fbpx

„ლივერპული“ – რეალური თუ მოჩვენებითი ლიდერი?!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

როდესაც დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ხელისგულზეა გადაშლილი და ნებისმიერი მატჩის წინ გუნდებმა კარგად იციან მოწინააღმდეგის ძლიერი თუ სუსტი მხარეები, შემადგენლობა თუ სათამაშო სტრატეგია, განსაკუთრებით ძნელია ხანგრძლივი პერსპექტივით ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე წარმატების მიღწევა.

მაინც რამ განაპირობა „ლივერპულის“ ბოლო ორი სეზონის ასეთი ძლევამოსილება, რამდენ ხანს უნდა გაძლოს მერსისაიდულმა კლუბმა მსოფლიოს უძლიერესი კლუბის რანგში და ზოგადად, რა არის მისი წარმატების საიდუმლო?

2016 წელს „ლივერპულში“ გადასვლისთანავე მისი ამჟამინდელი მწვრთნელი იურგენ კლოპი თითოეულ რგოლში თანაბრად დაკომპლექტებული ახალი კლუბის შენებას შეუდგა, რომლის თამაშითაც დღეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მილიონობით ფეხბურთის თაყვანისმცემელი უდიდეს სიამოვნებას იღებს.

შეუძლებელია, რომ საფეხბურთო გურმანი გულგრილი დარჩეს „ლივერპულის“ შემტევი და საათის მექანიზმივით აწყობილი ზეთანამედროვე ფეხბურთის მიმართ, რომლის კვლევასაც ალბათ კიდევ წლები დასჭირდება, რადგან ოცი მატჩიდან ცხრამეტის მოგება სწორედ ის შედეგია, რისი მიღწევაც განსაკუთრებით ძლიერ გუნდს თუ ხელეწიფება. 

პრემიერლიგაში მსგავსი შედეგით ბოლო ხანს „მანჩესტერ სიტი“ თუ დაიკვეხნიდა, თუმცა, ისიც ხომ ცნობილია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტურნირს სწორედ ინგლისურ კლუბებთან – „ლივერპულთან“ და „ტოტენჰემთან“ შეხვედრებში ეთიშებოდა.

„ლივერპულმა“ წელს ორი ქულა ერთადერთ მატჩში – „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ დაკარგა.

ყველაზე მეტად კი იურგენ კლოპის ბიჭებს „ასტონ ვილასთან“ გასვლით შეხვედრაში გაუჭირდათ, რომლის გამარჯვებამდე მიყვანაც მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე მოხერხდა.

 „ლივერპული“ დღესდღეობით თავის უშუალო მდევრებს – „ლესტერს“ და „მანჩესტერ სიტის“ შესაბამისად 13 და 14 ქულით უსწრებს, თანაც მათთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ამის მიზეზი კი კლუბთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა იყო, რომელიც „ლივერპულმა“ არსებობის მანძილზე პირველად მოიგო. 

ეს მატჩი ერთობ საინტერესო უნდა ყოფილიყო გულშემატკივრისთვის, რადგან ბრაზილიას ასეთი ძლიერი ჩემპიონი უკვე წლებია, რაც არ ჰყოლია. სამხრეთ ამერიკულ კლუბს კი უკანასკნელად ეს ტურნირი 2012 წელს ჰქონდა მოგებული, როდესაც „კორინთიანსმა“ ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა. 

ამჯერადაც ბევრს მიაჩნდა, რომ დრო იყო ფინალი კვლავ ბრაზილიელებს მოეგოთ, თუნდაც არსებული ტრადიციიდან გამომდინარე, რადგან „ლივერპულს“ აქამდე ყველა ფინალი წაგებული ჰქონდა, მათ შორის 1981 წელს „ფლამენგოსთან“ 0:3…

სამაგიეროდ სრულიად სხვაგვარად ფიქრობდნენ „ლივერპულში“, რომელმაც დიდად მოწადინებული მეტოქე უპირველეს ყოვლისა ფიზიკურად დაჯაბნა, რადგან ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულმა ბრაზილიის ჩემპიონმა მაქსიმალური შესაძლებლობები მხოლოდ პირველ ტაიმში გამოავლინა, მეორე ტაიმში კი მას ამის საშუალება უკვე აღარ მისცეს. 

აშკარად იგრძნობოდა, რომ თუკი ადრე თუ გვიან რომელიმე გუნდი გოლს გაიტანდა, ეს აუცილებლად „ლივერპული“ უნდა ყოფილიყო.

მატჩის დასრულების შემდეგ კი ბრაზილიური ფეხბურთის გულშემატკივარი თავს მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებდა, რომ დამატებით დროში ამ შეხვედრის ერთადერთი გოლი  მათმა თანამემამულემ გაიტანა…

მეტოქის სუსტ წერტილებზე თამაშის აწყობა და მისი საბოლოო მოხრჩობა  „ლივერპულის“ განუმეორებელი ხელწერაა. მთელ მატჩზე ძალების სწორად გადანაწილებასა და სტრატეგიის არჩევაში კი იურგენ კლოპს და მის თანაშემწეებს, ეტყობა, დღესდღეობით ბადალი არ ჰყავთ.

მაგალითად, „ბოქსინგ დეის“ მეორე მატჩში „ვულვერჰემპტონთან“, „ლივერპულმა“ პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გაუშვა, მაგრამ VAR-მა თამაშგარე მდგომარეობა გამოავლინა და ბურთი არ ჩაითვალა. 

ამიტომ „ლივერპულმა“ მეორე ნახევარში მეტოქისთვის შეტევების მოწყობის და გოლის გატანის ყოველგვარი შესაძლებლობის აღმოფხვრა დაისახა მიზნად და ამას მიაღწია კიდეც, გაიმარჯვა რა პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით.  

აღსანიშნავია, რომ „ვულვერჰემპტონს“ ამ მატჩამდე, 10 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში – „ლესტერთან“ ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, გოლის გარეშე მოედანი ერთხელაც არ დაუტოვებია. 

ამგვარად, კლოპმა მეორე ტაიმში სტრატეგია სწორედ მოწინააღმდეგის ძლიერი მხარის – შემტევი რესურსის დასუსტების მიმართულებით წარმართა.

შეიძლება სანახაობრივი თვალსაზრისით გუნდს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, სამაგიეროდ  მან შესანიშნავი რეპეტიცია გაიარა ჩემპიონთა ლიგის სამომავლო თამაშის წინ, სადაც „ატლეტიკოს“ აუცილებლად დასჭირდება „ლივერპულის“ კარში გოლის გატანა. 

„ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ტრიუმფატორი, რა თქმა უნდა, ფავორიტის რანგშია, მაგრამ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში ტურნირის ორგზის ფინალისტთან მერსისაიდელებს ურთულესი მატჩები რომ ელით, ახლავე ცნობილია.

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი წრე კიდევ უფრო შეიზღუდება და „ბარსელონას“ მიერ „ნაპოლის“ ძლევის გათვალისწინებით, ესპანურ კლუბთან შარშანდელი დაპირისპირების განმეორების ალბათობაც გაიზრდება. 

შარშან „ლივერპული“ სწორედ „ბარსელონასთან“ დაპირისპირებაში გამოიწრთო, როდესაც ბეწვის ხიდზე გაიარა, მოახდინა რა სასწაული და შინ „ენფილდზე“ მეტოქის სამბურთიანი უპირატესობა თავისთვის სასარგებლო 4:0-ად აქცია.

„ლივერპულის“ ამჟამინდელი უპირატესობა კი ევროპის ნებისმიერ სხვა გრანდთან შედარებით მის სტაბილურობაში გამოიხატება.

ამ თვალსაზრისით მერსისაიდელებს ყველაზე მეტად „იუვენტუსი“ უახლოვდება, თუმცა ტურინულ კლუბს სერია A-ში აშკარა უპირატესობით მოუგო „ლაციომ“, „ლივერპულთან“ კი სათამაშო უპირატესობის მიღწევა თითქოს შეუძლებელი ჩანს. 

„პარი სენ-ჟერმენი“ კი საფრანგეთის ჩემპიონატში იმდენად გამორჩეული გუნდია, რომ თავს ზოგჯერ განტვირთვის უფლებასაც აძლევს ხოლმე. ამგვარად, მისი რეალური მდგომარეობის შეფასება ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე შეუძლებელია. 

მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოხდა „ნაპოლის“ წინააღმდეგ.

მაგრამ ამ მარცხის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეზონის დასაწყისში პრემიერლიგაში აუცილებელი იყო ქულების დაგროვება და ამ მიზნით „ნაპოლისთან“ წაგებიდან 4 დღეში „ლივერპულმა“ „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსი“ დაამარცხა. ორივე ფრონტზე თავის შეკვლისთვის კი იმ დროისთვის „ლივერპული“ ეტყობა, ჯერ ფიზიკურად მზად არ იყო.

ამ მხრივ წინსვლა კი გუნდს წინ ჰქონდა და მაყურებელიც თამაშიდან თამაშამდე შეიგრძნობს იმ საოცარ მონოლითურობას და სიმძლავრეს, რაც „ლივერპულს“ ნებისმიერ სხვა მეტოქისგან გამოარჩევს.

ასეთი გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რა თქმა უნდა, სტაბილურია, თუმცა დრო და დრო იქ ახალი სახეებიც ჩნდებიან ხოლმე.

გამუდმებული როტაცია კი ხელს უწყობს „ლივერპულის“ პროგრესს. 

დაცვის გამოხატული ლიდერი, ჰოლანდიელი ვირჯილ ვან დაიკია, ნახევარდაცვაში მისი ყველგანმყოფი თანამემამულე ვიინალდუმი გამოირჩევა. შემტევი ტრიო სალაჰი-მანე-ფირმინო კი განსაკუთრებით ეფექტურს ხდის იურგენ კლოპის შემოთავაზებულ სანახაობრივ ფეხბურთს.

სწორედ თითოეული რგოლის თანაბარი სიძლიერე და თამაშის ნებისმიერ სიტუაციაში გადაწყობის უნარი წარმოაჩენს „ლივერპულს“ სტაბილურად ძლიერ გუნდად.

მაგრამ იყო დრო, როდესაც „რეალის“ წინააღმდეგ ჩეპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში სალაჰის ტრავმამ  მერსისაიდელთა სრული დემორალიზაცია გამოიწვია. 

დღესდღეობით კი „ლივერპულში“გუნდურმა თამაშმა უკვე უმაღლეს დონეს მიაღწია. „რეალი“ ამას ესწრაფვის, „ბარსელონას“ კი მესი ჰყავს…

ასე რომ, „ლივერპულის“ რეალურ ძალას მაყურებელი ჩემპიონთა ლიგაზე იხილავს, პრემიერლიგაში მის გამარჯვებაში კი ეჭვი უკვე თვით პეპ გვარდიოლასაც აღარ შეაქვს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.