fbpx

რატომ არის ასეთი რთული, ჭკუა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Kate Morgan

 

შხაპის ქვეშ დგახარ ან საწოლში მოკალათდი და უცებ თითქოს ვიღაცამ თითები გაატკაცუნაო, შეცბუნებული რჩები. გაუგებარი მიზეზების გამო, შენმა ტვინმა გადაწყვიტა, შეგახსენოს შენი ყველაზე ცუდად შესრულებული სამუშაო, წარუმატებლობა, უხეში შეცდომა თუ დამამცირებელი გადაწყვეტილება. 

ჩვენი მარცხი არასოდეს გვტოვებს. თეორიულად თითქოს სასარგებლო უნდა იყოს მათი გახსენება, იმ მიზეზით, თითქოს ისინი თავიდან აგვარიდებენ მსგავს ვითარებას. თუმცა, ეს მხოლოდ იმ დროს  მუშაობს, როცა საქმის გამოსწორება მაშინვე, პოსტფაქტუმ ხდება. 

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ჩვენ თითქმის არასდროს ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე. 5 განსხვავებული ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ როდესაც ცდის პირებს ეუბნებოდნენ, რომ მათ რაღაც შეეშალათ, შემდეგ ჯერზე ისინი იმავე საკითხებში უფრო მეტ შეცდომას უშვებდნენ. 

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრის, ლორენ უინკლერის თანახმად, ხშირად მარცხი ადამიანის ეგოს თრგუნავს და ისინი საერთოდ ეთიშებიან პროცესს, ნაცვლად იმისა, რომ მცდელობა განაგრძონ. ამ ფენომენს უფრო ფართოდ განმარტავს იგი ჟურნალ “ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში” გამოქვეყნებულ წერილში: მოტივაციის თეორიების მიხედვით, წარუმატებლობა ადამიანს თვითშეფასებას უქვეითებს და, ასევე, ხელს უშლის მიზნების დასახვასა და პოზიტიური განწყობის შექმნაში. 

“წარუმატებლობა მღელვარებასა და იმედგაცრუებას გვანიჭებს”, – განმარტავს შონ დაფი, ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, რომელიც ზემოხსენებულ კვლევაში არ მონაწილეობდა, – დააკვირდით სპორტსმენებს, თუკი მათ პირველივე ცდაზე შეცდომა დაუშვეს, დიდი შანსია, მეორეც კრახით დაასრულონ. 

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეცდომები სამუდამოდ ამოვიგდოთ თავიდან. თუ ადამიანები დააიგნორებენ თავიანთ მარცხს, მაშინ ისინი შეცდომებზე ვერასდროს ისწავლიან. არსებობს ხერხები, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია, მივიღოთ გაკვეთილები ჩვენი შეცდომებისაგან. მათ შორის ყველაზე ეფექტურია, წარმოიდგინო, თითქოს ეს სხვას დაემართა. 

ზემოხსენებული ავტორების სხვა კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანი სხვის შეცდომებზე ჭკუას ნამდვილად სწავლობს, რადგან ეს შეცდომა ჩვენს ეგოს არ აზარალებს.

 არსებობს სხვა მეთოდიც, იმისთვის, რომ დავძლიოთ მარცხი, საჭიროა, საკუთარ თავს შედარებით პატარა ამოცანები დავუსახოთ. მათი შესრულება საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს.

 თუ პროფესიული მარცხის ექსპერტიზას აკეთებთ, არ დაგავიწყდეთ, აღნიშნოთ დავალების ის ნაწილი, რომელიც კარგად შეასრულეთ.  შეადგინეთ წარმატებული ნამუშევრების სია.  

ხშირად, როდესაც ვინმე გაკრიტიკებთ, თქვენ ფიქრობთ, რომ საბოლოოდ  დამარცხდით.

თუკი ეგოს გამოწვრთნით, ნახავთ, რომ საკუთარი წარუმატებლობის კონსტრუქციულ განსჯასაც შეძლებთ, მიუხედავად იმისა, კრიტიკა თქვენგან მოდის თუ სხვისგან. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.