fbpx

თბილისის მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის


გააზიარე სტატია

 

თბილისის მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები

მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები  დაცული ექსპონატების, ისტორიის და თავად მუზეუმების დანიშნულების გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა.  ადრეული ასაკიდანვე ამგვარ შემეცნებით აქტივობებში ჩართვა ბავშვებს ეხმარება გაითავისონ ამ სივრცეების მნიშვნელობა.   სტატიაში გაეცნობით თბილისის რამდენიმე მუზეუმის მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს. 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზემის საგანმანათლებლო ცენტრი არაერთ საინტერესო  პროგრამას აერთიანებს, მათ შორის არის როგორც მუდმივი, ასევე სეზონური და დროებითი გამოფენების თანმხლები პროგრამები. 

„შეიხედე  მუზეუმის კულისებში“ – პროგრამა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ  მუზეუმის ლაბორატორიულ სამუშაოებს და მის როლს მუზეუმის საგამოფენო საქმიანობაში,  ასევე, მიიღონ ინფორმაცია არქეოლოგიური მონაპოვრების პრეპარაციის ტექნიკაზე და თავად დაამზადონ მოპოვებული ნივთების ასლები. პროგრამაში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი შეზღუდული არ არის, რეგისტრაცია   შეუძლიათ არა მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, არამედ ნებისმიერ მსურველს. ჯგუფში მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 20 ადამიანია. საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა 60-90 წუთია, ხოლო ღირებულება სრული ჯგუფისათვის 200 ლარი. „შეიხედე  მუზეუმის კულისებში“ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ტარდება. 

2019 წლის მაისიდან ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრმა კიდევ ერთი შემეცნებითი პროგრამა დაიწყო –  „საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“. პროგრამა შედგენილია იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე XX და XXI საუკუნეებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის მოპოვებული.  საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებელი ეცნობა ადამიანის განვითარების ისტორიას 8000 წლის განმავლობაში – მის ცხოვრებასა და საქმიანობას. პროგრამა განკუთვნილია მე-5 – მე-8 კლასის მოსწავლეთათვის, ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 20-25 მოსწავლით განისაზღვრება. ღირებულება ყოველი 10-წევრიანი ჯგუფისათვის 60 ლარია. აღნიშნული შემეცნებითი პროგრამის ხანგრძლივობა 90 წუთია. 

„ანბანი“ –  საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმის შემეცნებითი პროგრამაა, რომლის  მიზანია ბავშვებმა სახალისო აქტივობების საშუალებით ადვილად შეისწავლონ და აითვისონ ანბანი. პროგრამის მონაწილეები ეცნობიან უძველესი პიქტოგრამების, დამწერლობის შექმნის ისტორიას და წარმოშობის მიზეზებს, ქართული ანბანის მნიშვნელობას და მის მრავალფეროვნებას. ვიზუალური მასალის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება აქვთ იხილონ ქართული დამწერლობის სახეობები.  პროგრამის მეორე საფეხური კი სახალისო ინტერაქტიულ-შემეცნებით თამაშში მონაწილეობას გულისხმობს. შემეცნებითი პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (5-6 წელი), ასევე დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის. პროგრამის ხანგრძლივობა 90 წუთია, ღირებულება კი 10-კაციანი ჯგუფისათვის რამდენია??

„საქართველოს არქეოლოგია ახალი ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე“ – პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ  ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს კაცობრიობის ისტორიაში – უძველესი დროიდან დამწერლობამდე.  პროგრამა სახალისო პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავად შექმნან პირველყოფილი ადამიანის საყოფაცხოვრებო ნივთები, საბრძოლო იარაღები და თილისმები. პროგრამის ხანგრძლივობა 80 წუთია, თითოეული ჯგუფი 15-20 ბავშვისაგან შედგება, გადასახადი კი ყოველი 10 მონაწილისათვის 60 ლარს შეადგენს.  მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია ამ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის. პროგრამა ტარდება თბილისის ისტორიის მუზეუმში. 

ეროვნული მუზეუმის კიდევ რამდენიმე საინტერესო მუდმივი საგანმანათლებლო მიმართულება უკავშირდება გამოფენას სახელწოდებით  – „კავკასიის ბიომრავალფეროვნება”, რომელიც ოთხ პროგრამას მოიცავს, კონკრეტულად კი – აღმოაჩინე კავკასიის საოცარი ბუნება; „შეიცანი კავკასიის ცხოველთა სამყარო”; „აღმოაჩინე კავკასიის ბიომრავალფეროვნება”; „ხატვის დღეები მუზეუმში”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამებზე მუდმივად განახლებად  ინფორმაციას შეგიძლიათ მუზეუმის ვებგვერდზე გაეცნოთ.

 

თბილისის მუზეუმების გაერთიანება

თბილისის  მუზეუმების გაერთიანება 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიანი ინსტიტუციაა. თბილისის მუზეუმების გაერთიანება ათეულობით საინტერესო შემეცნებით პროგრამას გთავაზობთ, რომლებიც ძირითადად სკოლის მოსწავლეთათვისაა განკუთვნილი, თუმცა, ამ პროგრამების ასაკობრივი კატეგორია მკაცრად განსაზღვრული არ არის.  ეს კი ნებისმიერ მსურველს და კონკრეტული თემით დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს დაესწროს შემეცნებით ღონისძიებებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

„ლიტერატურული თამაში“ – თბილისის მუზეუმების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე ახალი შემეცნებითი პროგრამაა, რომელიც მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურას ორიგინალური და სახალისო ფორმით –  შემეცნებითი ლიტერატურული თამაშების მეშვეობით გაგაცნობთ. თამაშში მონაწილეთა რიცხვი განუსაზღვრელია. ლიტერატურული თამაში ტარდება ყოველ შაბათს, 5 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში

„იალქნებიდან სამოსამდე“  – ეს პროგრამა  ჯინსების ისტორიას გაგაცნობთ. როგორ შეიქმნა ჯინსი, ვინ შექმნა ის და როდის და რატომ გახდა ასეთი მოდური, როგორი ისტორიები ახლავს ჯინსების შემოსვლას საქართველოში და რას უკავშირდებოდა საბჭოთა სისტემაში თავისუფლების სიმბოლოები – საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მრავალფეროვან ვიზუალურ მასალასთან ერთად   სწორედ აღნიშნულ თემებს გაეცნობიან. პროგრამა მუზეუმში ექსკურსიასაც მოიცავს. „იალქნებიდან სამოსამდე“ ტარდება კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ ბინა-მუზეუმში ყოველ სამშაბათს, 3 საათზე. პროგრამის ხანგრძლივობა 90 წუთია. 

„თოჯინების ისტორია“ – თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის პროგრამა აერთიანებს  საინტერესო თემებს და ფაქტებს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი თოჯინების შესახებ;  სხვადასხვა ქვეყნის თოჯინების შექმნის ისტორიებს, ქართული ეთნოგრაფიული, ე.წ. დედოფალების შექმნის ისტორიას; მეთოჯინის პროფესიას. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან ქართული ტრადიციული  თოჯინები. პროგრამის ხანგრძლივობა 90 წუთია. „თოჯინების ისტორია“ ტარდება შაბათს, 3 საათზე, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩის 10 ნომერში განთავსებულ საგანმანათლებლო სივრცეში.

საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რაც შეხება ღირებულებას,  თითოეული პროგრამის ფასი ცალკეული მონაწილისათვის 5 ლარია. თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად იზრდება. მათ  შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მუზეუმების გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე. 

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი 

„კანფეტების ისტორია” ხელოვნების სასახლის ბაზაზე არსებული სამუზეუმო სივრცის – ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაა. არქივში დაცული უნიკალური  ფოტომასალის მეშვეობით მონაწილეები ეცნობიან, თუ როგორ მზადდებოდა მეოცე საუკუნის დასაწყისში კანფეტები მუშტაიდის ტერიტორიაზე, მუზეუმის სახელოსნოებში. რაც  ყველაზე საინტერესოა, პროგრამა პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომლის ფარგლებში ბავშვებს საშუალება აქვთ თავად დაამზადონ კანფეტები. „კანფეტების ისტორია“ საერთაშორისო სამუზეუმო გაერთიანება ICOM-ის კონკურსის გამარჯვებულია. „საუკეთესო პრაქტიკა“, – ასე ეწოდება საერთაშორისო პროექტს, რომლის ფარგლებში პროგრამა საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.  „კანფეტების ისტორია“ ტარდება ყოველდღე, სამშაბათიდან შაბათის ჩათვლით. პროგრამის ხანგრძლივობა 60-90 წუთია, მონაწილეობის ღირებულება კი ინდივიდუალურად 5 ლარს შეადგენს. 

 

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

აბრეშუმის მუზეუმი შემეცნებით ვორკშოპებთან ერთად 4 მუდმივ საგანმანათლებლო პროგრამას გთავაზობთ, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის. თითოეულ პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება 5 ლარია. 

„ფერების ძალა“ – პროგრამა დაფუძნებულია მუზეუმში დაცული ბუნებრივი საღებავების კოლექციაზე, მონაწილეებს საშუალება  აქვთ ნახონ ბუნებრივი და ქიმიური საღებავები, გაეცნონ ძირითად, დამატებით და მათი შერევით მიღებულ ფერებს.  „ფერების ძალა“ განკუთვნილია 6-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.

„4 სიცოცხლე“ – პროგრამა სკოლებს საშუალებას აძლევს სამუზეუმო სივრცეში  მოაწყონ გასვლითი გაკვეთილი, ვიზუალურ მასალის თანხლებით გაეცნონ აბრეშუმის პეპლის სასიცოცხლო ციკლს. ასევე ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით აქტივობაში. პროგრამა განკუთვნილია  6-13 წლის ბავშვებზე. 

“წყალქვეშა თავგადასავალი“ – ნიჟარების კოლექციაზე დაფუძნებული სასკოლო-საგანმანათლებლო პროგრამაა, პირველ ნაწილში მონაწილეები  ეცნობიან ნიჟარების ცხოვრებას, ხოლო პროგრამის მეორე ნაწილში მათ შეუძლიათ ჩაერთონ სახალისო-შემეცნებით თამაშში. პროგრამა გათვლილია – 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის.

„ცურუ მზის სამშობლოდან“ – პროგრამა შეეხება დიდ აბრეშუმის გზასა და იაპონურ ტრადიციულ სამოსს – კიმონოს. მონაწილეები თეორიულ ნაწილში  ეცნობიან კიმონოს შემადგენელ ნაწილებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ითამაშებენ სახალისო-შემეცნებით თამაშს. პროგრამა გათვლილია – 11-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.