ჩინეთის ახალი კულტურული ცენტრი არქიტექტორ ზაჰა ჰადიდის შესრულებით
ავტორი: Stefanie Waldek
ფოტოგრაფი: Virgile Simon Bertrand
კიდევ ერთი დღე და კიდევ ერთი არქიტექტურული შედევრი ზაჰა ჰადიდისგან. ჩინეთის საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ხუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშაში მდებარეობს. ქალაქში მასშტაბური კაპიტალური რემონტი ხორციელდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 130 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. ამ ყველაფერში ახალი კულტურული ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ტბის სანაპიროზე, 1,2 მილიონი კვადრატული ფუტის სივრცეში განთავსებული ცენტრი აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს (რომელიც თავის მხრივ 8 გალერეას, კაფეს, სამუშაო სივრცეს და სუვენირების მაღაზიას მოიცავს), 1800-ადგილიან თეატრს ხის ინტერიერით და 500-ადგილიან მრავალსართულიან დარბაზს სპეციალური პროექტებისთვის – მოდის შოუებისა და კონცერტებისთვის. აღსანიშნავია ასევე გარე ეზოები, სადაც კერძო ღონისძიებები და გამოფენები გაიმართება.
ზაჰა ჰადიდის ჭეშმარიტი სტილის მიხედვით, ცენტრის თეთრი სტრუქტურა ფუტურისტულ ფორმებს იძენს. შენობის როგორც შიდა, ისე გარეთა მხარეს ლენტის მსგავსი ფორმებია გამოყენებული, რაც საფეხმავლო ბილიკის შთაბეჭდილებას ტოვებს.
თუ უფრო აბსტრაქტულად შევხედავთ, ტალღოვანი ფორმები შესაძლოა, უძველეს სავაჭრო გზებს ასახავდეს, რომლებიც ოდესღაც ჩანშაზე გადიოდა. ცენტრი უფრო თანამედროვე მარშრუტებს – ჩანშას ახალ მეტროსაც უკავშირდება, რომელიც ასევე ქალაქის განვითარების გეგმის ნაწილია.
არქიტექტურული კომპლექსი გასულ კვირას MOTSE-ის დებიუტი გამოფენით – Flowing Eternity-ით გაიხსნა. MOTSE შენჯენის ხელოვანთა და მეცნიერთა გაერთიანებაა, რომლებიც ტექნოლოგიის, მედიის, ხელოვნების გამოყენებით იკვლევენ და განიხილავენ თანამედროვე კულტურასა და საზოგადოებას.