ხინკლის TOP 12 ადგილი თბილისში – 2020 წლის იანვრის მონაცემებით
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
რა გახსენდებათ პირველი საუკეთესო ქართული კერძების ხსენებაზე? ამ დროს, უმეტესობა ერთ-ერთ პირველს სწორედ ხინკალს დაასახელებთ. მიუხედავად იმისა, რომ მის წარმომავლობას სხვა კულტურისკენაც მივყავართ, ხინკალი ქართული სამზარეულოს Top 5 კერძს შორის აუცილებლად დაიკავებს ადგილს.
ფეისბუქში არაერთი თემატური ჯგუფია, სადაც მომხმარებლები ერთმანეთს გამოცდილებას და რეკომენდაციას უზიარებენ. ასეთი ტიპის ჯგუფებს მიეკუთვნება რეცეპტორი/Receptor და Cafè community. თუ გემრიელი კერძების დაგემოვნება თქვენთვის ცხოვრების ყველაზე მისტიკური მომენტიდან ერთ-ერთია და ახალი შთაბეჭდილებისათვის საუკეთესო ადგილებს ეძებთ, აუცილებლად უნდა გაწევრიანდეთ ამ ჯგუფებში, რადგან არავინ არ იძლევა ისეთ უტყუარ რეკომენდაციებს, როგორც სოციალური ქსელის გურმანი მომხმარებელი.
ზუსტად ამიტომ, სწორედ ამ ჯგუფებში დაწერილი შეფასებები გამოვიყენეთ სტატიაში თავმოყრილი სარეკომენდაციო სიის შესადგენად. აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯგუფებში დაპოსტილი თუ დაკომენტარებული მოსაზრებები არასდროს არის ერთსულოვანი. მაქსიმალურად ზუსტი და სრული სურათისათვის შევეცადეთ ზოგადი შეხედულებების და რჩეული ადგილების პროპორციულად შემაჯამებელი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
მაშ ასე, გთავაზობთ სოციალური ქსელის ქართველი გურმანი მომხმარებლების Top 12 ადგილს, სადაც ხინკლის საჭმელად აუცილებლად უნდა წახვიდეთ, სანამ ცოცხალი ხართ, ან უბრალოდ, სანამ ეს კერძი თქვენს საყვარელ გემოებს შორის არის.
ზოდიაქო/Zodiaqo
„ზოდიაქოს“ ხინკალი გურმანების რეკომენდაციის ერთ-ერთი ლიდერია. რესტორანი თბილისში, ჭანტურიას ქუჩის 6/2 ნომერში მდებარეობს. სოციალურ ქსელების სხვადასხვა ჯგუფში „ზოდიაქოს“ შესახებ უმეტესად დადებითი შეფასებები იწერება.
რესტორნის მენიუ ქართულ სამზარეულოს აერთიანებს, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობით ხინკალი სარგებლობს. იქიდან გამომდინარე, რომ რესტორანი თბილისის ცენტრშია, მას ხშირად სტუმრობენ ტურისტებიც. ტურისტული რეკომენდაციებისათვის განკუთვნილ პლატფორმებზე „ზოდიაქოს“ შესახებ ბევრ კომენტარს შეხვდებით – სასიამოვნო ინტერიერი, მრავალფეროვანი ქართული კერძები და საუკეთესო ხინკალი – სწორედ ასე ახასიათებს ტურისტების უმეტესობა ამ რესტორანს.
აღსანიშნავია, რომ „ზოდიაქოში“ შეძლებთ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის – მათ შორის ნადუღის ხინკალი, რომელიც ამ ადგილის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა. აქვე უნდა აღინიშნოს რამდენიმე ნაკლი, რომელზეც გურმანების ჯგუფში ხშირად საუბრობენ – პირველ რიგში, ეს არის ფასი, სხვადასხვა სახეობის ხინკალს განსხვავებული ფასი აქვს – 95 თეთრიდან 1,45 ლარამდე მერყეობს.
როგორც რეკომენდაციებშია აღნიშნული, შეკვეთა ხშირად ზედმეტად იგვიანებს. რამდენიმე კომენტარში რესტორნის მომსახურების სერვისსაც მკაცრად აკრიტიკებენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც. ასევე ხშირად საუბრობენ ადგილების პრობლემაზე, თუმცა საუკეთესო ხინკლით სახელგანთქმული რესტორანისათვის ეს, ალბათ, ჩვეულებრივი შემთხვევაა.
გარდა ამისა, თუ წასვლა გეზარებათ ან თავისუფალი ადგილები ვერ იპოვეთ, „ზოდიაქოს“ ხინკლის გამოძახების სერვისიც აქვს. „ზოდიაქოს“ შეგიძლიათ კახეთში ყოფნისასაც ესტუმროთ – რესტორნის მეორე ფილიალი თელავში, ქართული უნივერსიტეტის #2-ში მდებარეობს.
Cafe daphna
„არსებობს უგემრიელესი ხინკალი და არსებობს დაფნას ხინკალი” – სწორედ მსგავსი შინაარსის რეკომენდაციებს შეხვდებით სოციალური ქსელის ერთ-ერთ ცნობილ ჯგუფ “რეცეპტორში”. Cafe daphna რუსთაველის 23 ნომერში მდებარეობს. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ რამდენიმე სახეობის ხინკალი – ტრადიციული მთიულური და ქალაქური, ასევე ე.წ. სახლური ხინკალი, რომელიც „დაფნას“ სტუმრების ერთ-ერთი რჩეულია.
მენიუში აღმოაჩენთ დამბალხაჭოს ხინკალსაც. კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი, რაც Cafe daphna-ს უკავშირდება, სამუშაო საათებია – კვირის სამუშაო დღეებში „დაფნა“ ღიაა დღის 12 საათიდან საღამოს 11 საათამდე, პარასკევს და შაბათს კი მთელი ღამის განმავლობაში გიმასპინძლებთ, რაც განსაკუთრებით დიდი კომფორტია, რამდენადაც ბარიდან ან სხვადასხვა გასართობი დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, უმეტეს ქართველს, და არამხოლოდ ქართველს – ქართული სამზარეულოს მოყვარულ ნებისმიერ ტურისტს, პირველი სწორედ ხინკალი ახსენდება.
თბილისში კი სადღეღამისო დაწესებულებები დეფიციტურია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რესტორნის ქსელს, რომელიც არც კარგი კერძებით გამოირჩევა და არც მომსახურების სტანდარტებით. “დაფნას” ხინკლის ფასები 90 თეთრიდან 1,20 ლარამდეა. https://www.facebook.com/cafedaphna
ამო რამე • ხინკალი – Amo Rame • Khinkali
„ამო რამე“ უკვე მრავალი წელია ინგოროყვას 4 ნომერში მდებარეობს. ეს არის არტ-კაფე, სადაც მყუდრო ინტერიერი დაგხვდება. სწორედ ინტერიერიდან გამომდინარე, ხინკლის მენიუში აღმოჩენა თავიდან ბევრი სტუმრის გაკვირვებას იწვევდა. თუმცა, ეს ტრადიცია მალე შეიცვალა და „ამო რამე“ იქცა ადგილად, რომელმაც თბილისში უგემრიელესი ხინკლით გაითქვა სახელი.
„ამო რამეს” ხინკალი იმდენად პოპულარულია, რომ რამდენიმე თვეა ამ სახელწოდებით ცალკე სივრცეც გაიხსნა, სადაც მხოლოდ ხინკლის მენიუა. სივრცე ღიაა დღის 12 საათიდან ღამის 1-ლ საათამდე, ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა. აქ სამი სახის ხინკალს დააგემოვნებთ: ხორცის ხინკალი, ხაჭოს ხინკალი და კარტოფილის ხინკალი. ფასები 1,10 ლარიდან 1,30 ლარამდეა.
Restaurant Pasanauri / რესტორანი ფასანაური
„ფასანაური“ ხინკლის მოყვარულთა კიდევ ერთი რჩეული რესტორანია. ეს რესტორანი იმითაც არის მოსახერხებელი, რომ თბილისში 4 ფილიალი აქვს, რაც ტერიტორიული არჩევანის საშუალებას გაძლევთ. „ფასანაურის რესტორანი“ შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ მისამართებზე: ბარათაშვილის 17/26, გორგასლის 1, ლეონიძის 7/2 და 26 მაისის მოედანი 2. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია და 7 სახეობის ხინკალს აერთიანებს. „ფასანაურის“ ხინკლის ფასი 80 თეთრიდან 95 თეთრამდეა. “ფასანაურის” ფილიალების სამუშაო დრო განსხვავდება – გორგასალზე მდებარე ფილიალი 24 საათიანია, ხოლო დანარჩენ მისამართებზე მდებარე სივრცეებს დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე შეგიძლიათ ესტუმროთ, გამონაკლისია მხოლოდ პარასკევი და შაბათი – ამ დღეებში ფასანაურის სამივე ფილიალი ნახევარი საათით გვიან, 00:30-ზე იხურება.
მიუხედავად იმისა, რომ „ფასანაურის“ ხინკალზე მეტწილად დადებითი შეფასებები იწერება, უნდა აღინიშნოს ის უარყოფითი მხარეები, რაზეც მომხმარებლები სოციალურ ქსელში ამახვილებენ ყურადღებას – ყველაზე ხშირად გამოთქმული უკმაყოფილება ხინკლის განსხვავებულ ხარისხს, და შესაბამისად, გემოს ეხება – როგორც გასტრონომიულ-გურმანულ ჯგუფებში იწერება, სხვადასხვა ფილიალში განსხვავებული გემოს ხინკალია (საუბარია ერთსა და იმავე სახეობის ხინკალზე).
ასევე ხშირად გამოითქმის უკმაყოფილება მომსახურების ხარისხზე, ზოგიერთი გურმანი კი იმასაც აღნიშნავს, რომ “ფასანაურის” ხინკალი ადრე უფრო გემრიელი იყო, სახელის დამკვიდრებასთან ერთად კი, რესტორანი ხარისხს აღარ აქცევს ყურადღებას, თუმცა ფაქტია, რომ დაწესებულება მაინც ხინკლის ფანატიკოსების საყვარელ ადგილად რჩება.
Hacker-Pschorr on Kazbegi ჰაკერ-ფშორი ყაზბეგზე
თუ ტრადიცისამებრ, ლუდის და ხინკლის კომბინაცია გიყვართ, მაშინ ღირს Hacker-Pschorr-ის ყაზბეგის ფილიალს ესტუმროთ, რადგან სწორედ ამ მისამართზე მდებარე სივრცეა ხინკლით სახელგანთქმული. აქ რამდენიმე სახეობის ხინკალია – ხორცის, კარტოფილის, სოკოს და ყველის ხინკალთან ერთად, მენიუში ე.წ. ბებოს ხინკალსაც აღმოაჩენთ – ეს არის პატარა ზომის, განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ხინკალი, რომელმაც გურმანებში სახელი უკვე გაითქვა. ხინკლის ფასი სახეობების მიხედვით განსხვავებულია და 65 თეთრიდან 95 თეთრამდე მერყეობს. „ჰაკერ-ფშორი ყაზბეგზე“ ღიაა ყოველდღე, დღის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე. გარდა ხინკლისა, აქ პრემიუმ ხარისხის გემრიელ ლუდსაც დააგემოვნებთ. https://www.facebook.com/HPschorrTbilisi
Kera – კერა
სხვა რეკომენდებული რესტორნებისგან განსხვავებით, „კერაში“ მხოლოდ ერთი სახეობის ხინკალია, რაც ნაკლებ არჩევანს გულისხმობს. თუმცა, ამ ფაქტს რესტორნისათვის ხელი არ შეუშლია იმაში, რომ საუკეთესო ხინკლით გაეთქვა სახელი.
„კერა” გერონტი ქიქოძის 9 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია: დღის 11 -დან საღამოს 11 საათამდე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ მენიუში მხოლოდ ერთი სახეობის – საქონლის ხორცის ხინკალია და ერთი ცალის ფასი 1,20 ლარია. Facebook-ის ჯგუფებში გავრცელებული პოსტების და კომენტარების მიხედვით, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რაც „კერას“ ხინკალს და ზოგადად, მის კერძებს განსაკუთრებულად გემრიელს ხდის, სახლური გემოებია, რომელიც ამ სივრცის სტუმრებს ბავშვობას ახსენებს.
მომხმარებლის აზრით, არის რამდენიმე უარყოფითი ასპექტიც – მაგალითად, ხინკლის ზომის და ფასის შეუსაბამო თანაფარდობა. როგორც ხინკლის მოყვარულები აღნიშნავენ, „კერას“ ხინკალი ზედმეტად პატარაა.
9 მთა • 9 Mta
„9 მთა“ თბილისის ერთ-ერთი განთქმული რესტორანია, რომელიც გემრიელი კერძებით გამოირჩევა. მათ შორისაა სამი სახეობის ხინკალი – ყველის, სოკოს და შერეული ხორცის. აღსანიშნავია, რომ ყველა რაოდენობის ხინკალს ვერ შეუკვეთავთ – თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ პორცია 5 ან 9 ხინკლის კომბინაციით. ეს შეზღუდვა ცოტა უცნაური და ზოგიერთი სტუმრისათვის გამაღიზიანებელიც შეიძლება იყოს. სრულყოფილი მომსახურების პირობებში, ყველა მომხმარებელს საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერი რაოდენობის, თუნდაც 1 ხინკალი მოითხოვოს (და ეს შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით აიხსნას – დაწყებული დიეტით, დასრულებული ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობით).
გარდა ამისა, ალბათ არც ისე სასიამოვნოა მომსახურე პერსონალის ნათქვამი მათემატიკური კომბინაციების აღქმა, გააზრება და მშიერზე 5-ის და 9-ის ჯერადი რიცხვების გამოთვლა. მიუხედავად ამისა, ხინკლის სიყვარული გურმანებისათვის უპირველესია და ამ წესის მიუხედავად, რესტორანზე ძირითადად კარგი რეკომენდაციები იწერება, მათ შორის, მომსახურების ხარისხზეც.
„9 მთას“ გალაკტიონ ტაბიძის 10 ნომერში აღმოაჩენთ. რაც შეეხება ფასებს, 5 ხორცის ხინკლის ფასი 8.20 ლარია, 9-ის კი – 14,30 ლარი. სოკოს და ყველის ხინკლის შემთხვევაში – 5-ხინკლიან პორციაში 7,20 ლარის, 9-ხინკლიან პორციაში კი – 12, 50 ლარის გადახდა მოგიწევთ. ორშაბათს, სამშაბათს, პარასკევს და კვირას სივრცე ღიაა დღის 12-დან ღამის 12 საათამდე. ოთხშაბათის და შაბათის სამუშაო საათები განსხვავდება – ამ დღეებში რესტორანს შეგიძლიათ დღის 12-დან ღამის 2 საათამდე ესტუმროთ.
შემომეჭამა – Shemomechama
„შემომეჭამა“ ხინკლის საჭმელად კიდევ ერთი რეკომენდებული სივრცეა. რესტორანი მცხეთის ქუჩის 8 ნომერში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე, დღის 11 საათიდან ღამის 12 საათამდე. „შემომეჭამა” დასაგემოვნებლად ხინკლის სამ სახეობას გთავაზობთ – მთიულური, რომლის ფასი 1,10 ლარია; კარტოფილის, რომლის შეკვეთა 90 თეთრად შეგიძლიათ და ყველის, რომელიც 1 ლარი ღირს. „შემომეჭამას“ ხინკალს გურმანები, ძირითადად დადებითად აფასებენ და რეკომენდაციასაც უწევენ, თუმცა არც ისე ცოტა მომხმარებელი აღნიშნავს, რომ რესტორნის მენიუ “გადაჭარბებით დადებითად არის შეფასებული”.
კლიკეს ხინკალი • Klike’s Khinkali
მიუხედავად იმისა, რომ ამ რესტორანში ბევრი ქართული კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი, „კლიკეს“ მთავარი და ყველაზე საამაყო საჭმელი მაინც ხინკალია. სწორედ ამ კერძით გაითქვა რესტორანმა სახელი და ბევრი ქართველი თუ უცხოელი გურმანისათვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. თუ „კლიკეს“ სოციალურ ქსელს გადახედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს სივრცე ქართულ კერძებს განსაკუთრებულ ტრადიციულ და კულტურულ ფენომენად წარმოაჩენს. რაც შეეხება ხინკლის სახეობებს – აქ ამ კერძის მრავალ ვერსიას აღმოაჩენთ, მათ შორის არის ხინკალი ნადუღით და სულგუნით. „კლიკეს“ ხინკლის ფასები 99 თეთრიდან იწყება და 1,20 ლარამდეა. რესტორანი მდებარეობს შიო ჩიტაძის 1-ლ ნომერში. „კლიკე“ ღიაა ყოველდღე, დღის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
ვარაზის ლუდის ბაღი • Varazi Beer Garden
თუ გურმანებისათვის განკუთვნილ ჯგუფებში თბილისის 10 მოწინავე ხინკალს მოიკითხავთ, მრავალ კომენტარში იქნება ნახსენები „ვარაზის ლუდის ბაღის“ ხინკალი. რესტორანი მდებარეობს ვარაზისხევის ქუჩის 1 ნომერში. რესტორანი გიმასპინძლებთ ყოველდღე, დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდე. აქ მხოლოდ ერთი ხინკლის დაგემოვნებას შეძლებთ – ეს არის ძველი ტრადიციული საქონლის ხინკალი მწვანილების გარეშე. მისი ფასი 1 ლარია.
Hinkali Factory/ ხინკლის ფაბრიკა
გსმენიათ ტრიუფელის ხინკლის შესახებ? თუ არა, გეტყვით, რომ მისი დაგემოვნება, სხვა მრავალ სახეობასთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში შეგიძლიათ. „ხინკლის ფაბრიკა” ხინკლის საოცარ ვარიაციებს გთავაზობთ. აქ ამ კერძის 12 სახეობას აღმოაჩენთ, მათ შორის არის როგორც ტრადიციული ხინკლის სახეობები, ასევე საკმაოდ უჩვეულო ვერსიები, მაგალითად, ზუთხის ხინკალი და ზემოთ ხსენებული ტრიუფელის ხინკალი.
აქ შეგიძლიათ ხინკალი ჩაქაფულის წვნიანთან კომბინაციაშიც კი დააგემოვნოთ. რაც შეეხება ფასებს, ისიც კერძის სახეობების მსგავსად მრავალფეროვანია. „ხინკლის ფაბრიკაში” ერთი ხინკლის ხინკლის ფასის 85 თეთრიდან იწყება და 3 ლარამდე ადის. რესტორანი ღიაა ყოველდღე, დღის 12 საათიდან 23:30-მდე. „ხინკლის ფაბრიკა“ ფხოვის ქუჩის 2 ნომერში მდებარეობს.
Republic 24
თუ ხინკალი გიყვართ და ამავდროულად კულინარიული ექსპერიმენტების მოყვარული ხართ, მაშინ Republic 24 და მისი ხინკალი თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. შესვლისთანავე მიხვდებით, რომ ხართ გარემოში, სადაც ქართული ტრადიციული კერძების თავისებურ ხედვას გაგაცნობენ და შემოგთავაზებენ. სწორედ ასეა ხინკლის შემთხვევაშიც.
ქალაქური და მოხევური ხინკლის გარდა, აღმოაჩენთ Republic 24-ის საფირმო ხინკალს, რომელიც აზიურად არის მომზადებული. შესაძლებელია 6-ხინკლიანი პორციის შეკვეთა, რომლის ფასი 12 ლარია. რესტორანი ქალაქის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 6 ნომერში მდებარეობს. Republic 24 ღიაა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.