ლონდონის თითო “ხელოვნური ხე” იმდენივე დაბინძურებულ ჰაერს ფილტრავს, რამდენსაც 275 ნამდვილი ხე
თანდათანობით მსოფლიო უფრო მეტად ათვითცნობიერებს კლიმატური ცვლილებითა და ჰაერის დაბინძურებით წარმოქმნილ პრობლემებს და ლონდონსაც ამ ყველაფერში თავისი წვლილი შეაქვს. ნულოვანი ემისიის მქონე ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურების მშთანთქავი მზის პანელებისა და ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკის მქონე რესტორნების ტენდენციის შემდეგ, დედაქალაქმა City Tree-ს სახელით ცნობილი სამი სტრუქტურა განათავსა, რომლებიც ჰაერს ნახშირორჟანგისგან ფილტრავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს “ხელოვნური ხეები” მთლად ხეები არაა. ისინი სინამდვილეში სხვადასხვა სახის ხავსით დაფარული კოშკურებია, რომლებიც ჰაერში არსებულ აზოტსა და მყარ ნაწილაკებს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ. City Tree-ებს საკუთარი მორწყვისა და ენერგომომარაგების სისტემები აქვთ, რაც მათ მუშაობას ნებისმიერ ამინდში უზრუნველყოფს. “ხელოვნური ხეები” ასევე აგროვებენ მონაცემებს გარემოში მიმდინარე პროცესებზე, რაც შემდგომში მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის გამოიყენება.
City Tree-ს ავტორების მტკიცებით, თითოეულ ასეთ “ხავსის კოშკურას” 275 ბუნებრივი ხის ეკვივალენტის ჰაერის გამწმენდი პოტენციალი გააჩნია, განსაკუთრებით მძიმედ დაბინძურებულ ისეთ ადგილებში, სადაც ამ რაოდენობის ხის დარგვა შეუძლებელია. “ხელოვნური ხეების” სხვა უპირატესობა ისაა, რომ ხავსის მიერ ტენის დიდი რაოდენობით ათვისების გამო ზაფხულში მათ გარშემო მეტი სიგრილე იგრძნობა.
City Tree-ს ნახვა ლონდონში Leytonstone-ის სადგურთან, Leytonstone High Road-სა და Crownfield Road-თან შეიძლება – ეს ორი უკანასკნელი დაბინძურების ეპიცენტრებადაა მიჩნეული.
ეს არაა ლონდონში City Tree-ების გამოჩენის პირველი შემთხვევა. 2018 წელს მათი საცდელი ვარიანტი ვესტ ენდში რამდენიმე თვით დადგეს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში დამონტაჟებულ ხეებს, ისინი ამ ეტაპზე მუდმივ სტრუქტურებად ითვლება და იმედია ხელს შეუწყობს ქალაქში უფრო სუფთა და მწვანე გარემოს შექმნას.
უფრო მეტი City Tree-ების – “ხელოვნური ხეების” შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ვებგვერდიდან.