის – Silent Light და Post Tenebras lux ჟიურის სპეციალური ჯილდო და საუკეთესო რეჟისორის წოდება მიენიჭა. სტუდენტებისთვის, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულებისთვის მასტერკლასები ჩატარდება 3 და 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში.
3 დეკემბერი – მასტერკლასის თემა:
იდეისა და მომავალი ფილმის მხატვრული კონცეფციის ჩამოყალიბება, სცენარის შექმნის მეთოდოლოგია, ფილმის გადაღებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, მსახიობთან მუშაობის თავისებურება, გადაღების პროცესი.
4 დეკემბერი – მასტერკლასის თემა:
პოსტპროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი, მუსიკა.
წყარო: https://www.facebook.com/
მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის, „ახალი ქართული პიესა 2019“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
- I პრემია – ანამარია გურგენიშვილი – „ბოიციდი“
- II პრემია – დავით ტურაშვილი – „არის ასეთი ქალაქი“
- III პრემია – გურამ მაცხონაშვილი – Asap
თუმანიშვილის ფონდმა პროექტი „ახალი დრამატურგია“ 2006 წელს დაიწყო. ის ორი კონკურსისაგან შედგება: „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება. სამ გამარჯვებულს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცა. „თუმანიშვილის ვაშლი“ – დამატებითი პრიზი განსაკუთრებულად საინტერესო ნაშრომისთვის პროექტის მონაწილეს, გოგი ყაჯრიშვილს ერგო. ქართულ თეატრალურ სამყაროს 500-ზე მეტი ახალი პიესა შეემატა, რომელთა დიდი ნაწილი თეატრებში უკვე დადგმულია.
ევროპის საბჭოში საზეიმოდ გაიხსნა ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა
საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროსაბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ.
ევროსაბჭოს საშობაო ბაზრობა წელს 2-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ევროპის საბჭოს ორივე შენობაში იმართება.
წყარო: https://ge.cloudvod.imedi.ge/
“შავი ქვრივის” შესახებ გადაღებული დამოუკიდებელი ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა
სკარლეტ იოჰანსონი მარველის სამყაროს სუპერგმირად პირველად 2010 წელს ფილმში, Iron Man 2-ში ვიხილეთ, მას შემდეგ კი სხვა საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ვეცნობოდით მისი თავგადასავლის დეტალებს ისეთ მაღალშემოსავლიან ფილმებში, როგორებიცაა: The Avengers, Captain America: The Winter Soldier, Civil War, Infinity War და Avengers 4. ფილმის პრემიერა 2020 წლის პირველ მაისსაა დაგეგმილი.
წყარო: https://www.youtube.com/
აშშ-ში STEM-ის ეროვნული კონკურსის ხუთივე საუკეთესო ჯილდოს გოგონები დაეუფლნენ
მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო საქმისა და მათემატიკის კონკურსში, პირველად ისტორიაში, ხუთივე საუკეთესო ჯილდოს გოგონები დაეუფლნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურსში მონაწილე საშუალო სკოლის 2348 მოსწავლეს შორის გოგონათა რიცხვმა ბიჭებისას გადააჭარბა. ფინალისტების შეფასების კრიტერიუმები იყო 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი სტანდარტები კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, ერთობლივი და ჯგუფური მუშაობის კუთხით.
წყარო: https://sapari.ge/