ქართული second hand შოპები ინტერნეტში
მეორადი ტანსაცმელი უამრავ ადგილას შეიძლება შეიძინო – დაწყებული იაფფასიანი ჯიხურებიდან, დამთავრებული სპეციალურად რეტრო სტილის მოყვარულებისთვის შექმნილი ელიტარული ბუტიკებით.
სხვადასხვაა მოტივიც, რის მიხედვითაც ადამიანები სხვისი ნაცვამი ტანსაცმლის შეძენას ანიჭებენ უპირატესობას: ზოგს დაბალი ფასი იზიდავს, ზოგს მისი უნიკალურობა და ექსკლუზიურობა, ზოგი მასობრივ წარმოებას და სწრაფ მოდას უცხადებს პროტესტს და გარემოსა და ადამიანის უფლებებზე ზრუნვას გამოხატავს ასე, ზოგს უბრალოდ, ქაოსიდან წესრიგის შექმნის პროცესი ანიჭებს სიამოვნებას.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად “ძველმანი ტანსაცმლის” ბიზნესს ახალი მედიუმი გაუჩნდა და ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში გადმონაცვლების საშუალება მიეცა.
ონლაინ მაღაზიებში გაცილებით მარტივია სასურველი ნივთის მოძიება თუ შეძენა, მაგრამ გროვად დაყრილ ქსოვილებში საინტერესო რამის პოვნის სიხარული იკარგება.
ინტერნეტ მაღაზიების მფლობელები მომხმარებლის მაგივრად დადიან და ეძებენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებითაც თქვენი გულის მოგებას შეძლებენ.
ინტერნეტში გადმოსულ მეორად ტანსაცმელს გამყიდველისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს, მყიდველისთვის კი კომფორტი, რომლისთვისაც ოდნავ მეტს იხდის, ვიდრე ტრადიციულ მაღაზიაში გადაიხდიდა, მაგრამ უკვე გარეცხილს, მოწესრიგებულს და სასურველ მისამართზე სასურველ დროს მიტანილ პროდუქციაში.
თვითდასაქმებულების წასახალისებლად და ორიგინალურად ჩაცმის მსურველთათვის საქმის გასამარტივებლად გთავაზობთ რამდენიმე ონლაინშოპს, რომლებმაც ჩვენი ყურადღება გამართული სერვისით, საინტერესო კოლექციებით, კარგი მარკეტინგით ან ორიგინალური კონცეფციით შეძლეს.
Day Off – Re-Use Store
ერთ-ერთი პირველი ონლაინ მაღაზია Facebook-ზე, სადაც შეძლებთ დაბალ ფასად შეიძინოთ იშვიათი ტანსაცმელი.
Clothtome
საგულდაგულოდ არჩეული ტანსაცმელი გოგონებისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ საიტიდან; შოპი გთავაზობთ ასევე თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ შექმნილ საყურადღებო ნივთებს.
თვალყურის დევნება შეგიძლიათ Facebook-სა და instagram-ზე;
Méli-mélo • მელი-მელო
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გარდერობი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მუდმივად სჭირდება ცვლილებები. პირველ თაროზე მაისურებთან ერთად შარვლებია, მეორეზე სვიტრებთან ერთად წინდები, პერანგებთან ერთად შარფები კიდია, მოკლედ, თქვენი გარდერობი ფერადი და არეულია და სანამ დალაგებას გადაწყვეტთ, განაახლეთ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.
მელი-მელო ფერად არეულობას ქმნის, თქვენი ყოველი დღის მრავალფეროვნებისთვის.
Kaia – კაია
ორი სტუდენტი მეგობრის მიერ შექმნილი მაღაზია თითქმის ორი წელია ცდილობს ყოველკვირეულად ახალი კოლექცია შესთავაზოს მომხმარებელს, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია სასურველი პროდუქტის შეკვეთა.
Vintage Gal
ეს მაღაზია გამორჩეული როგორც თავისი პროდუქციით, ასევე პლატფორმით, რომელსაც იყენებს. ნაქსოვები ნაქარგებით, ყვავილებიანი კაბები, ძველებური სათვალეები, საინტერესო თეთრეული იყიდება არა Facebook-ზე, instagram-ზე ან სპეციალურად ამისთვის შექმნილ ვებსაიტზე, არამედ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე, სადაც ძველებური და საავტორო ნივთების მოყვარული უამრავი ინტერნეტმომხმარებელი იყრის თავს. ამ ბრენდის განახლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ასევე Instagram-ზე.