fbpx

თუკი იმაზე მეტ წიგნს ფლობ, ვიდრე წაკითხვა შეგიძლია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Kevin Dickinson

თუ წიგნები გიყვართ და მაღაზიაში უბრალოდ  ფასის გასაგებად შესული, უკან სამი წიგნით ბრუნდებით, რომელთა შესახებაც მანამდე წარმოდგენაც არ გქონდათ და თუ თქვენი სურვილი – შეიძინოთ რაც შეიძლება მეტი წიგნი – აღემატება თქვენს უნარს – წაიკითხო ისინი, ეს შესაძლოა დანაშაულის გრძნობასაც კი გიჩენდეთ. თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის ეს განცდა?

შესაძლოა,  დანაშაულის გრძნობა სრულიად უადგილოცაა. სტატისტიკოსი ნიკოლას ტალები წაუკითხავ წიგნებს მოიხსენიებს ტერმინით -”ანტიბიბლიოთეკა” (Antilibrary)  და ეს საერთოდ არ მიუთითებს თქვენს ინტელექტუალურ წარუმატებლობაზე.



ცხოვრება “ანტიბიბლიოთეკასთან”

ტალები თავის წიგნს (The Black Swan: The Impact of the Highly Improbable) უმბერტო ეკოს მაგალითის განხილვით იწყებს, რომლის პერსონალური ბიბლიოთეკა 30 000 წიგნისგან შედგებოდა.

ეკოს სტუმრებს ბიბლიოთეკის სიდიდე აკვირვებდათ და ისინი  ვარაუდობდნენ, რომ იქ არსებული წიგნები ეკოს ცოდნას ადასტურებდა.   თუმცა ეკოს ბიბლიოთეკა დიდი იმის გამო კი არ იყო, რომ ბევრს კითხულობდა, არამედ იმიტომ, რომ მას ბევრის წაკითხვის სურვილი ჰქონდა.

ეკოს დაანგარიშებით, 25 200 წიგნის წაკითხვა მას  მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ 10 წლიდან 80 წლის ასაკამდე ყოველდღე ერთ წიგნს წაიკითხავდა. ეს კი არაფერია იმ წიგნების რაოდენობასთან შედარებით, რომელიც ნებისმიერ კარგ ბიბლიოთეკაში მოიპოვება.

უმბერტო ეკოს მაგალითის მიხედვით, ტალებმა დაასკვნა: “წაკითხული წიგნების ღირებულება წაუკითხავ წიგნებზე ნაკლებია. თქვენს ბიბლიოთეკაში იმდენი წაუკითხავი წიგნია,  რამდენის საშუალებასაც ფინანსები, ქირა და ბინის ფართი მოგცემთ. რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო იზრდება იმ სფეროების რაოდენობა, რომელთა შესახებაც ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი ვიცით, რაც მეტს ვკითხულობთ, მით მეტი წაუკითხავი წიგნი რჩება ჩვენს თაროებზე. მოდი, მათ ერთობლიობას “ანტიბიბლიოთეკა” ვუწოდოთ”.

“ანტიბიბლიოთეკის” ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჩვენს თვითშეფასებას ამცირებს და მუდმივად გვახსენებს იმის შესახებ, თუ რამდენი რამ არ ვიცით. “თაროებზე შემოწყობილი წიგნების სათაურები ყოველდღიურად მახსენებენ, რომ თითქმის არაფერი ვიცი კრიპტოგრაფიაზე, ბუმბულის ევოლუციაზე, იტალიურ ფოლკლორზე, მესამე რაიხში ნარკოტიკების არალეგალურად გამოყენებაზე”.
წაუკითხავი წიგნების არსებობა გვაიძულებს განვაგრძოთ შემეცნება,  სწავლა და არასდროს ვიგრძნოთ თავი კომფორტულად იმის გამო, თითქოს უკვე  საკმარისი ვიცით. მწერალი ჯესიკა სტილმანი ამას ინტელექტუალურ თავმდაბლობას უწოდებს.

ადამიანებს, რომელთაც ინტელექტუალური თავმდაბლობა არ აქვთ, ანუ მათ, ვისაც ახალი წიგნების შეძენის, ან ადგილობრივი ბიბლიოთეკის სტუმრობის სურვილი არ გააჩნიათ, სავარაუდოდ, საკუთარი ბიბლიოთეკაც აკმაყოფილებთ, ფიქრობენ, რომ უკვე ყველაფერი იციან.  ასეთ შემთხვევაში, ბიბლიოთეკას მხოლოდ ეგოს დამაკმაყოფილებელი და დეკორატიული ფუნქცია ენიჭება. იგი არ არის ცოცხალი, მზარდი რესურსი, რომლისგანაც ღრმა სიბერემდე შეგვიძლია ვისწავლოთ. 


Tsundoku

კევინ მიმსი,   the New York Times-იდან, ფიქრობს, რომ ახალი ტერმინის შემოღება საჭირო არაა.  “არ მომწონს ტალების ტერმინი “ანტიბიბლიოთეკა”. ბიბლიოთეკა წიგნების კოლექციაა, რომელთაგანაც ძალიან ბევრი მრავალი წლის განმავლობაში წაუკითხავია. არ მესმის, რა განასხვავებს ამ  ყველაფერს “ანტიბიბლიოთეკისგან”. 


ჟურნალისტი იაპონურ სიტყვას Tsundoku-ს იყენებს, რაც  ნაყიდ, მაგრამ წაუკითხავ წიგნებს აღნიშნავს (Tsunde – ნივთების დაგროვება, dukosho – წიგნების კითხვა).

ეს ტერმინი მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა და სატირულად იმ მასწავლებლებს აღწერდა, რომლებიც ფლობდნენ წიგნებს, მაგრამ არ კითხულობდნენ მათ. დღესდღეობით ამ სიტყვას დამცინავი შინაარსი აღარ აქვს. Tsundoku ასევე განსხვავდება ბიბლიოფილიისგან. ბიბლიოფილები წიგნებს კოლექციისთვის აგროვებენ და არა წაკითხვის იმედით.

Tsundoku-ს ღირებულება

კვლევების მიხედვით,  ბავშვებს, რომლებიც ისეთ სახლში გაიზარდნენ, სადაც წიგნების რაოდენობა 80-350 იყო, ზრდასრულ ასაკში  წერის, ანგარიშისა და კომპიუტერული უნარები შესამჩნევად განვითარებული ჰქონდათ. მეცნიერები ამბობენ, რომ ადრეულ ასაკში წიგნებთან სიახლოვე  შემეცნებით შესაძლებლობებს ავითარებს. წიგნის კითხვის ჩვევებს ბევრი უპირატესობა აქვს. კითხვას სტრესის დონის შემცირება, სოციალური კავშირების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, სოციალური უნარების გაზრდა შეუძლია. კითხვისას ვხდებით უფრო ემპათიურები და ჩვენი შემეცნებითი უნარები  ძლიერდება. სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა წარმატებასა და მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან არის კავშირში, ამავე დროს, სამყაროსა და საკუთარი თავის უკეთ შემეცნებაში გვეხმარება.

ჯესიკა სტილმანის მიხედვით წაუკითხავი წიგნები დანინგ-კრუგერის ეფექტის საწინააღმდეგო შედეგს იწვევენ.  დანინგ-კრუგერის ეფექტი კოგნიტური ტენდენციაა, რომელიც უცოდინარ ხალხს საკუთარი უნარების გადაჭარბებულად შეფასებისკენ უბიძგებს. 


“წაუკითხავი წიგნების არსებობა  ჩვენი უცოდინრობის ნიშანია. მაგრამ თუ აცნობიერებ, რამდენაც უცოდინარი ხარ, ესე იგი სხვა ადამიანებზე წინ ხარ”, – წერს სტილმანი.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ტერმინი მოგწონთ, ანტიბიბლიოთეკა თუ tsundoku, წაუკითხავი წიგნების ღირებულება უზარმაზარია, რაკი ისინი მუდმივად შემეცნებისკენ გვიბიძგებენ.

ორიგინალი:https://bigthink.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.