ომი, რომლის ბრძოლებსაც ვიგებთ – თებერვალში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს!
დღეს ონკოლოგიური დაავადებების დამარცხება რეალობაა. დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე, პირველი უჩვეულო სიმპტომების გამოვლენისთანავე და სწორად შერჩეული მკურნალობა გამარჯვების საწინდარია.
ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ტელეეკრანზე, სოციალურ ქსელებში, ჩვენს ყოველდღიურობაში, სოციალური კამპანიის ირგვლივ გაერთიანდნენ – „გაესინჯე დროულად, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა“. კამპანია შეგვახსენებს, რომ პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა ამარცხებს კიბოს.
გაესინჯე დროულად, სიცოცხლე ჩვენი უფლებაა!
აქტიური პრევენციით შესაძლებელია სიმსივნური დაავადებების 30%-ის აცილება!თებერვლის თვეში მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.გაესინჯე დროულად!#სიცოცხლეჩვენიუფლებაა
Gepostet von აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი am Montag, 3. Februar 2020
„მთელ მსოფლიოში ონკოლოგიურ დაავადებები სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია გულსისხლძარღვთა პათოლოგიების შემდეგ. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კიბო განაჩენი არ არის, კიბო დიაგნოზია და ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა – განკურნება და სრულფასოვანი ცხოვრება შესაძლებელია მაშინ, როდესაც ავთვისებიანი დაავადება აღმოჩენილია ადრეულ სტადიაზე. მაგალითად, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში, 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, მაგრამ სტადიის მატებასთან ერთად, სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა იკლებს.
თუმცა, ჩვენ არასდროს ვყრით ფარ-ხმალს. იმ პაციენტებისთვის სრულფასოვანი ცხოვრების საშუალების მიცემა და სიცოცხლის გახანგრძლივება, ვისაც დიაგნოზი თუნდაც გვიან სტადიაზე დაუდგინდა, ჩვენი უპირველესი ამოცანა და მიზანია. ასე რომ, პირველ რიგში დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ სათანადო, სწორი მკურნალობა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე სწორი და ქმედითი იარაღია“. – ამბობს თოდუას კლინიკის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე.
ავთვისებიანი სიმსივნეების დაგვიანებული გამოვლენის ერთ-ერთი ფაქტორი სკრინინგში ჩართულობის პასიურობაა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები?
უდავოდ არსებობს დიაგნოზის მოსმენის შიში, რთულია ფიქრი შესაძლო სცენარებზე და შეძლებს თუ არა პაციენტი გაუმკლავდეს დაავადებას მორალურად თუ ფინანსურად. ხშირად ადამიანს უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება. ამას, პირველ რიგში, განაპირობებს ინფორმაციის სიმწირე იმის შესახებ, რომ ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი პათოლოგიური პროცესების უმრავლესობა არის შექცევადი, რომ დაავადებები განკურნებადია და რეალობა სულაც არ არის ისეთი მძიმე, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.
ჩვენს კლინიკაში მიღებული პრაქტიკაა, ავთვისებიანი დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტთან მუშაობდეს სხვადასხვა სპეციალისტი: ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი, ექთნები, ფსიქოლოგი. არსებობს მსგავსი დიაგნოზის მქონე პაციენტების მხარდამჭერთა ჯგუფები.
ფინანსური პრობლემები არ უნდა იყოს ბარიერი ონკოლოგიური პაციენტისთვის, რადგან მათი მკურნალობის ყველა ეტაპი – იქნება ეს მედიკამენტოზური მკურნალობა, სხივური თერაპია თუ ოპერაციული ჩარევა, ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
ცნობიერების ამაღლების ფარგლებში რა მნიშვნელობა ენიჭება მსგავს სოციალურ კამპანიებს?
ჩვენ ყველა საკომუნიკაციო არხით ვცდილობთ მივაწვდინოთ ხალხს ხმა – სოციალური თუ ბეჭდური მედიით, ტელევიზიით, რადიოთი – უნდა ავამაღლოთ ცნობიერება ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების შესახებ, ავუხსნათ მთელი სიზუსტით, რა არის სკრინინგის მიზანი, რომ ჯანმრთელ, სრულიად უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება აღმოაჩნდეს დაავადება, რომელიც შემდგომში ონკოლოგიურ პათოლოგიად გარდაიქმნება.
2015 წელს საქართველოში სიმსივნეებს შორის, მეოთხე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნეების რაოდენობა იყო 28%, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 22%-მდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის კლება გახლავთ სახელმწიფოს და სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი მუშაობის, სხვადასხვა სკრინინგ პროგრამების შეთავაზების შედეგი.
დადებითი დინამიკა გვაძლევს მოტივაციას, რომ ხშირად შევთავაზოთ მათ სხვადასხვა კამპანიები, ღონისძიებები: მათ შორის გახლავთ ჩვენს კლინიკაში 2019 წლის ოქტომბერში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქცია, სადაც ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ მამოლოგებთან უფასო კონსულტაციით და საჭიროების შემთხვევაში უფასო მამოგრაფიით.
ნოემბერი ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა, კამპანიის ფარგლებში რისკ-ჯგუფის პაციენტებს ჩაუტარდათ კომპიუტერული ტომოგრაფია განახევრებულ ფასად.
მიმდინარე თვეს კი, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაციები მულტიდისციპლინური მიდგომით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილ რადიაციულ ონკოლოგ ბრანისლავ ერემიჩთან, ექიმებთან – თამარ ესაკიასთან და ანა მაყაშვილთან.
საზოგადოებაში არსებობს აქტიური ინტერესი სრულყოფილ გამოკვლევებზე, ადამიანებს, რომელთაც არ აღენიშნებათ რაიმე კონკრეტული სიმპტომები, აინტერესებთ თავისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში რას სთავაზობთ მათ?
ჩვენი კლინიკა მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყებს ახალ პროგრამას – ჯანმრთელობის სრულყოფილად შემოწმებას ე.წ. Check Up-ს, რაც გულისხმობს ჯანმრთელი ადამიანის პრევენციულ შემოწმებას, სხვადასხვა დაავადებათა სომპტომების გამოვლენამდე.
ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, დიაგნოსტიკა და ექიმებთან კონსულტაციები მოიცავს ერთ სრულ დღეს, ხდება ადამიანის როგორც ანატომიური, ასევე ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება. დღის დასასრულს პაციენტს ეძლევა სპეციალური დასკვნა, სადაც შეჯამებულია დიაგნოზი და რეკომენდაციები, პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ, მყუდრო და სასიამოვნო გარემოში.
პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია სამი სახის პაკეტი, სხვადასხვა სქესის და ასაკობრივი ჯგუფებისთვის და პაციენტების საჭიროებაზეა მორგებული. მსგავსი პროგრამები მიღებულია საზღვარგარეთ და საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ Check Up პროცედურა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.
საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 10 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ჩვენ ყველას გვაქვს შანსი ეს მონაცემები ერთად შევცვალოთ!