fbpx

მინისტრი მეცნიერების წინააღმდეგ


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ჯაბა ზარქუა

 

ამ ისტორიაშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა ისტორიაში, ყველაფერი ძველი ბერძნებიდან იწყება, რომლებსაც ჰყავდათ ბევრი ღმერთი და ქალღმერთი. ერთ-ერთი იყო პანაცეა. პანაცეა გახლდათ ასკლეპიოსისა და ეპიონეს ქალიშვილი და ბერძნული მითოლოგიის მიხედვით  ისეთ სამკურნალო საშუალებას ფლობდა, რომელიც ყველაფერს კურნავდა. მართალი გითხრათ, ძველი ბერძნული მითოლოგია დიდად არასდროს მიტაცებდა და რომ არა ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი, პანაცეა და უნივერსალური ჯანდაცვა როდის გამახსენდებოდა, ღმერთმა უწყის. 

ქალბატონმა მინისტრმა გრიპის სეზონის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან აღნიშნულ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის ჩასაქრობად:

„ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე, შესაბამისად, ამისათვის არ არის საჭირო ზედმეტი აქცენტების გაკეთება. გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში და ჩვენც როგორმე გადავიტანთ ამ ვირუსს“. არ ვიცი, მას რამდენად გამოუვიდა ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჟურნალისტების დამშვიდება, მაგრამ მე, როგორც მედიცინის რიგითი მსახური, დიდად ამაღელვა ამ ფრაზებმა და ტონალობამ. 

მოდი, არ ვიდავოთ იმაზე, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა გრიპის ვირუსის ვაქცინაცია, ან თუ უნდა იყოს, ყველა მოქალაქე უნდა ავცრათ სავალდებულო წესით თუ მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფები. კამათი ამ თემაზე სრულიად ლეგიტიმურია. ყველა მოსაზრებას გააჩნია თავისი არგუმენტი და თავისი სიმართლე და რაც მთავარია – ყველა მოსაზრება გაზომვადი და დათვლადია. მე პირადად, ვემხრობი გრიპის სავალდებულო ვაქცინაციას მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებისათვის, რომლებსაც პირდაპირ სასიცოცხლო საფრთხეები ემუქრებათ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, თუმცა ამ თემაზე აქვე შევწყვიტოთ დისკუსია და უფრო მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ. 

უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მინისტრი თავისი ამ სასხვათაშორისო რიტორიკით ანტივაქსერების (ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები) რიცხვში ჩაეწერა დამსახურებულად.

განა მეტი რა უნდა ეთქვა უმაღლესი თანამდებობის პირს, მართლა პირდაპირ ხომ არ იტყოდა, ნუ აიცრითო, უბრალოდ მიგვანიშნა, პოლიტკორექტულად და გაკვრით, თანამდებობის შესაბამისად. აკი მის ამ გამონათქვამს შემდეგ უკვე სხვადასხვა ჰომეოპათიური და გაუგებარი „საზოგადოებების“ გვერდებზეც წავაწყდი, სადაც ჟივილ-ხივილით გვაუწყებდნენ, რომ, როგორც იქნა, გვეღირსა გამბედავი მინისტრი, რომელიც ვაჟკაცურად დაუპირისპირდა „ფარმამაფიას“ და „სამედიცინო ელიტასო“. რამდენნაირი ჯანდაცვის მინისტრი არ ჰყოლია ამ ქვეყანას, მაგრამ მთლად ასე მედიცინის მოწინააღმდეგეების ფავორიტი, მგონი – პირველად. 

ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი არათუ კითხვებს უნდა აჩენდეს სხვადასხვა დაავადებების მეცნიერულად დამტკიცებული პრევენციული ღონისძიებების მიმართ, არამედ ან ფართოდ უნდა ნერგავდეს ქვეყანაში,

ან თუ ვერ ნერგავს სახსრების არქონის გამო – ხელს მაინც არ უნდა უშლიდეს, პოპულარიზაციას მაინც უნდა უწევდეს, რეკომენდატორის როლს მაინც უნდა ითავსებდეს. ამ მიდგომის მიზეზი მარტივია – განა რომელ ქვეყანაშია „სასურველი“ ადამიანის ცუდად გახდომა, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემაც შეზღუდულია და მედიცინას ბევრი საშუალება არ გააჩნია ადამიანის დასახმარებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველაფერი ვიღონოთ, რათა ადამიანს რაიმე დაავადება საერთოდ არ დაემართოს, ვიდრე დაემართოს და მის გართულებებთან ბრძოლა გახდეს საჭირო. გართულებულ დაავადებასთან ბრძოლა ხომ შეუდარებლად უფრო ხარჯიანი და ამავდროულად ნაკლებეფექტურია, ვიდრე დაავადების პრევენციაში დახარჯული ძალ-ღონე! ან კი რა მაღალ მატერიებზე და ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, როცა ყოველ სეზონზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების კრიზისი იქმნება ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზის გამო და ბრიგადა ვერ მიდის პაციენტთან დროულად. ასეთ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინის შესახებ ეჭვებს აღვივებდეს კი არა, მართლა ასკლეპიოსს უნდა ევედრებოდეს, რომ ადამიანი ავად არ გახდეს და სასწრაფოს გამოძახება არ დასჭირდეს.

ვიცი, რომ ამ ფრაზების კითხვისას ბევრი თქვენგანი უკმაყოფილოდ ჩაიქნევს თავს და გაიფიქრებს: „ეეეჰ, ეს მინისტრი კი გასაგებია, მაგრამ აცრა აბა რა გარანტიაა, რომ ცუდად არ გავხდებიო“. რა თქმა უნდა, არ არის გარანტია და, კი ბატონო, არც პანაცეაა. რა თქმა უნდა, ვაქცინირებულ ადამიანსაც შეიძლება შეხვდეს გრიპის ვირუსი და რა თქმა უნდა, პრევენციის იდეალური და ყველაზე დახვეწილი საშუალება დღეს არსებული ვაქცინა არ არის, თუმცა რაცაა ეგაა, დღეს არსებულ პრევენციულ საშუალებებში საუკეთესოა და ხვალ ცხადია, უკეთესი შეიქმნება, ზეგ კიდევ უფრო უკეთესი და მაზეგ ვინძლო, მართლა პანაცეასაც მიაგნოს მეცნიერებამ.

განა აზრიანია დღეს არსებული სამედიცინო საშუალებების გამოყენებაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ ხვალ უკეთესს შემოგვთავაზებს მედიცინა?

ხვალ ყოველთვის უკეთესი იქნება, მაგრამ ხვალამდე მისაღწევად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ დღეს ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით.

შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯანდაცვის მინისტრის სიტყვაც რომ სახიფათო შეიძლება გახდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მთლად ჩინოვნიკების იმედად ნუ იქნებით. ვინ იცის, ამ გაქანებით ვაქცინების ნაცვლად საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ნივრის ყელსაბამები დაგვირიგონ გრიპის პრევენციისთვის. გახსოვდეთ, რომ ვაქცინა ამ დაავადების თავიდან არიდებისთვის უპირველესი ღონისძიებაა და თუ არ გცრიან – აიცერით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.