fbpx

200000 წლის წინათ, მოულოდნელად, ადამიანის ტვინი სიძლიერით გაორმაგდა. რატომ?


გააზიარე სტატია



კოგნიტური შესაძლებლობების მხრივ, ადრეულ ჰომო საპიენსსა და ჩვენს უშუალო წინამორბედ ჰომო ერექტუსს შორის დიდი განსხვავებაა. რა  თქმა უნდა, ერექტუსი ბევრად წინ დგას, მაგრამ საპიენსის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა ხელოვნებისა და პიქტოგრაფიის ნაკვალევი. 

90-იანი წლების დასაწყისში ეთნობოტანიკოსმა ტერენს მაკკინმა გამოსცა  წიგნი “ღმერთების საკვები”, რომელშიც მან ივარაუდა, რომ ჰომო საპიენსის შემეცნებითი ნახტომი ჯადოსნური სოკოების აღმოჩენით იყო გამოწვეული.

სამეცნიერო საზოგადოებამ მაკკენას თეორია სერიოზულად არ მიიღო და ერთგვარ ჰალუცინაციურ სპეკულაციად აღიქვა, მაგრამ მის იდეებს სადისკუსიო ვებპლატფორმა Reddit-ზე ადამიანები აქტიურად განიხილავენ. 

ტერენსის იდეას ახალი დამცველი, მიკოლოგისტი პოლ სტამეტსი გამოუჩნდა, რომელიც ვარაუდობს, რომ მაკკენა მართალი იყო.

ჰიპოთეზის თანახმად, როდესაც ადამიანებმა  ახალ რეგიონებში მიგრირება დაიწყეს, ისინი ფსიქოდელიურ სოკოებს წააწყდნენ, რომლებიც შეჭამეს. სოკო ფსილოციბინს – ჰალუცინოგენურ ალკალოიდს შეიცავდა, რომლის მიღების შემდეგ მათი ტვინი “გადატრიალდა”, ინფორმაციის დამუშავების ახალი შესაძლებლობები მოიპოვა და ჩვენი წარმოსახვაც გააფართოვა. 

ფსიქოდელიური ნივთიერებების  მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ მისი მიღების შემდეგ სამყარო აღარ იყო ისეთი, როგორიც მანამდე. მაკკენამ აღნიშნა, რომ ჰომო საპიენსმა ამ აქტით უმაღლესი ცნობიერებისაკენ ახალი გზა გახსნა, ამ დროსვე შეიქმნა რელიგიური რიტუალები, კალენდრები და ბუნებრივი მაგია.

2017 წელს ამ თეორიასთან დაკავშირებით პოლ სტამეტსმა ფსიქოდელიური მეცნიერების კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე “ფსილოციბინი სოკოები და  ცნობიერების მიკოლოგია”. თავის გამოსვლაში იგი მაკკენას ჰიპოთეზის აღდგენას ცდილობდა, როგორც სრულიად დამაჯერებელ პასუხს გრძელი ევოლუციური გამოცანის შესახებ.  “ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაიაზროთ, არის ის, რომ ადამიანის ტვინის უეცარი გაორმაგება 200000 წლის წინათ მოხდა. ევოლუციური თვალსაზრისით, ეს უჩვეულო გაფართოებაა  და არ არსებობს სხვა ახსნა ადამიანის ტვინში ამ უეცარი ზრდის შესახებ.”

სოკო – რატომაც არა? სტამეტმა გამოსვლისას ისაუბრა ადრეული ადამიანების ჯგუფზე – ისინი სავანებში მიდიან და შემთხვევით მსოფლიოში ყველაზე დიდ ფსიქოდელიურ სოკოებს წააწყდებიან, რომლებიც ცხოველების ფეკალიებისგან ბუნებრივად იზრდებიან. მან აუდიტორია მოიწვია, რათა საკუთარი შეხედულება გადაეფასებინათ და დაეჯერებინათ, რომ მაკკენას იდეა საკმაოდ სარწმუნო ჰიპოთეზას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, აუდიტორია  ენთუზიაზმით იყო სავსე , თუმცა, სამართლიანად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ფსიქოდელიური მეცნიერების კონფერენციაზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, წინასწარ იყვნენ განწყობილნი ამ ქიმიკატების მნიშვნელობის მიმართ.

“ცნობიერება” თანამედროვე სამყაროშიც რთული პრობლემაა და ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. რა არის ცნობიერება? არის კი საკმარისი, რომ მისი წარმოშობა ისეთ მარტივ მოვლენას დავუკავშიროთ, როგორიც სოკოების ჭამაა? ბევრი ექსპერტი ეჭვობს, რომ ჩვენმა ტვინმა ახალი შესაძლებლობები საზოგადოების ადრეული კავშირებისა და სოციალური ინტერაქციის მოთხოვნების შედეგად მოიპოვა, მაგრამ როდის?

”გამოსახულება, რომელიც ფსიქოდელიური გამოცდილებით მოდის, უძველეს ხელოვნებაშიც გვხვდება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ფსიქოდელიური გამოცდილება და სხვადასხვა ტექნიკა, მაგალითად, ცეკვა და მუსიკა, ჩვენმა პირველმა წინაპრებმა  ცნობიერების გასაუმჯობესებლად გამოიყენეს, რამაც შემდეგ ხელი შეუწყო სულიერების, ხელოვნებისა და მედიცინის განვითარებას”, – განაცხადა ამანდა ფეილდინგმა. 

 

ორიგინალი: https://bigthink.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.