fbpx

“ყველაზე საშობაო სიმღერა” ბეტონის კარკასულ ჩონჩხებში – Christmas Will Break Your Heart


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

 

კალენდარზე როგორც კი დეკემბერი ამოყოფს თავს, ავტომატურ რეჟიმში იფურჩქნება ხოლმე სიხარული, შიში და სევდა. 

სიხარული აბა რაა, ამდენ მეგობრებს ვნახავ. მათი ნახვა ტრადიციად მაქვს და წელიწადის სხვა დროს თითქოს ბევრი არაფერი მიშლის ხელს, მაგრამ ვერ ვახერხებ და ჰა.

შიში კონკრეტულად მერაია ქერისთანაა დაკავშირებული და მზარავს ხოლმე იმის გააზრებაც კი რომ სადაც შევალ ყველგან მისი ალპეჯიო უნდა დამხვდეს. კიდევ კარგი დედამ როგორიც შობა ის ხატება დამსდევს ხოლმე თან და არა ის ზორბა ძუძუებიანი ქალი, თავად რომ გადაწვიტა იყოს. 

სევდა ☺ ოოო, სევდა შობას რომ მოაქვს აი ეგეთი უნდა. ადრეც მიფიქრია რომ შობაზე სევდიანი – ვნების კვირაც კი არაა. 

ვირევი დამთხვევებზე. პეკინზე შუქნიშანთან შეჩერებულმა მარცხნივ გავიხედე და ყაზბეგიდან მოდიოდა ბევრი თეთრი პრიუსი. თავზე მწვანე და ვარდისფერი დიადემებით და განა ალილო სხვაა რამე მეთქი? ☺ მაგის გაფიქრება იყო და ჩემი საყვარელი საშობაო სიმღერა დაიწყო. ჰო და წეღან ვთქვი ვირევი დამთხვევებზე მეთქი, რომლებსაც ადრე მხოლოდ მაშინ ვაკავშირებდი ერთმანეთთან როცა როზმარინს, ან რაიმე სხვა მხიარულ მწვანილს შევექცეოდი ხოლმე. ახლა კიდევ დღისით, მზისით, მეთქი ვაახ. 

Christmas will break your heart დაიწყო და განა ცრემლი მომადგა? არანაირად. რაც შემეძლო გავწელე შუქნიშნის მწავნე ფერი და ვუყურე პრიუსების ალილოს მსვლელობას ☺. მადლობა კახი, მადლობა მერო, რომ ასეთი 12 თვიანი თეთრი ციდან ფიფქი ცვივა მოგვიწყვე, ამ აღრჩოლებული ბეტონის კარკასული ჩონჩხის გროვაში. 

ცხოვრება გადის ამ ნახშირორჟანგის ყნოსვაში და ისეთი გაუსაძლისია უკვე შენი არა სახელმწიფოში, არამედ დასახლებულ პუნქტში ცხოვრება (კომეტები. რეჟისორი თამარ შავგულიძე), რომ საკუთარი ინსტაგრამ გვერდისკენ თვეებია აღარ იხედები. აუფ დრამა :დდ.  

ვუსმენ ამ გულის გასახეთქ სიმღერას, რომელიც შობას ვინ დაეძებს და მართლა გიკლავს გულს. ამასობაში ამირანთანაც გაივლი და თეთრწვერიან სათნო სახის კაცს ხელთ უპყრია ბანერი “დაუსიგნალე ლგბტ”-ს. ვაიმე უფალო, შობა კი არა ხანდახან ჩვეულებრივი პარასკევიც თავზარს მცემს. უბრალოდ ადამიანები ისე მოგვმართე, რომ შობას სიყვარულს, სიხარულს, ათას ქუნქულობასა და ნიგვზის ოვერდოზს მიგვაჩვიე და ახლა ალბათ აღარ იცი ამ “ფლუსტრაციასა” და გმინვას რა მოუხერხო. 

ვეღარ გვიმკლავდები ვერც ჩვენ და ვერც მერაია ქერის, რომელიც ყოველ ახალ წელს გაზრდილი გარშემოწერილობითა და იგივე სიმღერით გაჰკივის, რომ საშობაოდ მხოლოდ შენ უნდიხარ.  არა უშავს მერაია, შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული, მანამდე კი:

Christmas will crush your soul
Like that laid back rock ‘n’ roll
But your body’s getting old
It’s much too tired to be so bold

“ელსიდი საუნდსისტემის” საშობაო სიმღერა არის ჰიმნი. ამ საუკუნის, პრინციპში გასულისაც და ალბათ საერთოდ ყველა შობის – რაც ქრისტეშობის შემდეგ გვქონდა ☺ 

ძალიან ნაზად, საზეიმო ზარების შრიალით იწყება, მაგრამ პირველივე ფრაზაზე ხვდები რომ წელს დღესასწაული არ იქნება :დდ. აი მაშინვე იწყებ ფიქრს როგორ გაიხანგრძლივო ახალგაზრდობა და იპოვო სამხიარულო მიზეზები და გზები: გადაუხვიო დადგენილ ნორმებსა და საზღვრებს. ახლა ბევრს თუ დალევ, არითმეტიკის ცოდნის გამომზეურების შემდეგ მეზობლებს აგინებ და ბებიის “ოქროულს” ლომბარდში ჩააბარებ – არავის გაუკვირდება.

 


მაგრამ აი ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ მიზანმიმართულად ადამიანების დასახმარებლად გადახვალ და თან ყავით დაიწყებ სეირნობას და დაჭერისას განაცხადებ რომ არანაირი საზღვარი არ გადამილახავს – ჩემს საკუთარ ქვეყანაში ვარო. ან პრეზიდენტის ჯიბრზე სამხედროსავით შეიმოსები და ყურებზე ჭაღებს დაიკიდებ, ან და პარლამენტის შენობაში პირობითად ნეხვის სუნის სითხეს მაოფრქვევ ჰო მაგარია? ძალიან. 

ჰოდა ჯგუფისგან რომლისგანაც სულ სხვა ჟღერადობასა და ვაიბს ელი, ვითომ უცნაურია მსგავსი მელოდია, მაგრამ კაი ერთი შენი ჭირიმე რაა. ადამიანებს მოუნდათ ისევ ერთად ყოფნა და ჩაწერეს კარგი მამაპაპური დეპრესიული საშობაო საგა. ჰოდა შენც გამოდი გარეთ. შენს თავს მაინც გამოადექი ამ ერთხელ, ეს ბედკრული, კოსმოსში ჩაკრულო გაგზავნილი მამული თუ არ გედარდება. აქამდე თუ რაღაცნაირად მოვედით იქნება არც გადავშენდეთ, რავი. 

რას გვეუბნება სიმღერის ავტორი? უიმე არაფერს იმის გარდა რაზეც ნიქ ქეივი მღეროდა ბოლო ალბომში. ყველაფერი ცუდად ვერ იქნება, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი ცუდადაა. სახლში კი დაბრუნდები, მაგრამ იქნებ იქ არავის უყვარხარ ან აღარავინაა? მე ვიცნობდი ბიჭს, რომელიც არც დედას უყვარდა და არც მამას. მაგრამ დღეს ის ცოლს უყვარს. ისიც რაღაცნაირია, მაგარ ბიჭს თამაშობს და ჩაგვრით უკვე აღარავის ჩაგრავს, მაგრამ აი რავი… მისი ამბის გახსენებაზე თავი გვერდზე მეღრიცება ხოლმე და დაქანებული მხრიდან ენით ცრემლის დაჭერას ვჩალიჩობ ხოლმე ☺. 

აი ვინ არ დაცემულაო ეს საშობაო სიმღერა გეუბნება და ვინ ვერ ამდგარაო, მაგრამ აბა წარმოიდგინე ერთ დღეს რომ ვეღარ ადგეო. აი იესო მოვა შობის დღეს და აგაყენებსო. და ეგრევე, უი არაა, ეგ ჰო აღდომებზე იქნებაო ☺. სინამდვილეში ესაა ადამიანური სიშტერეებითა და სიყვარულებით სავსე მელოდია შობაზე, აღდგომაზე, სიყვარულსა და მარადისობაზე. 

მადლობა “ელსიდი საუნდსისტემ”, რომ დაიშალე, აღსდექი და ასეთ ნელებზე ნამღერი ადამიანად ყოფნის სევდა შექმენი. დიახ სწორედ შობაა ის რაც 2 კვირის განმავლობაში ბოლომდე გამოგაბრუჟებს, ასფალტზე გახოხიალებს, ნათესავებს წაგკიდებს და შენი ნაღვლის ბუშტს “ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა”-ს ამღერებს. დიახ დაუნდობელი, მაგრამ მაინც ყველაზე ციმციმა, ნათელი და მისტიურია. თავისი არსაიდან დაბადებით, მოგვებითა და ბეკეკებით.

ეს სიმღერა უკვე ძალიან მიყვარდა, ერთი დალოცვილი იუთუბ მომხმარებლის შექმნილი ვიდეო რომ ვნახე ამ სიმღერითა და ერთი ვერი ფრენჩ ფილმის კადრებით A Christmas Tale (Armaud Desplechin).

ეს იუთუბ ლინკი იმდენად იმეორებდა ჩემს ფიქრებსა და განცდებს, რომ ჯერ ტირილით გავსკდი და გული რომ ვერ ვიჯერე, შემდეგ სიცილით ცრემლები ვიდინე. ესაა მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ფრანგი იყოს ქართველი, ქართველი ისლანდიელი, ისლანდიელი მონღოლი, მონღოლი კი კორსიკელი. და ასე უსასრულოდ. კაცობრიობის შექმნის მიზანიც ხომ ეს იყო ალბათ? ☺ რომ ყველა ვიყოთ განსხვავებულები, ოღონდ ერთი გენ. გეგმითა და ბედით. დავიბადოთ, ვიცხოვროთ, გვიყვარდეს, გავმრავლდეთ და მოვკვდეთ. 

ჰოდა რას გვეუბნება სიმღერის ავტორი? არც არაფერს. საკუთარი აზრის ქონის უპირატესობით სარგებლობს და შენც იმასვე გირჩევს. გინდა ჯინგლ ბელს უსმინე და გინდა ელსიდი საუნდსისტემის დეპრესიული მელოდია ჩაიკარი გულში და სულ ნუ ადგები საწოლიდან. 

დღესასწაული სხვაგანაა, ფინეთის პრემიერი ქალია და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვან სამინისტროებსაც ქალები მინისტრობენ, ელონ მასკმა მარსზე დევიდ ბოუისთან მანქანა გააფრინა, ნასამ კი მთვარეზე მოცვის ბაღი გააშენა. შენ კიდევ საქართველოში ცხოვრობ – სადაც შენი საკუთარი ცოლი, ან ქმარი შეიძლება ხელისუფლების შეთხზული ბოტი აღმოჩნდეს, მილიონიანი ნაძვის ხე დაგიდგას მერიამ, მაგრამ საშობაოდ სოციალური დახმარება გაგიუქმონ, გარეთ ცივა, არც სექსია, არც შეშა 😉 … აი რა გედღესასწაულება? :დდ 

ჰოდა ყველა ერთად ვუსმენთ Christmas will break your heart-ს, ვიმედოვნებთ რომ So what if they don’t love you anymore დრო არასდროს დაგიდგება, როდესმე ტვ იმედის დრონი მიწაზე დაეშვება და მამული გაბრწყინდება. გილოცავთ 🙂  ჯანმრთელად და მხიარულად მეყოლეთ. გისურვებთ ის თვითგამრთობი მექანიზმი გეპოვოთ, რომელიც ყველას გვაქვს თავში თუ არა, სხეულის რომელიმე ნაწილში მაინც 😉

Merry Christmas xalxo  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.