აზიის ტურისტული ეპიცენტრები კორონავირუსამდე და მის შემდეგ – ფოტოსერია
კორონავირუსმა ჩინეთსა და მის ირგვლივ არსებულ ქვეყნებში ტურიზმის ინდუსტრიას დიდი დარტყმა მიაყენა.
ისეთ ტურისტულ ობიექტებს, როგორებიცაა ჩინეთის დიდი კედელი, შანხაის დისნეილენდი და სხვა, ან გარკვეული ღონისძიებების გაუქმება მოუწიათ, ან საერთოდ დაიხურა. კორონავირუსის ეპიდემიამ აზიის კონტინენტი დიდად დააზარალა და ქვემოთ ნაჩვენები სურათები ამას ნამდვილად ამტკიცებს. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურებოდა და როგორ გამოიყურება ახლა აზიის ყველაზე დიდი ტურისტული ობიექტები, რომლებიც მიტოვებულ ქალაქებს დაემსგავსნენ.
„აკრძალული ქალაქი“ პეკინში
ადგილი, რომელსაც ისედაც აკრძალული ქალაქი ერქვა, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ სახელს ნამდვილად ამართლებს.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო პეკინში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული წერტილი სტუმრებისთვის დახურულია.
სამოთხის ტაძარი
პეკინში მდებარე „სამოთხის ტაძარი“ მე-15 საუკუნის რელიგიური ცენტრია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შორისაა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ წერტილად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ხელისუფლებას მისი დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია, მეორე ფოტოში კარგად ჩანს, რომ ტურისტების რიცხვი თითქმის განულებულია.
ჩინეთის დიდი კედელი
ჩინეთის დიდი კედელი არა მარტო აზიის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობად ითვლება, რომელსაც 2019 წელს ყოველდღიურად 65 000 ადამიანი სტუმრობდა.
პირველი ფოტო 1 იანვარსაა გადაღებული, მეორე ფოტოში კი ჩანს, როგორ გამოიყურება მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებათაგან ერთ-ერთი 7 თებერვალს.
ჩინეთის ხელისუფლებამ 25 იანვარს კედლის ერთი ნაწილი ჩაკეტა, დანარჩენ სექტორებში კი ტურისტებს მხოლოდ ტემპერატურის შემოწმების შემდეგ უშვებენ.
შანხაის დისნეილენდი
შანხაის დისნეილენდი 2016 წელს გაიხსნა, რომელმაც პირველსავე წელს 11 მილიონ ადამიანს უმასპინძლა.
პარკი, რომლის აშენებაც 5.5 მილიარდი დოლარი დაჯდა, ჩინეთში მსგავსი მასშტაბის პირველი დაწესებულებაა.
25 იანვარს შანხაის დისნეილენდი დაიხურა და სტუმრებს ვეღარ მასპინძლობს.
„ჩინური ვეგასი“
2018 წელს მაკაოს, მსოფლიოს უდიდეს გემბლინგ ჰაბს, 35.8 მილიონი ადამიანი ესტუმრა.
„ჩინურ ვეგასად“ წოდებულ ქალაქს მილიონობით სტუმარი თითქმის 60 წელია სტუმრობს, მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშები ჩინეთში ლეგალური გახდა.
4 თებერვალს კაზინოები 2 კვირით დაიხურა, რადგან 10 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.
დღეის მდგომარეობით კაზინოები ღიაა, თუმცა მასში შემსვლელ ყველა პირს სპეციალური ნიღბის გაკეთება ევალება.
რაჩადას ღამის ბაზარი
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი პირველად ჩინეთში დაფიქსირდა და ყველაზე მეტადაც სწორედ ამ ქვეყანაშია გავრცელებული, ვირუსმა მთელი აზიის ტურისტულ ობიექტებზე იმოქმედა, რადგანაც გადაადგილება ჩინეთის მოქალაქეებსაც აკრძალული აქვთ. აზიურ ქვეყნებში კი ტურისტების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ ჩინელები წარმოადგენენ.
რაჩადას ღამის ბაზრობა აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, გასულ წელს ტაილანდს 11 მილიონი ჩინელი ესტუმრა, თუმცა 2020-ში კორონავირუსის გამო აქ მხოლოდ 2 მილიონ სტუმარს ელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი არ დახურულა, მას ამ პერიოდში სტუმრები ფაქტობრივად არ ჰყავს.
კულტურის ტაძარი
ვიეტნამში, ჰანოიში მდებარე ლიტერატურის, იგივე კულტურის ტაძარი, ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ძეგლად ითვლება.
კორონავირუსის აფეთქებამ ვიეტნამის ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან ჩინეთი მის მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება.
ტაძარი დახურული არ არის, თუმცა იქ შესვლა მხოლოდ პირბადითაა შესაძლებელი, ტურისტთა რაოდენობა კი საგრძნობლადაა შემცირებული.
ჰო ჩი მინის მავზოლეუმი
ჰანოის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, ჰო ჩი მინის მავზოლეუმია, რომელსაც ხშირად დიდი სახელმწიფო ცერემონიალებისთვის იყენებენ.
ასე გამოიყურება მავზოლეუმის ეზო კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ტურისტს ვხედავთ, რომლებიც პირბადეებით არიან აღჭურვილები.
გიენგბოკგუნგის სასახლე
ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ კორეა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად იქცა, მხოლოდ 2018 წელს მას 15.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია.
გიენგბოკგუნგის სასახლე კი ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ტერიტორიული სიახლოვის გამო სამხრეთ კორეაში ჩასული ტურისტების დიდ უმრავლესობას სწორედ ჩინელები შეადგენენ. 2018 წელს მიღებული 15.5 მილიონი ვიზიტორიდან, თითქმის 5 მილიონი ჩინელი იყო.
19 თებერვალს ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50 პროცენტით გაიზარდა, რაც გიენგბოკგუნგის სასახლის ვიზიტორების რაოდენობაშიც აისახა.
შიბუას გადასასვლელი
17 თებერვლის მონაცემებით, იაპონიაში კორონავირუსის 59 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
პირველ ფოტოზე გამოსახული ადგილი შიბუას გადასასვლელია, რომელიც ტოკიოს ცენტრში მდებარეობს და მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იყენებს.
იგივე გადასასვლელი ჩანს მეორე ფოტოშიც, რომელიც მას შემდეგაა გადაღებული, რაც იაპონიაში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი იაპონური გემი – Diamond Princess კი ვირუსის გავრცელების გამო კარანტინში მოყვა.