მე-17 საუკუნეში დაწერილი კოდირებული “ეშმაკის წერილი” სიცილიაში გაშიფრეს
მე-17 საუკუნეში შეშლილმა სიცილიელმა მონაზონმა “ეშმაკის კარნახით” წერილი დაწერა. მრავალი წლის შემდეგ საიდუმლოს ფარდა აეხადა და გაირკვა, თუ “რა თქვა ეშმაკმა”.
მონაზონმა მარია კროჩიფისსა დელა კონსეზიონემ 1676 წლის ერთ დღეს მელანში ამოსვრილმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ მის სხეულზე “ეშმაკს წერილი დაეტოვებინა”.
წერილი არქაულ ანბანთა ნაზავით იყო შედგენილი და მონაზვნის თქმით, ლუციფერმა მას ტექსტი თავად დააწერა. ამ უცნაური მოვლენის დროს მონაზონი პერიოდულად ცნობიერებას კარგავდა და ბოდავდა ხოლმე.
მონაზონს სჯეროდა, რომ წერილი იყო ეშმაკის მცდელობა, დაცემული ანგელოზის მსგავსად ეიძულებინა მონაზონი, რომ ღმერთისთვის ზურგი ექცია.
ტექსტის გაშიფვრის ყველა მცდელობა ამ დრომდე წარუმატებელი იყო, თუმცა სიცილიის ლუდუმის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით დაადგინეს, თუ რას გადმოგვცემდა წერილი.
კვლევითი ცენტრის დირექტორმა დანიელე აბატემ The Times-თან ინტერვიუში წერილის გაშიფვრის პროცესზე ისაუბრა:
“ჩვენ გვსმენოდა პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელსაც საგამოძიებო სამსახურები კოდის გასატეხად იყენებენ. კომპიუტერულ პროგრამაში სიმბოლოების გასაშიფრად ანტიკური ბერძნული, არაბული, რუნული და ლათინური ამბანი მოვათავსეთ, რათა დაგვედგინა წერილის შინაარსი.
#BREAKING : #DarkWeb helps decode 17c '#satanicverses' penned by Sister Maria Crocifissa della #Concezione pic.twitter.com/D5JI8CvYkH
— Albert Batlayeri🌐 (@AlbertBatlayeri) September 9, 2017
წერილის ერთ-ერთ ნაწილში ეწერა:
წმინდა სამება, რომელიც უსარგებლო ტვირთს წარმოადგენს, ფიქრობს, რომ მოკვდავთა გათავისუფლება შეუძლია მაშინ, როცა თავად უბიძგებს ადამიანს გაქრობისკენ.
წერილის მიხედვით, ღმერთი ადამიანებმა გამოიგონეს და “ეს სისტემა არავისთვის მუშაობს”.
უცნაური ანბანით გაკეთებულია მინიშნება მდინარე სტიქსზე, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მიწას ქვესკნელისგან გამოყოფს.
კვლევითი ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ ნაწერში დემონის გავლენაზე მეტად შესაძლოა მონაზვნის ფსიქიკური პრობლემები ასახულიყო:
“ისტორიულ ტექსტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მწერლის ფსიქოლოგიური პორტრეტი. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის ცოდნა გვჭირდება მონაზონის შესახებ. იგი შიზოფრენიისგან იტანჯებოდა, რის გამოც შესაძლოა წარმოსახვაში ეშმაკთან დიალოგი ჰქონოდა.
მიიჩნევა, რომ მონაზონი ბევრ ენას ფლობდა, რაც, დირექტორის აზრით, დაეხმარა წერილში გამოყენებული კოდის შექმნაში.