Glovo “ჩართეს” პარტნიორია, კიდევ 15 მოსწავლისთვის კი ინტერნეტი და ლეპტოპი ხელმისაწვდომია!
“Glovo Cares ” Glovo-ს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ამ კამპანიის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სტანდარტულად ბექოფისში აპლიკაციის ტექნიკურ გამართულობაზე, მომხმარებელთა მხარდაჭერაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე, მარკეტინგულ პროექტებზე თუ სხვა საკითხებზე მუშაობენ, თავისუფალ დროს კურიერების ამპლუას ირგებენ: შეკვეთებს იღებენ პარტნიორი ობიექტებიდან და ტრადიციულად, უსწრაფესად ასრულებენ მათ. მთლიანი შემოსული თანხით კი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებენ.
წელს Glovo Cares-ის ფარგლებში Glovo “ჩართეს” პარტნიორი და მხარდამჭერი გახდა.
„ჩართე“ (www.charte.ge) საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, თუნდაც ერთ ლარად, ჩაერთოს პროექტში და ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს დაუფინანსონ, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მსოფლიო დონის განათლება მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს.
დღესდღეობით 900-მდე ადამიანისა და რამდენიმე კომპანიის შემოწირულობის წყალობით უკვე 450-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული ისეთი რეგიონებიდან, როგორებიცაა კონფლიქტისპირა სოფლები და დევნილთა დასახლებები.
Glovo Cares-ს საშუალებით დღეს უკვე, აფხაზეთთან მდებარე კონფლიქტისპირა სოფლების, კიდევ 15 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს აქვს წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე, საგანმანათლებლო რესურსებსა თუ „ჩართეს“ ტექნოლოგიურ-საგანმანათლებლო ბაზაზე!
Glovo-ს დაფინანსებით აღნიშნულ 15 მოსწავლეს ასევე ჩაუტარდება ტრენინგი მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში.
Glovo Cares საერთაშორისო პროექტია, რომელსაც Glovo 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, სადაც თავად ოპერირებს. პროექტის მიზანი, გარდა სოციალური პასუხისმგებლობისა, თანამშრომლების მიერ პარტნიორი კურიერების გამოწვევების დანახვა, გათავისება, მომსახურების ხარისხის მართვა და მომხმარებლებზე ზრუნვაა.
Glovo პროექტის ფარგლებში გააგრძელებს “ჩართესთან” თანამშრომლობას და ეცდება, ინტერნეტი და კომპიუტერი, რომელიც განათლების მისაღებად აუცილებელია, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.