fbpx

ფოტორეპორტიორი ქალი, რომელსაც იტალიელი მაფიოზები ვერ იტანდნენ


გააზიარე სტატია


2019 წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები იყო კიმ ლონგინოტოს დოკუმენტური ფილმი „მაფიის გადაღება“, რომლის მთავარი გმირიც იტალიელი ფოტოგრაფი ქალი ლეტიცია ბატალიაა. ფილმი ფოტოგრაფის თვალით დანახულ 70-80-იანი წლების სიცილიას,  მაფიის სისასტიკეს, ოჯახებს შორის სისხლიან გარჩევებს და პალერმოს პატრიარქალურ-ფეოდალური ცხოვრების წესს ასახავს. 

„ფილმი და ლეტიციას ფოტოგრაფია ჰოლივუდისთვის გაცემული პასუხია, რომელიც მაფიოზების რომანტიზებას ახდენს. ისინი თავს „ღირსების ადამიანებს“ ეძახდნენ, მაგრამ არაფერია ღირსეული იმაში, რასაც სჩადიოდნენ. კლავდნენ ახალგაზრდა აქტივისტებს, პროფკავშირის წევრებს, უბრალო, მშრომელ და ნამდვილად ღირსებით სავსე ადამიანებს, რომლებიც კორუმპირებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ“, – ამბობს რეჟისორი კიმ ლონგინოტო.

 

 

ლეტიცია ბატალიამ სიცილიის ყოფის ფოტოგრაფირება 40 წლის ასაკში დაიწყო, როცა პალერმოს გაზეთის, L’Ora-ს ფოტოჟურნალისტი გახდა. 70-იანი წლების პირველი ნახევრიდან კუნძულზე სრული კონტროლის დასამყარებლად კორლეონის კლანი გააქტიურდა. გვარებს შორის ომები ორ ათწლეულს გაგრძელდა, რასაც ასეულობით მაფიოზი, პროკურორი, პოლიტიკოსი, სამართალდამცავი და უბრალო მოქალაქე შეეწირა. მოსახლეობა კი დანაშაულის ქრონიკას ყოველდღიურად გაზეთ L’Ora-დან ბატალიას ფოტორეპორტაჟებით იგებდა. 

„პოლიციაში ინფორმატორები მყავდა, ამიტომ შემთხვევის ადგილზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, პირველი ვცხადდებოდი. დროთა განმავლობაში ჩემი ფოტოები მაფიის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა ერთგვარ მტკიცებულებად იქცა. ძალიან მეშინოდა, ვაღიარებ“, – ამბობს ფოტოგრაფი. 

ლეტიციას შიშის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. მას ქუჩაში თავს ესხმოდნენ და კამერას უმტვრევდნენ, ემუქრებოდნენ ტელეფონით, უგზავნიდნენ ანონიმურ წერილებს, მშობლიური ქალაქის – პალერმოს დატოვებას ურჩევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ განაჩენი გამოტანილი იყო. თუმცა, ფოტოგრაფიის ენით, მაინც ჯიუტად აგრძელებდა მაფიის მხილებას. 

იტალიელი ფოტოგრაფი იმ განწყობასაც იხსენებს, რაც  მაშინდელ სიცილიაში სუფევდა. 80-იანი წლებში მეგობრებთან ერთად სოფელ კორლეონეში ჩავიდა და თავისი ნამუშევრების იმპროვიზებული  გამოფენა ქუჩებში მოაწყო. მან სიცილიელებს ის მწარე რეალობა, ჯოჯოხეთი დაანახვა, რომელშიც ცხოვრობდნენ. „შიში იმდენად დიდი იყო, რომ მოსახლეობა ფოტოებთან ახლოს მისვლას და სიტყვა „მაფიის“ ხმამაღლა წარმოთქმასაც ვერ ბედავდა“, – იხსენებს ბატალია. 

მიუხედავად მაფიის შეუზღუდავი გავლენისა და ძალაუფლებისა, ფოტოგრაფის საქმიანობა „კოზა ნოსტრაზე“ ზეწოლას მაინც ახდენდა. მაგალითად, ერთმა ფოტომ დაამტკიცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯულიო ანდრეოტის კავშირები ორგანიზებულ დანაშაულებრივ სინდიკატებთან. მასზე პოლიტიკოსი ცნობილ მაფიოზთან, ნინო სალვოსთან ერთადაა ასახული, რომელთან ნაცნობობასაც კატეგორიულად უარყოფდა. 

ლეტიცია ბატალიას ისტორია იტალიის უახლესი ისტორიაა, რომელიც ტკივილითა და პოეტურობით სავსე გამოსახულებებითაა გადმოცემული. მისი ნამუშევრები მაფიის ერთგვარი გასამართლების და დათრგუნული მოსახლეობის გათავისუფლების მცდელობა იყო. შესაბამისად, ბატალია ფოტოგრაფი და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტიცაა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.