fbpx

ჩინური ტყუილის საფასური და ჩერნობილის სინდრომი


გააზიარე სტატია

ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი

 

HBO-ს მინისერიალის, „ჩერნობილის“ პირველი სერია ყველაზე მეტად მიყვარს – მთელი კომუნისტური ბიუროკრატიის, მათი ფუნქციონირების ჩუმი, ნომენკლატურული ჭიდილებისა და აურაცხელი ტყუილების ჯაჭვური რეაქციის გამო. სრულიად ცხად ავარიას ცვლაში მყოფი მთავარი ინჟინრის მოადგილე ვერ, უფრო კი არ იჯერებს. იგივე პოზიციაზე არიან ატომური ელექტროსადგურის მთავარი ინჟინერიც და დირექტორიც. მოვლენების ზემდგომთათვის ასახსნელად ისინი არაზუსტ მონაცემებს იშველიებენ და საბოლოოდ მათი შეცდომაში შემყვანი დასკვნა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მაგიდაზე აღმოჩნდება.  

ქალაქ ვუჰანში აფეთქებული კორონავირუსის ეპიდემია უნიკალურია – აქამდე მსგავსი რამ ადამიანს არ ენახა. ამჟამად ამ დიდი გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიოს მეცნიერები დგანან – ისტორიაში პირველად, სრულიად უცხო ვირუსს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიითა და ცოდნით უნდა სძლიონ. ეს კი მარტივი პროცესი არ იქნება – ჩინეთის მთავრობის კურსის გათვალისწინებით, ამის სათქმელად უკვე ყველა წინაპირობაა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კომუნისტური პარტია და მისი ლიდერი სი ძინპინი მართავენ. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩინეთში ე.წ. დანაწევრებული ავტორიტარული მმართველობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პროვინციის ხელმძღვანელები ლამის  შეუზღუდავი ძალაუფლებებით სარგებლობენ და პატარა პრობლემების გამო დედაქალაქს არ აწუხებენ. 

თავის მხრივ ჩინეთის პრეზიდენტმა ისედაც ცენტრალიზირებული მმართველობა სრულად დაიქვემდებარა და მარტივი მისახვედრია, რომ როცა საქმე მის ყურამდე მიდის, ე.ი. ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, რისი გადაჭრაც ადგილობრივი  ხელმძღვანელის ძალებს აღემატება. 

შესაბამისად, მმართველ პარტიაში ინფორმაციათა საფეხურებრივი ცვლა ხშირად საერთოდ არ ხდება – თანამშრომლები უფროსებთან სიჩუმეს ამჯობინებენ და კატასტროფის შემთხვევაში უმალ დამნაშავის ძიებას იწყებენ. ამიტომაცაა, რომ ლოკალური რეგიონული პრობლემები დედაქალაქისთვის ზოგჯერ სრულიად უცხოა და პერიფერია-ცენტრს შორის მუდმივი  ამოუთქმელი დაძაბულობაა.

როდესაც 5 იანვარს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში არსებულ უცნობ პნევმონიაზე  პირველი განცხადება გააკეთა, ბევრისთვის ეს უკვე განგაშის ზარი იყო – 2002 წელს ჩინეთში აღმოცენებული მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემია მალევე გლობალურ მასშტაბებში გადაიზარდა. 

ამის მიზეზი სუბორდინაციის ჩინური გაგება გახლდათ – ზემდგომი რგოლისათვის ცუდი ინფორმაციის მიწოდებისთვის შესაძლოა დაქვემდებარებული არაეფექტიანი მუშაობის გამო დაისაჯოს. სწორედ ამის შიშით  2002 წელს დაბალი რანგის კომუნისტმა ჩინოვნიკებმა დაავადების შესახებ ინფორმაცია დამალეს. ამიტომაც, ვირუსი მალევე 37 ქვეყანაში გავრცელდა. საბოლოო შედეგი მძიმე გამოდგა – დაინფიცირდა 8 000-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 774. ყველაზე მთავარი: შეიბღალა ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაცია და მისმა ეკონომიკამ შემდგომ 6 თვეში 40 მილიარდი დოლარით იზარალა.

წარსულის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, სამეცნიერო წრეები მათთვის მისაღებ, აკადემიურ ნაშრომს ელოდნენ და ჩინეთის მთავრობის განცხადებების მიმართ სრულიად მოსალოდნელი ეჭვით იყვნენ განწყობილნი. ეს დამღლელი მოლოდინი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ჟურნალში „The Lancet“ გამოქვეყნდა  სტატია, რომელთა ავტორებიც ვუჰანში მომუშავე ჩინელი მეცნიერები და ექიმები არიან. ვრცელი ნაშრომიდან ამოკითხულ ძალზე საყურადღებო ფაქტებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

  • ინფიცირების პირველი შემთხვევა 1 დეკემბერს ფიქსირდება – პაციენტს თევზის ბაზართან კავშირი არ ჰქონია
  • საერთოდაც, თავდაპირველად დაავადებულთა მესამედზე მეტს თევზის ბაზართან კავშირი არ ჰქონია
  • ადამიანიდან-ადამიანზე ვირუსის გადადების პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 2 იანვრისთვის უკვე ცნობილი იყო – ჩინეთმა ვირუსის ადამიანიდან-ადამიანზე გავრცელების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 20 იანვარს გაავრცელა
  • თავდაპირველად დაავადებულთა ნახევრის ასაკი 64 წელზე ქვემოთ იყო – ჩინეთის მთავრობა თავიდანვე ხაზს უსვამდა, რომ დაავადებულთა უმრავლესობა მოხუცი იყო და მათ ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აწუხებდათ.

ამგვარი ფაქტობრივი აცდენების მიზეზი, შესაძლოა, ამათგან რომელიმე  (ან სულაც რამდენიმე) იყოს:

  • ვუჰანში კლინიკური შემთხვევების ერთანეთთან დაკავშირება გაძნელდა, რის გამოც ვირუსის შესახებ დროული, ერთიანი წარმოდგენა ვერ შეიქმნა
  • კომუნისტური ბიუროკრატია – ოფიციალური ინფორმაცია სამთავრობო რგოლებს შორის ნელა, დამახინჯებულად და ხარვეზებით მოძრაობს
  • ჩინეთი კვლავ ცდილობდა ეპიდემია მიეჩქმალა – 2002 წელს SARS-ის ეპიდაფეთქება ამის მკაფიო მაგალითია.

 

 

რატომ განსხვავდება ჩინელი მეცნიერების მონაცემები მათი მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან?

იმიტომ, რომ ჩინეთმა საკუთარი სისუსტე სხვებს არ უნდა აჩვენოს. სუპერ-სახელმწიფოებისათვის  მეცნიერება ბრძოლის იარაღია, ხოლო ყველანაირი აღმოჩენა იდეოლოგიური ხასიათის მატარებელია. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარაა, რომ ჩინეთი ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ზრდის მეცნიერებაში ჩადებულ ხარჯებს და ამ მაჩვენებლით იგი უკვე აშშ-ს ეწევა. 

საწყის ეტაპზე მთავრობა დაავადების შესახებ პირველად მონაცემებს მალავდა ან მისთვის სასარგებლო ტყუილში ფუთავდა. თუმცა, როდესაც საღმა აზრმა კომუნისტურ პროპაგანდაზე იმძლავრა და ამას საერთაშორისო საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლაც დაემატა,  მმართველ პარტიას სხვა გზა აღარ დარჩა – ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ამის შედეგია, რომ მთელი მსოფლიოს წამყვანი ლაბორატორიები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შექმნილი პრობლემის დასაძლევად და პროგრესიც სახეზეა –  AI ეპიდემიოლოგი შესაშური სიზუსტით წინასწარმეტყველებს ეპიდაფეთქებების ადგილებს, ხოლო ავსტრალიაში კორონავირუსი ლაბორატორიულ პირობებში გამოზარდეს, რაც მის კვლევას მეცნიერთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ 2002 წლის ეპიდემიასთან შედარებით ჩინეთის მთავრობის ნაბიჯები სწრაფი და უკომპრომისო იყო. ფაქტია, პირველადი ჯანდაცვის რგოლები ეფექტიანად მოქმედებენ, თუ მათ სამთავრობო ზეწოლას მოაშორებენ. ახლა კი ჩინეთის მთავრობას სხვა გზა აღარ დარჩენია – ეტაპობრივად, ასე ირიბად მოუწევს ინფორმაციის დამალვის აღიარება. 

20 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ოფიციალური წერილის საშუალებით პროვინციის ხელმძღვანელებს  მოუწოდა, რომ ადამიანთა სიცოცხლე ყველაფერზე წინ დაეყენებინათ – თუ მის განცხადებამდე მხოლოდ 41 შემთხვევა იყო დადასტურებული, მისი განცხადებიდან  9 დღის შემდეგ დაინფიცირებულთა ოფიციალური რიცხვი უკვე 6000-ს აჭარბებს.

„ჩერნობილის“ ფინალურ სცენას სერიალის მთავარი გმირის, ვალერი ლეგასოვის სიტყვები გასდევს ფონად: „იყო მეცნიერი ნიშნავს, იყო გულუბრყვილო. ისეთი მონდომებულები ვართ სიმართლის საპოვნელად, რომ ვერ ვხდებით, თუ რა ცოტა ადამიანს სურს მისი მოსმენა. მაგრამ ის ყოველთვის სადღაც იქვეა, მიუხედავად იმისა, ვხედავთ მას ჩვენ თუ ვერა. სიმართლეს არ აინტერესებს ჩვენი მოთხოვნილებები და სურვილები, მას არ აინტერესებს სახელმწიფო, იდეოლოგია და რელიგია. ის მუდმივად იარსებებს და ეს ჩერნობილის საჩუქარია. ოდესღაც სიმართლის თქმის საფასურის მეშინოდა, ახლა კი ერთი კითხვა მაქვს: რა არის ტყუილის საფასური?”

 

P.S. ჩინეთის სამთავრობო სტრუქტურების მოწყობასა და ცენტრი-პერიფერიის ურთიერთობის ახსნისთვის განსაკუთრებული მადლობა  თათული „თაჯა“ ჯანჯღავას.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.