fbpx

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებლები – ბიომეურნეობა საქართველოში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ჭინჭარაული

ბიომეურნეობა ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ისეთი მეთოდი, რომელიც გულისხმობს პესტიციდების, მინერალური სასუქების, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების, ანტიბიოტიკებისა და ზრდის ჰორმონების გამოყენებაზე უარის თქმას.

ბოლო პერიოდში როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც გაჩნდა მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, შესაბამისად, გამოჩნდნენ მეწარმეები, რომლებსაც ქიმიური ნივთიერებების გარეშე მოჰყავთ მცენარეული თუ ცხოველური ნაწარმი.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება, შესაბამისად, მისი ფასი ჩვეულებრივ ნაწარმზე ძვირია, თუმცა გაცილებით დიდი გემოვნური და სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა.

გთავაზობთ საქართველოში არსებულ ბიომეურნეობებს, რომლებიც სხვადასხვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ამარაგებენ მოსახლეობას. 

 

სამყურა 

“სამყურა” ნიკა ბაგალიშილის მიერ წნორში მოყვანილი ბოსტნეულია. თავიდან ნიკას მხოლოდ ლობიო “თირკმელა” მოჰყავდა წნორში, რის გამოც 2018 წელს “წლის ფერმერის” ნომინაციაში გაიმარჯვა. ამის შემდეგ მეურნეობა გააფართოვა და ახლა ლობიოსთან ერთად მოჰყავს ბროკოლი, წიწაკა, მუხუდო, პამიდორი…

ნიკას პროდუქტის შეკვეთა ონლაინ, ფეისბუქის საშუალებით შეიძლება. წნორში დაკრეფილი ბოსტნეული იმავე დღეს ჩამოაქვს თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ყიდის. 

 

Green Houses Lisi Lake 

ამ ადგილის გასაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანული, ჯანსაღი პროდუქტი თბილისში მოჰყავთ. ლისის ტბაზე არსებულ სათბურში ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული იზრდება – პამიდორი, ჩერი, მწვანე სალათა, სოკო….

შეძენა შეგიძლიათ ადგილზე – უნდა ესტუმროთ ბიოფერმას, ლისის ტბასთან ახლოს. 

 

ბიომეურნეობა “ფონა” 

2014 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტ სოფელ ფონაში დაარსდა შპს ბიომეურნეობა “ფონა”. მეურნეობა მუშაობს მებოსტნეობის, მეხილეობის, მევენახეობის, მემინდვრეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით. ასევე, აწარმოებენ საკვებს მეცხოველეობისთვის – ბალახს, კომბი-კორმას.

მეურნეობაში საშრობი საწარმოც მუშაობს, სადაც ამზადებენ ჩირს,მცენარეულ ჩაის და აშრობენ ბოსტნეულსაც.

“ფონას” პროდუქციის შეძენა თბილისშიც შეგიძლიათ მაღაზიაში “ნატურპური”.

 

ბარბალე 

“ბარბალე” 2015 წელს შეიქმნა  ორი ქართველი და ორი გერმანელი მეგობრის იდეით. მეურნეობა, რომელიც აწყურში მდებარეობს, ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს – მოჰყავთ ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული კარტოფილი, სიმინდი, ლობიო,  გოგრა და სხვა. აგრეთვე ამზადებენ მცენარეული ჩაის სხვადასხვა სახეობას და აწარმოებენ ნატურალურ თაფლს. “ბარბალეს” შეთავაზებები ჯამში 50-ს აჭარბებს და მოიცავს აგრო-ტურებსა და სამუშაო შეხვედრებს ფერმაში.

“ბარბალეს” სამი ძირითადი ფასეულობა აქვს:

  • ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების       მოყვანა/წარმოება;
  • აგრო-განათლების გაზიარება ადგილობრივებისათვის;
  • აგრო-ტურიზმი. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა საკუთარი მეურნეობისა, დამაარსებლებმა შეძლეს და 2015 წლიდან დღემდე 5 ოჯახი ჩართეს ბიომეთოდებით კულტურის მოყვანაში. ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში მცხოვრები ოჯახები აწარმოებენ ჯანსაღ პროდუქციას, “ბარბალე” კი გაყიდვაში ეხმარება.

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ყოველ კვირას,  ნუცუბიძისა და მარიჯანის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ “ბარბალეს” გარაჟში, 12:00-დან 17:00 საათამდე გამართულ ბაზრობებზე ან შეკვეთით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.