ხელისუფლების გამოგონილი “სახალხო დღესასწაულები”, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება
მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დღესასწაულის ქრესტომათიული ან ლექსიკოგრაფიული განმარტება არ არსებობს, Google ბევრ ასეთ დღეს ამოგიგდებთ, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას აღინიშნება.
ამ დღესასწაულების უმეტესობა ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით ტარდება და მათ ორგანიზებაში გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება.
ახლად შექმნილი დღესასწაულების ასორტიმენტი მრავალფეროვანია – მათი ნაწილი კონკრეტულ ადგილთან არის დაკავშირებული (დიდუბობა, კასპობა, სვანეთობა, ბოლნისქალაქობა, გორის დღე), ნაწილი ისტორიულ გმირებთან (შოთაობა, ჭყონდიდლობა, ანდრიაობა, დავითობა, ნატოობა, ათონელობა), ნაწილი საქართველოს დიდებულ ისტორიასთან არის მიბმული და ეროვნული სენტიმენტების გაღვივებას ემსახურება (ეგრისობა, დიდგორობა, ფუძეობა).
არის ისეთი დღესასწაულებიც, რომელიც თავისი სახელის მიხედვით პოზიტიურ შინაარსს უნდა მოიცავდეს, მაგრამ კვლავ წარსულის დიდების და ვითომ მხოლოდ ქართული ღირებულებების წინ წამოწევას ისახავს მიზნად: მაგალითად, ეროვნული სამოსის დღე, ოჯახის სიწმინდის დღე და ა.შ.
გარდა ბოლო წლებში შექმნილი დღესასწაულებისა, მუნიციპალიტეტები სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად აღნიშნავენ პატრიარქის აღსაყდრების დღეს და რელიგიურ დღესასწაულებს.
ჯამში იმდენი საზეიმო დღე არსებობს, მათი კალენდარზე დატანა შთამბეჭდავ სურათს მოგვცემდა, იმ თანხების დაჯამება კი, რაც ამ სხვადასხვა სახელების მიუხედავად, ფორმითა და შინაარსით მსგავსი დღესასწაულების აღნიშვნას ხმარდება, კიდევ უფრო გაგვაოცებდა.
2019 წელს მხოლოდ ბაკურიანობის აღსანიშნავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ 41 ათას ლარზე მეტი დახარჯა. 2016 წელს დიდუბობაში 70 000 ლარი გადავიხადეთ. ორივე დღესასწაული რეგულარულად იმართება.
დღესასწაულები, რომლებსაც ხელისუფლება გვთავაზობს, ერთმანეთის მსგავსია: ყავლგასული ესტრადის მომღერლებით, ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით, ადგილობრივი საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით, ხელისუფლების მაღალი და დაბალი რანგის წარმომადგენლებით, სასულიერო პირებით, ლექსის მთქმელებით, სახელდახელოდ მოწყობილი სცენებით და დამსწრეებით, რომლებსაც დიდად არ ეტყობათ სახეზე, რომ საქმე სადღესასწაულოდ ჰქონდეთ.
გარდა სახალხო დღესასწაულებისა, არსებობს კიდევ ფესტივალები, რომლებიც თავისი არსით დიდად არ განსხვავდება უკვე ჩამოთვლილი დღეებიდან და მათი უმეტესობა გასტრონომიულ გამოცდილებას გვთავაზობს: მაგალითად, ხაჭაპურის ფესტივალი რუხში, ჭაჭის ფესტივალი თელავში და ა.შ.
ადგილებთან დაკავშირებული დღესასწაულები სათავეს დიდი ალბათობით თბილისობიდან იღებს და დღეს უკვე გვაქვს რეგიონული (სვანეთობა, თუშეთობა) დღესასწაულები, ასევე ქალაქების დღესასწაულები (ზესტაფონობა, ბორჯომობა, ხაშურქალაქობა, ბოლნისქალაქობა ) და სოფლის დღეები (კორბოულობა, ვახანლობა, დვაბზუობა, კვეტერლობა, ასკანობა).
ადგილებთან დაკავშირებული დღესასაწაულები, გარდა იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი თბილისობის ინერციით არის შექმნილი და შინაარსისგან უმეტესად დაცლილია, რიგ ადგილებში სხვა, უფრო ტრადიციული და საინტერესო დღესასწაულების ჩანაცვლების მცდელობებია.
მაგალითად, დმანისობა, რომელიც 2016 წლიდან ყოველ 26 ივლისს აღინიშნება პანტიანის ტბის ტერიტორიაზე, ზოგიერთის მოსაზრებით, ელათის ბაირამის მონაცვლე დღესასწაულია. დმანისობა – მომთაბარეობისადმი მიძღვნილი ზეიმი, იგივე მწყემსის დღე, “უმცირესობის დღესასწაული” იყო და აზერბაიჯანელებს საკუთარი კულტურის წარმოჩენის საშუალებას აძლევდა. დღეს მუნიციპალური დღესასწაულები ინკლუზიურობის, მულტიკულტურულობისა და სეკულარული მიდგომისგან მთლიანად დაცვლილია.
არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც, როცა კონკრეტული დღესასწაულის იმ ადგილას აღნიშვნა ადგილობრივების ინიციატივით დაიწყო. მაგალითად, ანდრიაობა ხარაგაულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2001 წელს ხარაგაულელი ახალგაზრდები შოთა ხარატიშვილის ინიციატივით მარტო ავიდნენ მთა რკინის ჯვარზე, ანდრია პირველწოდებულის ნაკვალევზე. წლების განმავლობაში ამ მსვლელობამ ექსტრემალური პილიგრიმული ტურის სახე მიიღო და ყოველ წელს მასში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მათ შორის of road-ის ფედერაციის წარმომადგენლებიც.