fbpx

წლის საუკეთესო არტინსტალაციები თანამედროვე ხელოვნების ექსპერტებისა და კურატორებისგან – UAP


გააზიარე სტატია

კომპანია UAP, რომელიც სხვადასხვა დიზაინერულ პროდუქციას აწარმოებს, ყოველწლიურად იწვევს თანამედროვე ხელოვნების ექსპერტებსა და კურატორებს და მათთან ერთად წლის საუკეთესო ინსტალაციების ნუსხას აქვეყნებს.

ნახეთ საჯარო სივრცეებში განთავსებული წლის საუკეთესო რამდენიმე ინსტალაცია.

 

გერმანელი არტისტის, საბინა ჰორნიგის  „ჩრდილები“

პროექტი ღია თუ დახურულ საჯარო სივრცეებში დროსა და სივრცეში ზღაპრულ მოგზაურობას გულისხმობს. არტისტი დიდი ხნის განმავლობაში სიდნეის სანაპიროებზე არსებულ ფლორას იღებდა. მცენარეთა სამყაროს ამსახველი გამჭირვალე გამოსახულებები ერთმანეთს შრეებად დაადო და დიდი ფორმატით სიდნეის საერთაშორისო ცათამბჯენების ინტერიერსა და გარე ფასადებზე, შუშებზე დააკრა. მისი თქმით, ბუნება და თანამედროვე არქიტექტურა ერთმანეთთან დიალოგს მართავს,  დამთვალიერებელი კი ამ „საუბრის“ მონაწილე ხდება.

 

ჯენი ჰოლცერის პროექტი VIGIL.

ჯენი ჰოლცერი კონცეპტუალისტი არტისტია, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, სხვადასხვა სოციალურ თემებზე, საკუთარ პოზიციას და აზრებს ე.წ. მანიფესტური ფორმებით გამოხატავს. პირველ ეტაპზე ნიუ-იორკის ქუჩებში პლაკატებს აკრავდა, შემდეგ ტექსტებს მაისურებსა და ლითონის აბრებზე, ხის სკამებზე ბეჭდავდა. მოგვიანებით კი ციფრულ მორბენალ სტრიქონებსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებზე გადაერთო. ჯენი ჰოლცერის თქმით, არტისტებმა თავიანთი სათქმელი მუზეუმების დახურული დარბაზებიდან ქუჩებში უნდა გაიტანონ, გზავნილები კი  დიდაქტიკური ხასიათის არ უნდა იყოს, მათ საზოგადოების დაპროგრამება ხელოვნების ენით უნდა შეძლონ.  

VIGIL ჯენი ჰოლცერის ბოლო პროექტია, რომელიც სკოლებსა და თუ სხვა საჯარო სივრცეებში გახშირებული შეიარაღებული თავდასხმებით დაზარალებულ და დაღუპულ ადამიანებს მიეძღვნა. არტისტმა როკფელერის ცენტრის ერთგვარი ოკუპაცია პროექტორებით მოახდინა. ნიუ-იორკის მთავარი კომერციული კომპლექსის კედლებზე თავდასხმების მსხვერპლთა – გადარჩენილების აზრების ტექსტური პროექცია მოაწყო. „ჩვენ ცეცხლი გაგვიხსნეს“, „კალაშნიკოვის ავტომატიდან გვესროდნენ“… – ამგვარი გზავნილებით ჰოლცერი ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.

For Forest

ავსტრიელი არტისტის, კლაუს ლიტმანის პროექტია, რომლის შთაგონების წყარო მაქვს პეინტნერის ანტიუტოპიური ნახატი გახდა. ნახატზე კაცობრიობის მომავალი იყო ასახული, დიდ სტადიონზე განადგურებას გადარჩენილი ხეები სამუზეუმო ექსპონატებად ქცეულიყო. 

კლაუს ლიტმანმა იდეა რეალურად განახორციელა ავსტრიის საფეხბურთო კლუბის, SK Austria Klagenfurt-ის სტადიონზე. მან სტუდია  Enea Landscape Architecture-თან ერთად მოედანზე 300-მდე არყის, მუხის, კოპიტის, ტირიფისა და ფიჭვის ხეებისგან ტყე გააშენა. 

არტისტის თქმით, პლანეტაზე ბუნების წინააღმდეგ მიზანმიმართული ომი მიმდინარეობს და მალე ფლორაც და ფაუნაც სამუზეუმო ექსპონატებად იქცევა.

კომპანია UAP-ის აზრით, წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტი აშშ – მექსიკის საზღვარზე განხორციელდა. არქიტექტურულმა სტუდია Rael San Fratello-მ ერთგვარი აქცია მოაწყო,  რომელიც ამერიკელი და მექსიკელი სამართალდამცავების მეთვალყურეობით, სულ რაღაც ნახევარი საათი გაგრძელდა. გამყოფ კედელში რამდენიმე ვარდისფერი საქანელა განათავსეს, ელ-პასოსა და ხუარესის მცხოვრებლებს კი საშუალება ჰქონდათ ეთამაშათ და  თამაშისას ერთმანეთთან დიალოგი გაემართათ. .

იდეის ავტორების – ინტერიერის დიზაინერის, ვირჯინია სანისა და ბერკლის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროფესორის, რონალდ რაელის თქმით, ამ ფორმით კედლის მშენებლობის გამო დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს. . 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.