99 ტელეფონით გერმანელმა არტისტმა ბერლინში ვირტუალური საცობი შექმნა
არტისტმა საიმონ ვრეკერტმა ბერლინის ქუჩები პატარა წითელი ურიკით ჩაიარა და ყველგან, სადაც ის მიდიოდა, Google Maps დიდ საცობს აფიქსირებდა. ვინც ამ დროს Google Maps-ს იყენებდა, იმ ქუჩებზე წითლად მონიშნულ მონაკვეთებს ხედავდა იმის მიუხედავად, რომ იქ სინამდვილეში მანქანები საერთოდ არ იყო. ასე კი იმიტომ ხდებოდა, რომ ურიკაში 99 ტელეფონი ეწყო, რომლებიც Google Maps-ის საშუალებით სათითაოდ გადასცემდნენ სიგნალს და ქმნიდნენ ვირტუალურ ილუზიას, რომ ქუჩა მანქანებით იყო სავსე.
“ქუჩაში სმარტფონების ტრანსპორტირებით მე შევძელი ვირტუალური საცობის შექმნა, რის გამოც (ნამდვილ) მანქანებს სისტემა სხვა მარშრუტებზე გადაამისამართებდა,” – განაცხადა ვრეკერტმა ინტერვიუში. “ირონიულია, რომ ამას შეეძლო ქალაქის რომელიმე სხვა წერტილში ნამდვილი საცობი გამოეწვია.”
ვრეკერტის სიტყვებით, მან ეს ინსტალაცია იმისთვის გააკეთა, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, თუ რამხელა სივრცეს იკავებენ ავტომობილები საჯარო ცხოვრებაში, და ასევე იმაზე, თუ რა მონაცემებს ეყრდნობიან ისინი ყოველდღიურად.
“ჩვენ ზედმეტად ფოკუსირებული ვართ მონაცემებზე და მას, როგორც წესი, ობიექტურ მოცემულობად აღვიქვამთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა ბრმა ვიყოთ რეალური პროცესებისადმი, იმ მოსაზრებით, თითქოს მონაცემები ყველაფერს ცხადად გვიჩვენებს. სინამდვილეში როგორც მონაცემების შეგროვება, ასევე მათი გამოთვლის პროცესი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. მონაცემები არ არის რეალობა. ჩვენ გვავიწყდება, რომ ციფრები მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს მოდელს გვთავაზობს.”
თავისი “ტრიუკის გასაკეთებლად” ვრეკერტმა 99 ტელეფონი იქირავა და ინტერნეტიდან გამოიწერა 99 სიმბარათი. არტისტის სიტყვებით, ის ერთ ადგილზე 1-2 საათს ატარებდა, დადიოდა რა წინ და უკან იმისთვის, რომ “საცობი შეექმნა”.
“ჩემი სუბიექტური დაკვირვებით, ასეთი ხანმოკლე დროც კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქში მოძრაობა შეცვალო”, – განაცხადა მან.
ორიგინალი: https://www.vice.com/