მორგან ფრიმანმა 124-აკრიანი რანჩო ფუტკრების თავშესაფრად გადააქცია
რეჟისორს, მეცენატსა და ჩვენი დროის უდიდეს მსახიობს, საოცარ მორგან ფრიმანს კიდევ ერთი პროფესია დაემატა – იგი მეფუტკრე გახდა.
ფილმის – “გაქცევა შოუშენკიდან” ვარსკვლავმა გადაწყვიტა, თავისი რანჩო ფუტკრების თავშესაფრად გადაექცია და ჩვენი ფაფუკი მეგობრების რაოდენობის შემცირების პრობლემის გადაჭრაში თავისი წვლილი შეეტანა. ფრიმანმა მეფუტკრეობა პირველად 2014 წელს დაიწყო, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ჯიმი ფალონის შოუში მისი ახალი ჰობი განიხილეს.
ინტერვიუში ფრიმანმა განმარტა საკუთარი მოტივაცია და ჩვენს პლანეტაზე ველური ფუტკრების გადარჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“აუცილებელია ძალისხმევა გამოვიჩინოთ იმისათვის, რომ ჩვენს პლანეტას ფუტკარი ისევ დაუბრუნდეს. ჩვენ ვერ ვიაზრებთ, რომ სწორედ ისინი უზრუნველყოფენ პლანეტაზე მცენარეული საფარის გაზრდას”.
81 წლის მსახიობი გვიზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შემოიტანა არკანზასიდან მისისიპიში 36 სკა. ფუტკრები ჯერ კიდევ გარემოსთან შეგუების პროცესში არიან, ეძებენ ყვავილებში საკვებს და ამავე დროს, მათ მსახიობიც არ აკლებს შაქრიან წყალს.
მორგან ფრიმანი ფუტკრებთან ურთიერთობისას სპეციალური ტანსაცმლით არ სარგებლობს. თითოეულ სკაში სიროფის მოთავსების შემდეგ მსახიობმა აღმოაჩინა, რომ მისთვის არც ერთ ფუტკარს არ უკბენია. ფრიმანი არც თაფლის შეგროვებას გეგმავს, რადგან არ უნდა, ფუტკრები სარგებლის გამო შეაწუხოს:
“ამ დრომდე მათ არ დავუკბენივარ, რადგან თაფლის ამოღებას არ ვცდილობ. მე უბრალოდ ვკვებავ მათ. ალბათ ისინი ფიქრობენ: ნურც ჩვენ შევაწუხებთ ამ ადამიანს, მას ხომ ტკბილი წყალი მოაქვს ჩვენთვის”.
მსახიობი დიდი რაოდენობით მაგნოლიას, ლავანდას, სამყურასა და ფუტკრებისთვის საყვარელ სხვა მცენარეებს ამრავლებს. ამავდროულად, იმედოვნებს, რომ ფუტკრები თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
მორგან ფრიმანის გულისხმიერება ფუტკრების მიმართ სწორედ რომ დროულია. გარემოს დაცვის სააგენტომ ფუტკრის პოპულაციის შემცირების მიზეზად კოლონიური კოლაფსი(CCD) დაასახელა. პესტიციდები, მწერების მიმართ რეზისტენტული გენმოდიფიცირებული კულტურები და ჰაბიტატის დაკარგვა კოლონიური კოლაფსის გამომწვევი ფაქტორებია.
აშშ-ის პარლამენტმა ახლახან გააუქმა აკრძალვა ფუტკრებისთვის მავნე პესტიციდების გამოყენებაზე, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოების პოზიციებს.
ველური ფუტკრის პოპულაციის შემცირება მრავალი ეკოლოგიური და აგრიკულტურული პრობლემის გამომწვევი მიზეზი გახდება, რადგან სწორედ ჩვენი ფაფუკი, პაწაწინა მეგობრები უზრუნველყოფენ მთელ მსოფლიოში მცენარეთა დამტვერვას.
Greenpeace-ის მიხედვით, შინაური და ველური ფუტკრები მცენარეთა მთლიანი საფარის 80%-ის დამტვერვაზე არიან პასუხისმგებელნი.
ფუტკრების პოპულაციას ასევე ზიანს აყენებს საკვების შემცირება, პარაზიტები, გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება.
Greenpeace-ის მიხედვით ფუტკრების დასაცავად ეს 3 ნაბიჯი დაგვეხმარება:
- 7 ყველაზე საშიში პესტიციდის მოხმარების აღმოფხვრა
- ველური ჰაბიტატის დაცვა დამმტვერავ მწერთა ჯანმრთელობის გადასარჩენად
- ეკოლოგიური აგრიკულტურის აღდგენა
ჩვენ ძალიან ვაფასებთ მორგან ფრიმანის გულისხმიერებას. იგი ნამდვილად ყველაფერს აკეთებს ძვირფასი ფუტკრების გადასარჩენად. თუ ამ მაგალითმა თქვენც შთაგაგონათ, მოიფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ ფუტკრების დასახმარებლად, რათა მათ, თავის მხრივ, შეძლონ დედამიწის ეკოსისტემათა სიჯანსაღისა და მრავალფეროვნების შენარჩუნება.
ორიგინალი:https://understandingcompassion.com/