fbpx

იმისთვის, რომ ვინმე შეგიყვარდეს, გააკეთე ეს


გააზიარე სტატია



ავტორი: Mandy Len Catron

20 წლის წინ ფსიქოლოგმა არტურ არონმა შეძლო ორი სრულიად უცხო ადამიანისთვის ერთმანეთი ლაბორატორიულ პირობებში  შეეყვარებინა. გასულ ზაფხულს ეს ტექნიკა საკუთარ ცხოვრებაშიც გამოვცადე. აღმოვაჩინე, რომ შუაღამისას ხიდზე ვდგავარ და ზუსტად 4 წუთის განმავლობაში მანამდე ჩემთვის უცნობ ადამიანს თვალებში ვუყურებ.


ნება მომეცით აგიხსნათ. წინა საღამოს მან თქვა: რამდენიმე საერთო თვისებას თუ გაითვალისწინებთ, ვეჭვობ, რომ თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ადამიანი შეიყვაროთ. თუ ასეა, რა ნიშნით შეარჩევდით?


ის იყო ნაცნობი უნივერსიტეტიდან, რომელსაც მე ზოგჯერ საცოც დარბაზში ვხვდებოდი და ვფიქრობდი: “რა იქნება, თუ?” ინფორმაცია მისი დღეების შესახებ მხოლოდ ინსტაგრამში თუ გაიელვებდა. დადგა პირველი დღე, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან პირისპირ აღმოვჩნდით.

“ფსიქოლოგები შეეცადნენ, რომ ადამიანებს ერთმანეთი შეჰყვარებოდათ… საოცარია. სულ  მინდოდა მსგავსი რამ გამომეცადა…” – საუბარში ვახსენე დოქტორ არონის კვლევა.

ამ კვლევის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როდესაც იმ დროს  არსებული ურთიერთობის დასრულებას ვაპირებდი. ყოველ წამს, როცა დაშორებაზე ვფიქრობდი, ჩემი გული გონებაზე იმარჯვებდა. ჩიხში აღმოვჩნდი. საბოლოოდ, კარგი სწავლულივით მეცნიერებას მივუბრუნდი, იქნებ იქ მაინც მიმეგნო სიყვარულის უფრო ჭკვიანური მეთოდისთვის.

კვლევის შესახებ უნივერსიტეტის ნაცნობსაც მოვუყევი. ჰეტეროსექსუალი მამაკაცი და ქალი ლაბორატორიაში სხვადასხვა კარიდან  შედიან. ისინი  ერთმანეთის პირისპირ სხდებიან და პასუხს უკიდურესად პირადულ შეკითხვებს სცემენ. შემდეგი 4 წუთის განმავლობაში ისინი ხმას არ იღებენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ. ყველაზე საოცარი დეტალი კი ისაა, რომ 6 თვის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეები დაწორწინდნენ. მათ  ქორწინების ცერემონიაზე ლაბორატორიის ყველა თანამშრომელი დაპატიჟეს.

“ვცადოთ”, – თქვა მან.

ვაღიარებ, რომ ჩვენი მცდელობა ექსპერიმენტის იდენტური არ ყოფილა. ჯერ ერთი,  ჩვენ ვიყავით ბარში და არა ლაბორატორიაში და მეორე –  ჩვენ არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის სრულიად უცხონი.

მოგვიანებით დოქტორ არონის შეკითხვები დავგუგლე  – სულ 36 იყო. მომდევნო 2 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეკითხვებს რიგრიგობით ვუსვამდით.

პირველი  რამდენიმე შეკითხვა სრულიად უეშმაკო იყო. მაგალითად, “გსურთ თუ არა, იყოთ ცნობილი? რით?; “ბოლოს როდის იმღერეთ მარტომ? სხვას როდის უმღერეთ ბოლოს?”

შემდეგი შეკითხვები უფრო გამომცდელი ხასიათისა აღმოჩნდა:
კითხვაზე, თუ რა იყო ჩემსა და მას შორის 3 საერთო თვისება, მან თქვა:
“ვფიქრობ, ორივეს ერთმანეთი გვაინტერესებს.”

მე ჩამეღიმა და ლუდი მოვსვი. მან კიდევ ჩვენი ორი საერთო თვისება დაასახელა, რომლებიც მაშინვე დამავიწყდა. შემდეგ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რაზე ვიტირეთ ბოლოს და გამოვტყდით იმაში, რა შეკითხვა გვექნებოდა მკითხავთან. ერთმანეთს მოვუყევით იმის შესახებაც, თუ  როგორი ურთიერთობა გვქონდა დედებთან.

მომდევნო კითხვებმა ბაყაყზე ჩატარებული ბოროტი ექსპერიმენტი გამახსენა. ექსპერიმენტში მონაწილე  ბაყაყი წყლის სიმხურვალეს დიდი ხნის განმავლობაში ვერ გრძნობდა, მაგრამ როცა იგრძნო, რომ მდუღარე წყალში იმყოფებოდა, უკვე გვიანი იყო.

თანდათანობით ჩვენს შორის გრძნობები მძაფრდებოდა და ვერც შევამჩნიე, მოულოდნელად  როგორ შევაბიჯეთ უაღრესად პირადულ სივრცეში. ამ პროცესს, როგორც წესი, კვირები და თვეები სჭირდება ხოლმე.

კითხვა-პასუხის პროცესი მომწონდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ვიცნობდი, არამედ იმიტომაც, რომ საკუთარი თავის შესახებაც უამრავი ახალი დეტალი აღმოვაჩინე.

თავდაპირველად ბარში მაგიდასთან მარტო ვიჯექი. ერთი საათის შემდეგ კი შევამჩნიე, რომ იქ ხალხიც იყო და დავინტერესდი, ხომ არ ესმოდათ მათ ჩვენი საუბარი. ამასობაში ვიგრძენი, რომ  ვერც მათ სიმრავლეს და ვერც დაღამებას ვერ ვამჩნევდი.

ჩვენ ყველას გვაქვს ისტორია საკუთარი თავის შესახებ, რომელსაც უცნობ ადამიანებს გაცნობისას ვთავაზობთ ხოლმე. თუმცა დოქტორ არონის შეკითხვები არ გაძლევს შესაძლებლობას, ამ ისტორიას ზედმიწევნით მიჰყვე.

ჩვენ ერთმანეთს დაახლოებით იმ პრინციპით დავუახლოვდით,  როგორც ეს საზაფხულო ბანაკებში ხდება ხოლმე. 13 წლის ასაკში, როცა პირველად სახლისგან შორს აღმოვჩნდი, თანაბანაკელთან მთელი ღამის განმავლობაში ვსაუბრობდი და ბუნებრივად დავუახლოვდი მანამდე ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანს. თუმცა, მოზრდილთა ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება.

იყო მომენტები, როცა თავს უხერხულად ვგრძნობდი. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც აზრი ჩემი პარტნიორის შესახებ უნდა გამომეთქვა.
მაგალითად: “თანმიმდევრობით ჩამოთვალეთ  თქვენი პარტნიორის 5 დადებითი თვისება” (22-ე შეკითხვა) და “უთხარით თქვენს პარტნიორს, რა მოგწონთ მასში”; იყავით გულწრფელი ისეთი რამეების თქმისას, რასაც ახლად გაცნობილ ადამიანს ვერ ეტყოდით (28-ე შეკითხვა).

ექსპერიმენტი ფოკუსირებული იყო ურთიერთ სიახლოვის განვითარებაზე. ისეთი ფრაზების  თქმა, როგორიცაა: “მომწონს შენი ხმა, შენი გემოვნება ლუდში”; “ის, რომ შენი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან შენით” ქმნის გარკვეულ დადებით ემოციებს და ადამიანებს ერთმანეთისთვის ღირებულს ხდიან.

საოცარია იმის მოსმენა, თუ როგორ არის ვინმე შენით აღფრთოვანებული. არ ვიცი, ჩვენ გარშემო მყოფებს  უფრო ხშირად რატომ არ ვეუბნებით კომპლიმენტებს.

საუბარს შუაღამისას მოვრჩით. ჩვენი შეხვედრა 90 წუთით მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. როდესაც ბარის გარშემო მიმოვიხედე, სწორედ მაშინ გამოვფხიზლდი. “ეს ყველაფერი არც ისე ცუდი იყო”, – ვთქვი მე. იმაზე მეტად კომფორტული, ვიდრე ერთმანეთისთვის თვალებში ყურებაა.”

შემდეგ ყოყმანით იყითხა – “ნამდვილად უნდა გავაკეთოთ ეს?
ბარის ირგვლივ მიმოვიხედე და სივრცე უცნაური და საჯარო მომეჩვენა.

“შეგვეძლო ხიდზე ვმდგარიყავით”, – თქვა მან და ფანჯარაში გაიხედა.

რამდენიმე წუთში ყველაზე მაღალი წერტილისკენ გავეშურეთ, შემდეგ კი ერთმანეთის პირისპირ დავდექით და წამზომიც ჩაირთო.

“კარგი”,  – ვთქვი მე, თან ღრმად ამოვისუნთქე.

“კარგი”,  – მიპასუხა მან ღიმილით.

თხილამურებით ციცაბო ფერდობებიდან ვეშვებოდი, კლდეზე თოკით ვეკიდებოდი, მაგრამ 4 წუთის განმავლობაში ვიღაცისთვის თვალებში ყურება მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საშიში გამოცდილება იყო. პირველი ორი წუთის მანძილზე მხოლოდ იმას ვცდილობდი, თანაბრად მესუნთქა. ზოგჯერ ნერვიულადაც ვიღიმოდით.

მე ვიცი, რომ თვალები სულის სარკეა, მაგრამ ამ მომენტის არსი იყო არა ის, რომ მე უბრალოდ ვიღაცას ვხედავდი, არამედ ის, რომ მე ნამდვილად იმ ადამიანს ვუყურებდი, ვინც მე მხედავდა.

თავს გაბედულად ვგრძნობდი, საოცარ მდგომარეობაში ვიყავი. ნაწილობრივ ეს სასწაული ჩემი საკუთარი დაუცველობით, ნაწილობრივ კი უცნაური გაკვირვებით იყო გამოწვეული. როდესაც თქვენ იმეორებთ და იმეორებთ სიტყვებს მანამ, სანამ ისინი თავის მნიშვნელობას არ კარგავენ და არ იქცევიან იმად, რანიც სინამდვილეში არიან – ბგერათა ნაკრები.

თვალებიც ამ შემთხვევაში იყო არა სულის სარკე, არამედ სასარგებლო უჯრედებისგან შემდგარი ორგანო. თვალებთან დაკავშირებული სენტიმენტები გაქრა და მე მისმა ბიოლოგიურმა რეალობამ გამაკვირვა: თვალის კაკლის სფეროსებრი ბუნება, ირისის  ხილული კუნთი და რქოვანას გლუვი, სველი გარსი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაური და დახვეწილი იყო.

როდესაც წამზომი გაჩერდა, გამიკვირდა, მაგრამ შევმსუბუქდი. ამავე დროს ვიგრძენი დანაკლისიც. მაშინვე დავიწყე ჩვენი შეხვედრის სიურრეალისტური და არც ისე საიმედო რეტროსპექტული ლინზით განხილვა.

მაინტერესებდა, თუ რა იქნებოდა შემდეგი ეტაპი ჩვენს ურთიერთობაში. სხვა თუ არაფერი, ვფიქრობდი, რომ ეს დღე უბრალოდ კარგ მოგონებად დარჩებოდა.
ჩვენზე არაა დამოკიდებული, ვინ შეგვიყვარებს. ჩვენი ჰორმონები და ფენომენური მოვლენები სცენის უკან მოქმედებენ.

ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობდი, რომ სიყვარული უფრო მოქნილი გრძნობაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. არტურ არონის კვლევამ მასწავლა, რომ შესაძლებელია უბრალოდ, ძალიან ადვილად გამოიწვიო ნდობა და სიახლოვე – ის გრძნობები, რაც სიყვარულის გასაღვივებლადაა საჭირო.

ალბათ გაინტერესებთ, შეგვიყვარდა თუ არა ჩვენ ერთმანეთი. დიახ, ჩვენ ეს გამოგვივიდა. რთულია, ყველაფერი ექსპერიმენტს დავაბრალოთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტმა მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობა გამხდარიყო წინასწარ განსაზღვრული. ჩვენ კვირები გავატარეთ ინტიმურ სივრცეში, რომელიც იმ ღამეს შევქმენით, როდესაც ველოდით და ვიცოდით კიდეც, რა შეიძლებოდა ამ ყველაფრისგან გამოსულიყო.

სიყვარული თავს არ გვატყდება. ჩვენ გვიყვარდება იმ არჩევანის გამო, რომელსაც თავადვე ვაკეთებთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.