ტოკსიკურ ნივთიერებებს საკვებსა და კოსმეტიკაში აპლიკაცია Yuka შტრიხკოდის საშუალებით გიჩვენებთ
ავტორი: Flora Southey
სმარტფონის აპლიკაცია Yuka ადამიანებს მაღაზიაში პროდუქტების არჩევაში ეხმარება.
Yuka სამმა დამფუძნებელმა 2017 წელს შექმნა. ამ დროიდან მოყოლებული აპლიკაციამ 10 მილიონი მომხმარებელი მოაგროვა, რომლებიც მისი მეშვეობით მაღაზიებში პროდუქტებს ასკანერებენ. მომხმარებელთა გეოგრაფიული არეალიც საკმაოდ გაიზარდა. იგი გასცდა საფრანგეთს და ახლა მას უკვე ბელგიაში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენებენ.
საკვები პროდუქტებისა და თავის მოვლის საშუალებების ბარკოდების სკანირებით აპლიკაცია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად ჯანსაღია ესა თუ ის პროდუქტი. თუკი მომხმარებელი ნაკლებხარისხიან პროდუქტს აირჩევს, აპლიკაცია მას უკეთეს ალტერნატივას სთავაზობს.
იუკა თავს წარადგენს, როგორც ობიექტურ საშუალებას, რათა მომხმარებლის ინფორმირება უზრუნველყოს პროდუქტების ვარგისიანობასთან დაკავშირებით.
აპლიკაცია შიდა სარეკლამო მომსახურებას არ ახორციელებს, ამიტომაც პარიზულ სტარტაპს მომხმარებლის ნდობაც დამსახურებულად აქვს. აპლიკაციის ძირითადი შემოსავლის წყარო ის მომხმარებლები არიან, რომლებიც დამატებითი სერვისებით სარგებლობენ, მაგალითად, ისეთით, როგორიცაა ჯანსაღი კვების რაციონისა და განრიგის შედგენა.
საკვები პროდუქტების ანალიზისას აპლიკაცია სამ კრიტერიუმს იყენებს:
- კვებითი ღირებულება
- დანამატების შემცველობა
- პროდუქტის ხელმისაწვდომობა
უფრო ჯანსაღი ალტერნატიული პროდუქტები კი მომხმარებელს შემდეგი კრიტერიუმებით მიეწოდება:
- კატეგორიზაცია, ანუ მსგავსება დაწუნებულ პროდუქტთან
- პროდუქტის რეიტინგი
- ხელმისაწვდომობა
როგორ ცვლის Yuka შოპინგის პროცესს?
იმის გათვალისწინებით, რომ დღეში 3 მილიონი სკანირება ხდება აპლიკაციაში, უნდა ვაღიართ, რომ სტარტაპმა რამდენიმე წელში უკვე მოახერხა, გარკვეულწილად შეეცვალა შოპინგის პროცესი.
იუკას ეფექტს კვლევაც კი მიეძღვნა, რომელიც საყოფაცხოვრებო და სასურსათო შოპინგის პროცესის ცვლილებას სწავლობს. მკვლევრებმა გამოიკითხეს 26-დან 65-წლამდე ასაკის Yuka-ს მომხმარებლები და დეტალური ინფორმაცია კვლევის საბოლოო შედეგებში აღწერეს.
მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ Yuka-მ მათ ცხოვრება გაუმარტივა ჯანსაღი პროდუქტის მოძიების თვალსაზრისით. ზოგიერთმა ისიც თქვა, რომ შოპინგის პროცესში ბავშვებიც ჩაერთვნენ, მათთვის სახალისო აღმოჩნდა სკანერის გამოყენება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აღმოჩნდა იუკას დაწუნებული პროდუქტების აღმოჩენა, როდესაც აპლიკაცია გეუბნება, რომ ამა თუ იმ პროდუქტს ზედმეტი ცხიმიანობა აქვს ან ბევრ მარილს შეიცავს, გინდება, რომ ასეთი პროდუქტი თავიდან მოიშორო. გამოდის, რომ ჩვენი არჩევანიც უფრო სწორად კეთდება.
რაც შეეხება Yuka–ს გამოყენების უარყოფით მხარეს, ზოგიერთმა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ Yuka-ს გავლენით თავიანთ საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა უწევდათ, რის გამოც თავს არაკომფორტულად გრძნობდნენ.
ზოგიერთმა მომხმარებელმა Yuka-ს დახმარებით აღმოაჩინა, რომ ჯანსაღი პროდუქტები უფრო იაფი ღირს, ვიდრე სხვები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მკვლევრები საუბრობენ სურსათის ყიდვის ერთგვარ ტრადიციაზე. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები პროდუქტების უამრავი სახეობიდან, ძირითადად ერთსა და იმავეს ყიდულობენ, რადგან მათთვის არც ისე ადვილია ახალი ჩვევების გამომუშავება და განსხვავებული საკვების შეძენა-მომზადება. ამ პროცესს ისინი რუტინულად, შეიძლება გაუცნობიერებლადაც მიჰყვებიან.
მთავარია ჯანსაღად კვების სურვილი, და ამ პროცესში Yuka ნამდვილად დაგეხმარებათ, – ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი. ეს პროცესი ერთგვარი რევოლუციაა, უნდა გადაწყვიტო ცხოვრების სტილის შეცვლა, და თუ ერთხელ შეძლებ, ვეღარასდროს უგულებელყოფ მას.
ორიგინალი: https://www.foodnavigator.com/