ფრანგმა მზარეულმა პირველი ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო გამოსცა
27 წლის ფრანგმა მზარეულმა გოთიე ჰენმა შეადგინა და გამოსცა პირველი ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბრო, რომლის ყიდვაც ამაზონზეა შესაძლებელი.
გოთიე ჰენი, რომელიც საქართველოში სამი წლის განმავლობაში მზარეულად მუშაობდა, უცხო ენებით, განსაკუთრებით კი იშვიათი ძველი ენებითაა დაინტერესებული. საქართველოში ყოფნისას მას გაუჩნდა მეგრულის შესწავლის სურვილი, მაგრამ გაუჭირდა შესაბამისი წიგნის ან სახელმძღვანელოს მოძებნა. ამიტომ გადაწყვიტა თავად შეედგინა ისეთი სასაუბრო, რომელიც დაეხმარებოდა სწავლის პროცესში და თან მომავალში იმ ადამიანებსაც გამოადგებოდა, ვისაც მის მსგავსად მეგრულის შესწავლა აინტერესებთ.
გოთიე ჰენი ამბობს, რომ წიგნის შედგენისას მთავარ სირთულეს მეგრული ენის შესახებ წყაროების მოპოვება წარმოადგენდა, თუმცა საბოლოოდ შეძლო ყველაფრისთვის თავის მობმა და ახალმა გამოცემამ დღის შუქიც იხილა.
როგორც ცნობილია, ესაა პირველი სამენოვანი სასაუბრო ლექსიკონი ინგლისურ-ქართულ-მეგრულ ენებზე. აქამდე გამოსულ წიგნებს შორის ძირითადად გვხვდება ორენოვანი ლექსიკონები – ქართულ-ინგლისური, მეგრულ-ინგლისური.
გოთიე ჰენი მომავალში ქართული ენის შესახებ წიგნის ფრანგულად გამოცემასაც აპირებს.