fbpx

თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფი – ანდრეას გურსკი


გააზიარე სტატია

ანდრეას გურსკი – თანამედროვეობის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფოტოგრაფი მსოფლიოში. 

მისი მასშტაბური  ნამუშევრების გამოსაფენად წამყვანი გალერეები ერთმანეთს ეცილებიან, ზოგიერთი ფოტო კი კოლოსალურ თანხად იყიდება. მაგალითად, 2007 წელს უკრაინელმა მილიარდერმა ვიქტორ პინჩუკმა კიევის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისათვის, ფოტო „99 ცენტი“ $3.3 მილიონ დოლარად შეიძინა. 

კარიერის დასაწყისში ანდრეას გურსკი საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ ფოტოგრაფია მას მილიონერად აქცევდა, რადგან პირველ ეტაპზე ფოტოგრაფია მისთვის მხოლოდ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება იყო.

გადავხედოთ ანდრეას გურსკის ბიოგრაფიას და იმ ეტაპებს, რომელიც მან გაიარა.

1955 – დაიბადა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თუმცა, ორი წლის ასაკიდან ოჯახი საცხოვრებლად დასავლეთ გერმანიაში, დიუსელდორფში გადავიდა. მამამისი სარეკლამო ფოტოგრაფი იყო და ფოტოგრაფიის ანა-ბანა სწორედ მან შეასწავლა. 

1977-1981 – გურსკი ქალაქ ესენის უნივერსიტეტში, ე.წ. სუბიექტური ფოტოგრაფიის ჟანრის ფუძემდებლის, ოტტო შტაინერტის კლასში სწავლობდა. მიუხედავად პრესტიჟული განათლებისა, პროფესიით მუშაობა ვერ შეძლო და გარკვეული დრო ტაქსის მძღოლობით ირჩენდა თავს. თანამედროვეობის ცნობილი ფოტოგრაფის, ტომას შტრუტის გაცნობის შემდეგ კი სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. 1980 წელს  გადაიღო თავისი ერთ-ერთი პირველი ფოტო „სახლის გაზქურა“, რომელიც ხშირად ხვდებოდა მისი ადრეული ნამუშევრების სხვადასხვა გამოფენებში. 

„ამ გაზქურაზე საჭმელს ვაკეთებდი, თუმცა, ერთხელაც ისე აღვიქვი, როგორც გამოსახულება.  დღეს ამგვარ ხერხებს ნაკლებად ვიყენებ, თუმცა, ამ ფოტოშივე გამოიკვეთა ჩემი მომავალი ხელწერა: გადაღება მაღალი რაკურსიდან, ბალანსირებული ტონები და ზუსტი კომპოზიცია“, – წერდა ფოტოგრაფი. 

1981-1987 – ანდრეას გურსკიმ დიუსელდორფის აკადემიაში ჩააბარა, სადაც ე.წ. ინდუსტრიული შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ცნობილი ოსტატების – ბერნდ და ჰილლა ბეჰერების  შეგირდი გახდა. ამ პერიოდში შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ადრეული პროექტი „Desk Attendants“ ოფისის მოხელეების თემატიკაზე.

1983-1987 – თუ წინა პერიოდში ანდრეას გურსკის პერსონაჟები ფოტოზე სტატიკურად იყვნენ წარმოდგენილი, მომდევნო წლებში მან ყურადღება გადაიტანა ადამიანების მოძრაობაზე.

1988-1989 – გაიმართა ანდრეას გურსკის პირველი პერსონალური გამოფენა ბერლინის გალერეა  Johnen & Schöttle-ში, რამაც მის ნამუშევრებს საერთაშორისო ცნობადობა და ფოტოგრაფს კი პირველი სერიოზული შემოსავლები მოუტანა. აღნიშნული წარმატება მასწავლებლების – ბერნდ და ჰილლა ბეჰერების შემოქმედების მსოფლიო პოპულარობამ და აქტუალურობამაც განაპირობა.  

ამ პერიოდში გურსკი  გადაწყვეტს მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი მ ფოტოების ზომები და აქცენტი ბუნებაზე გადაიტანოს.

1991 – გურსკი იწყებს ექსპერიმენტს  და ისეთ მაქსიმალურ ფორმატებს იყენებს, რის საშუალებასაც იმ პერიოდის ფოტობეჭდვის  ტექნოლოგია იძლეოდა. ამ მეთოდით გადაიღო Siemens-ის ქარხნის ატმოსფერო, სადაც ადამიანისა და ტექნოლოგიების ერთ სივრცეში თანაარსებობა გადმოსცა. „თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სისწრაფე და გლობალიზაცია ადამიანებს უსახელო არსებებად აქცევს“, – ამბობდა ფოტოგრაფი.

2000 წლიდან ანდრეას გურსკიმ დიდი ზომის ფოტოქაღალდების ერთმანეთთან შეერთება დაიწყო და ამ გზით კიდევ უფრო მასშტაბური, რამდენიმემეტრიანი გამოსახულებების აწყობას შეუდგა. ამასთან ერთად, პირველად თავის საქმიანობაში შემოიტანა გამოსახულებების კომპიუტერული პროგრამებით დამუშავების ელემენტი: აუმჯობესებდა დეტალიზაციას, ცვლიდა ფერების ტონებს, ამატებდა ან აქრობდა სხვადასხვა ობიექტებს.  

2001 წელს ანდრეას გურსკიმ შექმნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოსახულება „რაინი II“, რომელიც ათი წლის თავზე, კრისტის აუქციონზე, ანონიმმა მყიდველმა $4,3 მილიონ დოლარად შეიძინა. სასურველი გამოსახულების – „გაუდაბნოების“ ეფექტის მისაღებად ფოტოგრაფმა ციფრული რეტუშირება გამოიყენა, უკანა პლანიდან წაშალა  ელექტროსადგური და ასევე, მდინარის ნაპირზე მოსეირნე ადამიანი ძაღლით.

ანდრეას გურსკის ფოტოგრაფიული ხელწერის რამდენიმე ელემენტი:

გადაღება მაქსიმალურად მაღალი წერტილიდან. ანდრეას გურსკი ამ მეთოდს „ღმერთის მზერას“ უწოდებს და ხშირად ფოტოს მაღალი მთებიდან, ცათამბჯენებიდან იღებს, სასურველ რაკურსს ვერტმფრენებიდან  და ამწეებიდან ეძებს. როგორც თავად ამბობს, ცდილობს, ისეთი რაკურსი იპოვოს, რომ სხვამ ვერ შეძლოს მსგავსის განმეორება. მაგალითად, 2010 წელს სერია „ოკეანეები“ თანამგზავრიდან მიღებული გამოსახულებებით შექმნა.

ადამიანის ყოფის დოკუმენტალიზაცია. „ფოტოგრაფირებისას საკუთარ თავში მეცნიერ-მკვლევარს ან თუნდაც უცხოპლანეტელს ვაღვიძებ, რომელიც ადამიანს, როგორც პლანეტაზე მცხოვრებ ერთ-ერთ სახეობას, დიდი დისტანციიდან აკვირდება, სწავლობს და ცდილობს გაიგოს მისი ყოფის კონსტრუქცია და განვითარების ლოგიკა“, – ამბობს ფოტოგრაფი.

გამოსახულებების მაღალი რეზოლუცია და დეტალიზაცია. გურსკის გამოსახულებათა ხიბლი მის უმნიშვნელო დეტალებშია, რომლის გარჩევაც დაკვირვებული თვალითაა შესაძლებელი. ზოგიერთ ნამუშევარში სახლების ფანჯრებში შეხედვაც შესაძლებელია, სადაც ინტერიერის შემადგენელ სხვადასხვა ნივთებს აღმოაჩენ. ასეთია მაგალითად, პარიზში გადაღებული ფოტო, სადაც ფოტოგრაფმა შენობის სამი ფასადი გადაიღო და ერთ სიბრტყეზე განათავსა. 

სხვადასხვა კადრის ერთ გამოსახულებაში გაერთიანება. თუ პარიზული შენობის ფოტოში გურსკიმ სამი კადრი გააერთიანა,  სერია „F1 Boxenstopp“ რამდენიმე ათეული მაღალი რეზოლუციის გამოსახულების სინთეზია. 

ფერი. გურსკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამოსახულების ფერის ელემენტს და მეტწილად ერთი ფერის რამდენიმე ტონალობის პრინციპს იყენებს.

დეტალების წაშლა და დამატება. გამოსახულების სხვადასხვა ობიექტების რედაქტირება გურსკის ხელწერის მნიშვნელოვანი ელემენტია. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „99 ცენტი“, სადაც ფოტოგრაფმა ჭერზე პროდუქციის ანარეკლი დაამატა და ე.წ. სარკის ეფექტი შექმნა. 

სივრცე. ანდრეას გურსკის თქმით, ფოტოგრაფს ადგილზე მეტად სივრცე უნდა აინტერესებდეს, რომელიც არ უნდა იყოს ეგზოტიკური ან ესთეტიკურად მომხიბლავი. „სივრცე გენერატორივით ენერგიით უნდა მუხტავდეს მნახველს“, – წერს ფოტოგრაფი. 

ანდრეას გურსკის „ღმერთის თვალით“ დანახული სამყარო:

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.