დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბაკურციხეში კორონავირუსის გავრცელებას უარყოფს
12 დღის წინ ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას, რომელსაც ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ გამოუვლინდა – განუცხადა პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ. კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს ავადმყოფს, ამ ეტაპზე უცნობია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.
იმნაძის განცხადებით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ პერიოდში ჩამოვიდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა არ არის მძიმე.
კახეთის ერთ-ერთ სოფელში ჩინეთიდან ჩამოსული გოგონასთვის ვირუსული ინფექციის ნიშნების გამოვლინების შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.