როგორ გადააქცია ხალხმა პორტუგალიური გეტო მუზეუმად ღია ცის ქვეშ
Quinta do Mocho – ლისაბონის გარეუბანია, რომელიც 90-იან წლებში, სოციალური პროექტის ფარგლებში, პორტუგალიის ყოფილი კოლონიებიდან: კაბო-ვერდედან, გვინეიდან და ანგოლიდან ჩამოსული მიგრანტებისთვის სწრაფი ტემპით აშენდა.
უმუშევრობამ, მძიმე კრიმინოგენურმა გარემომ, დაბალი ხარისხის საყოფაცხოვრებო პირობებმა, ცენტრთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის გაუმართავობამ უბნის მოსახლეობა სოციალურ იზოლაციაში მოაქცია და Quinta do Mocho გეტოდ გადააქცია.
მთავრობის მხრიდან არასათანადო ყურადღების გამო, 2000-იანი წლების დასაწყისში, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით გადაწყვიტა იძულებითი იზოლაციის პრობლემის მოგვარება.
ადგილობრივმა აფრიკულმა თემებმა ფულის შეგროვა დაიწყეს და ქუჩის მხატვრებს უბნის სახლების მოხატვა დაუკვეთეს. პროექტში ჩაერვთნენ, როგორც პორტუგალიელი, ასევე უცხოელი არტისტებიც. ინიციატივიდან სულ რაღაც 4 წელიწადში 100-მდე ქუჩის მხატვრობის ნიმუში შეიქმნა, რამაც ტურისტების მოზღვავება გამოიწვია.
Quinta do Mocho-ს შენობებზე უბანში მცხოვრები ადამიანების ყოფითი ისტორიებია ასახული. ერთ-ერთ კედელზე გამოსახულია შავკანიანი ქალი, რომელიც თეთრ ნიღაბს იხსნის. ადგილობრივების თქმით, ეს მათი ისტორიაა. „იყო დრო, როცა ჩვენი ეშინოდათ და სამსახურს არ გვაძლევდნენ. მათი მოტყუება და ცრუ მისამართების გამოგონება გვიწევდა. საღამოს, როცა სამსახურებიდან სახლში ვბრუნდებოდით, ვიხსნიდით ნიღაბს და კვლავ Quinta do Mocho-ები ვხდებოდით“, – ამბობს უბნის ერთ-ერთი მკვიდრი.
ქუჩის ხელოვნებისადმი ტურისტების ინტერესმა მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა უბანში არსებული სოციალური მდგომარეობა, მაგრამ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები მაინც მოიტანა. ადგილობრივების თქმით, უცხოელები მათი ყოფით, ისტორიებით ინტერესდებიან და რაც მთავარია, დაიბრუნეს წლების განმავლობაში დაკარგული ღირსების შეგრძნება.
„ტურისტების მოზღვავებამ შეამცირა კრიმინალიც. ისინი უბნის ერთგვარ ფარად და მცველებად იქცნენ. ადრე, როცა დანაშაულს აფრიკიდან ჩამოსული ადამიანები სჩადიოდნენ, პოლიცია საერთოდ არ რეაგირებდა. ახლა კი, ტურისტების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ და ხშირად პატრულირებენ“, – ამბობს უბნის მცხოვრები კალლი, რომელიც გიდად მუშაობს.