fbpx

სან-ფრანცისკოს მთავარ ქუჩაზე კერძო ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა


გააზიარე სტატია

ავტორი: კრისტინ მუსულინი

სან-ფრანცისკოს მერმა ლონდონ ბრიდმა ქალაქის მთავარი ქუჩა – მარკეტ სტრიტი, რომელსაც ის “ქალაქის ხერხემალს” უწოდებს, კერძო ავტომობილებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადა, რომელიც “ადამიანებისთვისაა შექმნილი.”

სან-ფრანცისკოს მუნიციპალური სატრასპორტო სააგენტოს დირექტორის გადაღებული ვიდეო გვიჩვენებს ფეხით მოსიარულეებსა და ველოსიპედისტებს, ქალაქის ქუჩის დაკეტვის დღესვე.

ქალაქის მერმა თავის ბლოგპოსტში დაწერა, რომ  მარკეტ სტრიტზე გაუმჯობესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა – შეიქმნება გამოყოფილი ხაზები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ისევე როგორც სხვადასხვა განახლებები გზაჯვარედინებზე უსაფრთხოების მიზნით. მერის სიტყვებით, ამჟამად მარკეტ სტრიტი გვიჩვენებს “მომავალს, რომელიც ყველასთვის უფრო უსაფრთხო და ეკომეგობრულია.”

გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალვის დამრღვევი მძღოლები 250 დოლარით დაჯარიმდებიან. 

აღსანიშნავია, რომ ქალაქის მთავარი ქუჩის ავტომობილებისთვის გადაკეტვის გეგმა დაახლოებით ათი წლის განმავლობაში მუშავდებოდა. 

ავტოტრანსპორტის აკრძალვის პარალელურად ქალაქის მთავრობა ამჯერად წაახალისებს ფეხით სიარულს, ასევე ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, ჩადებს ინვესტიციას დაცულ ველობილიკებში, გააუმჯობესებს საავტობუსო და ტრამვაის მომსახურებას.

“უკეთესი მარკეტ სტრიტის” გეგმის შეფასებით ყოველდღიურად ქუჩაზე 500 ათასამდე ადამიანი გადაადგილდება, ხოლო პიკის საათში მას 650 ველოსიპედისტი და 200 ავტობუსი კვეთს. გეგმის მიხედვით, მანქანების აკრძალვის შედეგად მარკეტ სტრიტი უნდა გახდეს არა მხოლოდ უკეთესი მარშრუტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, არამედ ასევე “ადგილი, სადაც ადამიანებს ექნებათ გაჩერების, დროის გატარების, მეგობრებთან შეხვედრის, კაფეში ჩამოჯდომისა და სეირნობის სურვილი.”

სან-ფრანცისკოში  უკვე არსებობს მანქანების აკრძალვის გამოცდილება. ქალაქს უკვე აქვს ორი პროგრამა – “კვირა დღის ქუჩები” და “ქუჩები თამაშისთვის”, რომელთა ფარგლებშიც ცალკეულ უბნებში დროებით იკეტება გზის მონაკვეთები იმისთვის, რომ ადამიანებმა, მათ შორის ბავშვებმა და ასაკოვანმა მოქალაქეებმა გართობა და ავტომობილებისგან დასვენება შეძლონ. ამ პროგრამების წარმატებამ უბიძგა ქალაქის მთავრობას იმისკენ, რომ ეფიქრათ ქალაქის მთავარი ქუჩის მანქანებისგან გათავისუფლებაზე. 

სან-ფრანცისკოს მაგალითს სავარაუდოდ, ამერიკის სხვა ქალაქებიც გაიმეორებენ. ნიუ-იორკში, მანჰეტენის მე-14 ქუჩაზე აიკრძალა საავტომობილო მიმოსვლა. ვაშინგტონში ასევე ჯორჯია ავენიუ მანქანებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადდა.. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.