fbpx

The BearFox-ის ახალი ათწლეულის ალბომი „გამოიდარებს“ – სიმშვიდით დაძაბული რეალობის წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

ესეც ასე: 2010-იანი წლების დასასრული მოახლოვდა. სულ მალე 2020-იანებში შევაბიჯებთ. ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული ათწლეულის ეიფორია ისევ ცხადად იგრძნობა. უკიდურესად პოლარიზებული ქვეყანა ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტიკური ძალების და კლანების დაპირისპირების არენადაა ქცეული, რომლითაც მედია საზრდოობს და ისედაც დაშინებულ სოციალურად შეჭირვებულ მომხმარებელს კიდევ უფრო გულს უხეთქავს. 

სწორედ ამ პერიოდში, 2013 წელს, შეიქმნა დუეტი The BearFox, რომლის სადებიუტო ალბომი მინდა გაგაცნოთ. მისი წევრები და დამაარსებლები არიან  „დათვი“ – ირაკლი „ბეთხო“ მანჩხაშვილი და „მელა“ – მებო ნუცუბიძე. დროთა განმავლობაში ჯგუფს სხვა ინსტრუმენტალისტებიც დაემატნენ, რომლებიც ძირითადად კონცერტებში მონაწილეობენ. 

დათვისა და მელას დუეტმა 2014 წელს გამოუშვა ინგლისურენოვანი, ძალიან მელოდიური 5-სიმღერიანი მინიონი (იგივე EP) Holding You, რომელიც მსმენელს მაშინვე მოეწონა. ჯგუფის პირველი ალბომიც თავისი სიმშვიდით თითქოს საერთოდ ამოვარდნილია იმ რეალობიდან, რომელშიც იქმნებოდა და იწერებოდა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ თავად დუეტის წევრი იტყვის.

დუეტის შემოქმედებაში იგრძნობა როგორც ექსპერიმენტული ინდის, ისე პოსტ-როკის, პოპ-როკის და პროგრესივ-როკის ელემენტებიც, რომელიც ძალიან კარგადაა არანჟირებული. ამას თან ერთვის მებო ნუცუბიძის მსუბუქი და ჰაეროვანი ხმა. ახალი ალბომი „გამოიდარებს“ მუსიკალურ საიტებზე: Spotify, Deezer, Apple Music, Amazon Music  2020 წლის 6 იანვარს გამოჩნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მართლმადიდებლური შობის წინა დღით გამოდის, მას საშობაოს ვერ დავარქმევთ. ალბომში სულ 10 კომპოზიცია შევიდა. „გამოიდარებს“ ექსპერიმენტული ნამუშევარია თუნდაც იმ მხრივ, რომ დღემდე ამ დუეტს ყველა იცნობდა, როგორც ინგლისურენოვანს. ახალი ალბომი კი მთლიანად ქართულენოვანია. ამაზე მიგვანიშნებდა ტელეგადაცემა „აკუსტიკაში“ ნამღერი „ნუ გამწირავ“ და ჯგუფის YouTube-ის ოფიციალურ არხზე გავრცელებული აუდიოვერსიები სიმღერებისა – „ოღონდ შენ იყავი“ და „ისევ“. ეს უკანასკნელი ახალ ალბომში არ შესულა. 

 

 

ალბომი „გამოიდარებს“ იხსნება მეტად მძიმე და ბგერებით დახუნძლული წუთნახევრიანი „პროლოგით“, რომელიც თითქოს ზუსტად აღწერს, როგორი იყო გასული ათწლეული. მას მოსდევს მსუბუქი „ნათელ დღეებს“, რომლის გზავნილიცაა „იცი რომ ხვალ, ისევ გაჩნდება გზა, ისევ გამოვა ხვალ, რასაც ვერ გრძნობდი დღეს“. სიმღერის ბოლო ისევ საკმაოდ მძიმდება გიტარით და დასარტყამებით. „ოღონდ შენ იყავი“ მსმენელისთვის უკვე ნაცნობი სიმღერაა. ესაა სიმღერა-ვედრება მეტად ატმოსფერული არანჟირებით. 

„ნუ გამწირავ“ პოსტ-როკის საუკეთესო ტრადიციებშია არანჟირებული თავისი ორ-სამ ნოტზე ამოჩემებული საგიტარო რიფებით, რის გამოც, შეიძლება, ისლანდიური „სიგურ როსიც“ კი მოგაგონდეთ. კომპოზიაზე „ვინ შემიფარებს“ ჯგუფმა პირველი ოფიციალური ანიმაციური ვიდეო გადაიღო, რომლის ავტორიცაა გურიკა ჩოხელი. 

„ინტერლუდია“ არის 38-წამიანი ჩანართი, სადაც ისმის მაგნიტოფონში აუდიოკასეტის მოთავსების ხმა და ფორტეპიანოს ხმები. იგი გრძელდება შემდეგ კომპოზიციაში „ყოველთვის ახსოვს“, რომელიც მეტად მელოდიური ვალსია. სიმღერის მიხედვით გადაღებული ვიდეოს ავტორია თემო კვირკველია. 

 

 

სიმღერა „ზღვა“ გამორჩეული სიმღერაა, რომელიც გამოსავლის ძიებაზეა. მასში არის ტექსტი: „ვეძებ ბნელში გზებს, სიგიჟის საზღვრებში“. მას მოსდევს „მაინც გიმღერებ“, რომლის მოსმენისას მე 1980-იანი წლების ჯგუფი „ა-ჰა“ გამახსენდა. მებოს დამამშვიდებელმა ხმამ ამ შესანიშნავი ნორვეგიული ბენდის მომღერლის, მორტენ ჰარკეტის ვოკალი შეიძლება მოგაგონოთ. 

ალბომის მთავარი სიმღერაა „გამოიდარებს“, რომელიც დადებითი ენერგიით და იმედითაა სავსე. სიმღერას ძალიან ალამაზებს გუნდი. გუნდი თემას ასრულებს ალბომის ბოლო ბილიკშიც, რომელსაც „ეპილოგი“ ჰქვია. ეს თბილი სიმღერა შობის და ახალი წლის დღეების მყუდრო განწყობითაა გაჟღენთილი. 

ყველა სიმღერის, ტექსტის და არანჟირების ავტორია The BearFox. საერთო ჯამში, „გამოიდარებს“ ატმოსფერული, ჰაეროვანი, სასიამოვნოდ მოსასმენი და ერთგვარად გლობალური ალბომიცაა, რომლის მოსმენასაც სიამოვნებით ვურჩევ ყველა ეროვნების და ასაკის ადამიანს. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „გამოიდარებს“ ახალი 2020-იანი წლების ათწლეულის პირველი ქართული ალბომია.

ალბომზე მუშაობის პროცესის შესახებ ვესაუბრე დუეტის ერთ-ერთ წევრს, მის დამაარსებელსა და მომღერალს, მებო ნუცუბიძეს.

 

მებო, რამდენი ხნის განმავლობაში და სად იწერებოდა ალბომი „გამოიდარებს“?

ალბომის ჩაწერა 2019 წლის ივლისში დავიწყეთ. იწერებოდა სახლის სტუდიებში – ჩემთან და ბეთხოსთან. რაღაც ნაწილს მე ვიწერდი, რაღაცას – ბეთხო და მერე ვიკრიბებოდით ჩემთან და სიმღერებს საბოლოო სახეს იქ ვაძლევდით. ჩემს სახლში, ბიბლიოთეკის ოთახში სტუდია მოვაწყვე და წიგნების გარემოცვაში ჩაიწერა ეს ალბომი. 

თქვენ ორის გარდა ვინ მონაწილეობდა კიდევ ალბომის ჩაწერაში?

სტუდიაში ძირითადად ბეთხო და მე ვმუშაობთ, თუმცა ზოგჯერ ჩვენი საკონცერტო შემადგენლობის მუსიკოსებიც გვეხმარებიან. მაგალითად, პირველ სამ სიმღერაში უკრავს გიტარისტი ჟორჟ გელაშვილი. სიმღერაში „ნუ გამწირავ“ ბასის პარტია ჩვენმა ბასისტმა დათო გოგისვანიძემ შეასრულა, ხოლო ბოლო სიმღერებში „გამოიდარებს“ და „ეპილოგის“ ჩაწერაში გუნდი „თუთარჩელა“ დაგვეხმარა. ჩვენ ამ გუნდს რუსთავში ჩავაკითხეთ და იქ ჩავწერეთ. ალბომს თავიდან ცოტა მძიმე თემით ვიწყებთ და მერე თანდათან უფრო იმედიანი ხდება. ბოლო სიმღერებიც უფრო ნათელი და პოზიციურია, რაც ბუნებრივად მოხდა. 

 

თქვენ მსმენელი გიცნობდათ, როგორც ინგლისურენოვან დუეტს. რატომ გადაწყვიტეთ ქართულ ენაზე სიმღერა?

სასიმღერო ენა ქართულზე რომ შევცვალეთ, თითქოს მუსიკაც შეგვეცვალა. მე და ბეთხო უკვე 6 წელია ერთად ვაკეთებთ მუსიკას და გვაქვს მთავარი პრინციპი, რომ ვიყოთ ბუნებრივები. რა იდეაც კი თავში მოგვდის, ეგრევე ვცდილობთ ისინი მუსიკაში გადავიტანოთ. 

მაგალითად, ამ ალბომში შესული ერთი სიმღერა „მაინც გიმღერებ“ გულახდილად რომ გითხრა, სადღაც 20 წუთში გაკეთდა. მე ჩემს ოთახში ამ სიმღერის ვოკალი და კლავიშები ჩავწერე და ბეთხოს გადავუგზავნე. დაახლოებით 10 წუთში ბეთხომ მითხრა, აი, რა გავაკეთე და ნახეო. მოვისმინეთ და მივხვდით კარგი იყო, აღარ გაგვირთულებია. მსგავსი რამ მოხდა ენასთან დაკავშირებითაც. 

ადრე იმიტომ ვმღეროდი ინგლისურად, რომ ემოციები, ფრაზები და იდეები თავში ამ ენაზე მომდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ, თუნდაც დღეს, ქართულის გარდა ვერც ერთ ენაზე ვეღარ ვმღერი. ეს ბუნებრივად მოხდა. ცოტა შემეშინდა, ასე რომ მოხდა, რადგან ნახევარზე მეტი სიმღერა ინგლისურად მაქვს დაწერილი. რა თქმა უნდა, ინგლისურადაც შემიძლია, მაგრამ უფრო მეტ სიამოვნებას მშობლიურ ენაზე სიმღერა მანიჭებს. თან უფრო ნათლად შემიძლია ვთქვა რაღაცები ტექსტებითაც.

 

„ინტერლუდიაში“ კარგად ისმის აუდიოკასეტის მაგნიტოფონში ჩადების ხმა. ხომ არ აპირებთ კასეტებზე ალბომის გამოშვებას?

სხვათა შორის, ეგ იდეა გვქონდა. ბოლო დროს ბეთხო განსაკუთრებით გადაეშვა ძველი კასეტების ჟღერადობებში. ალბომშიც, ზოგიერთი ინსტრუმენტი კასეტაზე გადავწერეთ, რათა რეტრო ხმა მიგვეღო, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ხმის მისაღებად მილიონობით საშუალება არსებობს კომპიუტერულ პროგრამებში. 

ყველა მაგნიტოფონს თავისებური ხმა აქვს, რომელიც ზოგჯერ სიმღერის ხასიათისკენ, ჟღერადობისკენ და არანჟირების მიმართულებისკენ გიბიძგებს. ალბომის „პროლოგი“ მთლიანად კასეტაზე ჩავწერეთ. რაც შეეხება ფიზიკურ მუსიკალურ მატარებელს, 6 იანვარს ალბათ არა, მაგრამ მომავალში ალბომი CD-ს სახით შეზღუდული რაოდენობით მაინც გამოვა. არ არის გამორიცხული, ალბომი კასეტებზეც გამოვცეთ, ასევე შეზღუდული რაოდენობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანობაში მშვიდი და საკმაოდ ჰარმონიული ალბომია, მასში მაინც იგრძნობა რეალობის ზეგავლენა. რა გზავნილია „გამოიდარებს“? ვისთვისაა განკუთვნილი? 

ეს არ არის განკუთვნილი მხოლოდ ახალგაზრდებისთვის. მე და ბეთხოს მიგვაჩნია, რომ ჩვენ მუსიკას თითქმის ყველა ასაკის ადამიანისთვის ვქმნით. ამბობენ ხოლმე, მუსიკოსი თავისთვისაა და რეალობა ცალკე არსებობს. ეს აბსურდია. 

მუსიკოსი საკუთარ მუსიკას იქიდან გამომდინარე აკეთებს, თუ სად, რა გარემოში ცხოვრობს. ჩვენ ყველას რთული პერიოდები გვაქვს ცხოვრებაში, ჰოდა, ამ ალბომის კონცეფციაც სწორედ გამოსავლის ძიებაა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის გზა, რომელიც ამ ცუდი რეალობიდან გამოგვიყვანს. 

ჩვენთვის ეს გზა ჩვენივე მუსიკაა. ყველა პრობლემას, რაც გვამძიმებს, გვაღიზიანებს, რაზეც ვბრაზობთ, საკუთარ თავში, ზოგჯერ სიგიჟის ზღვარზე ჩვენივე მუსიკით ვებრძვით უკეთესი მომავლისთვის. ჰოდა, გვინდა ეს სხვებსაც გავუზიაროთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ალბომში შიგადაშიგ მუსიკა ხანდახან ცოტათი მძიმდება კიდეც, საერთო ჯამში მთელი ნამუშევარი მშვიდია. მებო, საიდან მოდის ეს სიმშვიდე, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენ ირგვლივ საკმაოდ დაძაბულ რეალობას?

მინდა გითხრა, რომ ეს სიმშვიდე ჩვენი იარაღია. ესაა ერთადერთი რამ, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ სწორედ იმ დაძაბულ რეალობას, რაც ირგვლივაა. თუ ჩვენ ამ არეულობას, ბოროტებას და სიგიჟეებს იგივენაირად დავუპირისპირდებით, ჩვენ აუცილებლად დავმარცხდებით. ამიტომ ჩვენი იარაღია სწორედ სიმშვიდე. ჩვენ სიმშვიდით ვებრძვით სიძნელეებს. სწორედ ამიტომაცაა ალბომი მშვიდი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ტექსტობრივადაც და მუსიკალურადაც გვაქვს  სიმძიმეებიც. 

ალბომის გაფორმება ვისია? 

ეს ხედი ჩანს იმ ბიბლიოთეკის ოთახის ფანჯრიდან, სადაც ალბომი იწერებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ბეტონის ჯუნგლებში, სადაც ირგვლივ მხოლოდ ნაცრისფერი კორპუსებია. ისინი არ აჩენენ უკეთესი ცხოვრების, ან მომავლის რწმენას, მაგრამ ამ კორპუსებში შეიძლება ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთა შინაგანი სამყაროები ძალიან ფერადი, ლამაზი და უკეთესი მომავლის იმედითაა სავსე. ფოტოზე ამ კორპუსების თავზე მონაცრისფრო ცაა, მაგრამ ჩანს ნათელი ზოლიც, რომელიც მზის ამოსვლაზე მიგვანიშნებს. ისე კი, ეს ფოტო ჩემი გადაღებულია. შემდეგ ჩვენი მეგობარი ქეთი დაგვეხმარა, რომელმაც ეს ფოტო ალბომის გაფორმებად გადააქცია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.