რატომ არ ეხებიან ხეები ერთმანეთს – “ვარჯის სიმორცხვის” ფენომენი
Crown shyness – (“ვარჯის სიმორცხვე“) – ასე მოიხსენიებენ ფენომენს, როცა ზრდასრული ხეების ვარჯები (ხის ქოჩორი, ტოტების ერთობლიობა) ერთმანეთს არ ეხებიან და ერთმანეთს შორის სიმეტრიულ სივრცულ არხებს ქმნიან.
პირველად, აღნიშნული ფენომენი სამეცნიერო სახელმძღვანელოებში 1920 წელს აღწერეს. თავიდან მიიჩნეოდა, რომ ამგვარი „ქცევა“ მხოლოდ ერთი ჯიშის ხეებს ახასიათებდათ, თუმცა მოგვიანებით, „ვარჯის სიმორცხვე“ განსხვავებულ სახეობებშიც დაფიქსირდა.
დღესდღეობით არ არსებობს ერთიანი მეცნიერული კონსენსუსი ამ ფენომენის ასახსნელად. ერთი ვერსიით, ძლიერი ქარის დროს, მაღალი ხეები ამგვარად იცავენ თავს ერთმანეთთან შეჯახებისგან.
არსებობს მოსაზრება, რომ „ვარჯის სიმორცხვე“ მრავალწლოვან მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სჭირდებათ. 1977 წელს მალაიზიელმა მეცნიერმა ფრენსის ინმა Dryobalanops aromatica გამოიკვლია და დაასკვნა, რომ ხის კრონა (ზედა ნაწილი) მზის შუქისადმი ძალიან მგრძნობიარეა და სხვა მცენარესთან მიახლოებისას ტოტები ზრდას წყვეტენ.
თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თეორია თავდაცვის ინსტინქტს უკავშირდება. „ვარჯის სიმორცხვე“ ხიდან ხეზე მავნებელი, პარაზიტი მწერების გავრცელების პრევენციაა.