fbpx

ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე ყველაზე მასშტაბური კინო/არტ პროექტ DAU-ს ორ ფილმს უჩვენებენ


გააზიარე სტატია

ავტორი: თიკა ლაღიძე

 

26 თებერვალს Berlinale Palast-ში „დაუ. ნატაშა“ ბერლინალეს მთავარ კონკურსში წარდგება.

28 თებერვალს Haus der Berliner Festspiele-ში  „დაუ. დეგენერაციას“  Berlinale Special სექციაში აჩვენებენ.

პროექტის ჩვენება რუსეთში აკრძალულია, მაგრამ მასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს! მის პრემიერებს პარიზში, ლონდონსა და ბერლინში აწყობენ, სამშობლოში კი გაქირავების უფლებას არ აძლევენ!

https://www.dau.com/

 

 

პროექტის შესახებ:

„დაუ“ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც ბიოგრაფიული დრამა გენიალურ ფიზიკოსზე, ნობელის, ლენინის და სტალინის სამი პრემიის ლაურეატზე, ლევ ლანდაუზე. 

ფილმის გადაღების იდეა რეჟისორ ილია ხრჟანოვსკის ფიზიკოს ლევ ლანდაუს ცოლის, კორას მემუარების წაკითხვის შემედეგ გაუჩნდა  – “აკადემიკოსი ლანდაუ: როგორ ვცხოვრობდით. მოგონებები”. 

რეჟისორი ტოტალურ ეპოქაში აზრისა და ქცევის თავისუფლებამ მოხიბლა კონტრასტმა ტოტალურ პოლიტიკურ წნეხს და პიროვნულ თუ სექსუალურ თავისუფლებას შორის.

თავდაპირველი იდეა მალევე გასცდა ტრადიციული მხატვრული კინოს ფარგლებს და ვლადიმერ სოროკინის მიერ დაწერილ სცენარს. ის უშველებელ, მონუმენტურ არტ-პროექტად გადაიქცა. 

ქალაქ ხარკოვში სპეციალურად აშენდა პარალელური სამყარო, საბჭოთა კავშირის ქვეყნის მოდელი – გამოგონილი ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ნამდვილ ლაბორატორიებთან ერთად ჩეკას სარდაფები და საკნები ფუნქციონირებს. იქ  დრო საბჭოთა კავშირის ეპოქაში, 1930-1960-იან წლებში გაჩერდა. 

რეჟისორმა ინსტიტუტი რეალური პერსონაჟებით და ტარაკნებითაც კი დაასახლა. კადრში  ნობელის პრემიის ნამდვილი ლაურეატები, პოლიტიკოსები, სპეცსამსახურის უფროსები, რეციდივისტები, მეეზოვეები, ოფიციანტები, მუსიკოსები, მხატვრები, რეჟისორები, სტუდენტები, სხვადასხვა კონფესიების სასულიერო პირები და პენსიონერები არიან.

საბჭოთა ავანგარდულ დეკორაციებში ისინი 3 წლის განმავლობაში, იმდროინდელ ტანსაცმელში ჩაცმულები, იმდროინდელი რაციონით იკვებებოდნენ და ხელფასსაც რუსული მანეთებით იღებდნენ. 

კამერა მათ სამი წლის მანძილზე 24 საათის განმავლობაში იღებდა. რეჟისორი მათ ყველანაირ პირობას უქმნიდა, რომ ხალხს ყოველდღიური რუტინით ეცხოვრა მოცემულ, საბჭოურ პირობებში. მეცნიერებს რეალური კვლევები ჩაეტარებინათ, მუსიკოსებს – კონცერტები, მზარეულებს საჭმელი ეკეთებინათ, რეციდივისტებს თავისი გაგებით ეცხოვრათ, ჩეკას კი თავისი ჩვეული მეთოდებით ემოქმედა. 

ამისათვის რეჟისორს მაქსიმალურად ზუსტად უნდა განესაზღვრა თამაშის წესები და აღსრულების პროცესი გადაცდომების გარეშე უზრუნველეყო. ხალხს ეცხოვრა, გადამღებ ჯგუფს კი გადაეღო ის სინამდვილე, რაც მოგონილ სამყაროში და მოცემულ პირობებში თავისით დაიბადებოდა. 

დაიბადა ფილოსოფიური ტექსტები, სამეცნიერო კვლევები, შეყვარებული წყვილები, სისასტიკე, ტკივილი, ღალატი, ძალადობა, ლოცვა, სიყვარულის და ბედნიერების მოლოდინი. სწორედ ეს არის XXI საუკუნის ყველაზე ამბიციური, მასშტაბური  მულტიმედიური არტ-პროექტის შიგთავსი.

 

 

 

„დაუ“ ციფრებში:

წარმოება -13 წელი. გადაღების პერიოდი – 3 წელი. გადასაღები დღე – 100. ქასთინგი: რუსეთის 54 რეგიონი (შედეგი – 1 მსახიობი.),  ხარკოვი – 352 ათასი სტატისტი. მონაწილეები: 400 მუდმივი, 10 ათასი სტატისტი. 120 კვ.კმ დეკორაცია. პოსტ-პროდაქშენი – 7 წელი. მასალა – 35 მმ. ფირზე  გადაღებული 700 საათი. 13 დამოუკიდებელი ფილმი. 4 ათასი საათი – აუდიო მასალა გაშიფრული ონლაინ წიგნისთვის და საბეჭდი 500-გვერდიანი 257 ტომი. 700-საათიანი ონლაინ სერიალი/ციფრული პლატფორმა. ბიუჯეტი – 70 მილიონი ამერიკული დოლარი.  ამდენივე ჭორი და სკანდალი

 

 

პრემიერა

პარიზი: თეატრი „შატლე“, ნაციონალური ხელოვნებისა და კულტურის ჟორჟ პომპიდუს ცენტრი (მრავალდღიანი ინსტალაცია), „თეატრი დე ლა ვილი“

ბერლინი: ბერლინის 70-ე კინოფესტივალი  

პროექტში მონაწილეები:

სცენარის ავტორი, მწერალი – ვლადიმერ სოროკინი  ცნობილი გერმანელი ოპერატორი – იურგენ იურგესი, რომლის შემოქმედებით ბიოგრაფიაშიც  ჰანეკეს, ფასბინდერის და ვენდერსის ფილმებია. 

დამდგმელი მხატვარი – დენის შიბანოვი

გარდა 400 მუდმივი მონაწილისა და 10 ათასი სტატისტისა, ფილმში მთავარ, მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა დარგში მოღვაწე გამოჩენილი ადამანები ასრულებენ:

ცნობილი ბერძენი დირიჟორი – თეოდორ კურენზისი (მთავარი როლი – ლევ ლანდაუ), რადმილა შჩეგოლევა – კონკორდია (კორა) დრობანცევა (ნორა, ლანდაუს ცოლი), მუსიკოსი – ნიკოლაი ვორონოვი (ლანდაუს შვილი იგორი),  მსოფლიოში აღიარებული თეატრის რეჟისორი –  ანატოლი ვასილევი – (ინსტიტუტის დირექტორის, პეტრე კაპიცას პროტოტიპი – კრუპიცა). ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი დევიდ გროსი. ცნობილი საოპერო თეატრის რეჟისორი – პიტერ სელერი,  თანამედროვე არტ-სცენის ვარსკვლავი – მარინა აბრამოვიჩი. დიზაინერი მიუჩია პრადა, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი.

 

 

ციტატები:

ილია ხრჟანოსკი – „ერთადერთი პრემია, რომლის აღებაც რეალურად გვენდომებოდა, ეს ნობელის პრემიაა ლიტერატურაში“.

„მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ რუსეთში ფილმი გამოვა, ეს მხოლოდ დროის 

საკითხია“. 

თეოდორ კურენზისი – „30-იანი წლების საბჭოთა კავშირში ცხოვრება შესაძლებელია, ცხოვრება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ რთულია გეცხოვრა მაშინ და ყოფილიყავი ადამიანი, შეგენარჩუნებინა საკუთარი ღირსება.“

 

 

იუნგერ იუგერსი -„ ფაზბინდერსაც მსგავსი მიდგომა ჰქონდა მსახიობებთან, როგორც ილიას, ოღონდ მასშტაბშია სხვაობა. ბევრ მონაწილეს მოუწია საკუთარი თავის გარდატეხა, ამიტომ გადაღებაზე თავი კომფორტულად არასოდეს მიგრძნია, არასოდეს!

 

 

მოსაზრება:

თუკი პროექტს იდეიდან – დასრულებამდე 13 წელი დასჭირდა, მე თითქმის ერთი თვე მოვანდომე პროექტის შესახებ არსებული მასალის შესწავლას. წავიკითხე ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები და მოსაზრებები, მათ შორის, არაერთმნიშვნელოვანი Le Monde-ს პუბლიკაცია, რომელიც ამ ფრანგული გამოცემის ისტორიაში ყველაზე ვრცელი აღმოჩნდა. მოვიპოვე  გარკვეული ეპიზოდების ონლაინ ყურების უფლება.  

მეგობრების ტელეფონებით გადაღებულმა მასალამაც კარგი წარმოდგენა შემიქმნა პროექტის მიმდინარეობაზე, ბევრი მათგანი ხარკოვში გადაღებებზეა გადაღებული, ზოგიც პარიზის პრემიერაზეა ჩაწერილი.. არ არის საჭირო 700 საათის ნახვა, რომ მიხვდე, ეს პრინციპულად ახალი სიტყვაა კინოში, ასეთი სრულყოფილი  ფორმით დოკუმენტური და მხატვრული ჟანრების შერწყმა ჯერ არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კინოში ეს ტენდენცია დიდი ხანია არსებობს და ზღვარი ჟანრებს შორის ნელ-ნელა იშლება.

ასევე შთამბეჭდავია გამოგონილი და ნამდვილი პერსონაჟების სიმბიოზი, თანამედროვე ადამიანის კვლევა წარსულის პირობებში და დეკორაციებში. პირობითი სამყარო მონაწილეებს საშუალებას აძლევს მეტი გაიგონ საკუთარ თავზე და გაზარდონ საკუთარი ლიმიტები. ყველა ერთგვარი ექსპერიმენტის ქვეშ არის, ჩემი აზრით, თავად რეჟისორიც. „დაუ“ პროცესუალური ხელოვნების უნიკალური მაგალითია. ეს მომავლის კინოა!

 

რეჟისორზე:

ის რომ, ილია ხრჟანოვსკის  მსახიობის ნერვული სისტემის მართვა შეუძლია, ჩემთვის  ჯერ კიდევ, „ვგიკ“-ში იყო გასაგები. კარგად მახსოვს მისი საკურსო ნაწყვეტის ჩვენების შემდეგ აკანკალებული, მთავარი როლის შემსრულებელი, მეორეკურსელი მსახიობი. ამიტომ „დაუს“ სცენებში მიღწეული დაძაბულობის ხარისხი არ მიკვირს.  მაგრამ ის, რომ კეთილმა, რუსულ მულტფილმებზე აღზრდილმა (ილია ცნობილი რუსი მულტიპლიკატორი ანდრეი ხრჟანოვსკის შვილია), ნაკითხმა, რბილმა და ღიმილიანმა „ილუშამ“ ბოროტების იმპერიის აღდგენა და მისი დიქტატორივით, რკინის ხელით მართვა შეძლო, ნამდვილად გასაკვირია. 

ასეთი მეტამორფოზა საკუთარ თავზე ექსპერიმენტი და პიროვნული ნგრევის  რისკის ფასად მიღწეული შედეგი მგონია. 3 წლის განმავლობაში გადაღებებზე ის  სასტიკად სჯიდა ყველას, ვინც პროექტის თამაშის წესებს არღვევდა. მონაწილეებს, სასტიკი სასჯელის მისაღებად  ჩეკას სარდაფებში დაუნდობლად გზავნიდა, ზუსტად ისე, როგორც 30-იანი წლების საბჭოეთში. წამებაც და ტკივილიც ნამდვილი იყო, თამაშის და ხუმრობის გარეშე. ერთის გათვალისწინებით – მონაწილეებმა თამაშის წესები წინასწარ იცოდნენ და პროექტის დატოვება  ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ოღონდ უკან დაბრუნების გარეშე.

ყველაზე საზიზღარი როლი მან თავად მოირგო და წარმატებით შეასრულა. ვფიქრობ, დიქტატორის ამპლუა დაეხმარა გუშინდელ დებიუტანტს (ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი „4“), ცამეტი  წლის განმავლობაში – იდეის დაბადებიდან პროექტის დასრულებამდე, ემართა ათასობით ადამიანი და მიეღწია იმ გრანდიოზული შედეგისთვის, რასაც დღეს „დაუ“ ჰქვია.

 

დასასრული:

ჩემთვის „დაუ“ არაჯანსაღი ნოსტალგიის ანტიოქსიდანტია, სარკე იმისა, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ დიდი მიღწევები,  ორმანეთიანი ძეხვი და უფასო განათლება არ ყოფილა. თუკი გვენატრება თლილი ჭიქები, მაშინ ისიც გვახსოვდეს, რას ვსვამდით მაგ ჭიქებით, ვინ ვიყავით და როგორ გამოვიყურებოდით.

ის ქვეყანა უნდა დანგრეულიყო და დაინგრა, ისევე როგორც კონსტრუქტივიზმის სტილში, 12 ათას კვ. კმ-ზე აშენებული ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის დეკორაცია.

„დაუ“ რეჟისორის და  პროექტის თითოეული მონაწილის დროზე და საკუთარ თავზე გამარჯვებაა!

ერთ დახურულ ჩვენებას ჩვენი ტაქსისტებისთვისაც მოვაწყობდი!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.