fbpx

რატომ უნდა მისცეთ შვილებს სოციალური მედიის გამოყენების უფლება?


გააზიარე სტატია

ავტორი: შამა ჰაიდერი

სოციალური მედია შესაძლოა თანამედროვე ციფრული ლანდშაფტის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად ჩავთვალოთ. ორ ათეულზე ნაკლებ დროში მან რევოლუციურად შეცვალა ჩვენი კომუნიკაციის გზები და შექმნა ახალი კავშირები. დაწყებული იქიდან, თუ რას ვუყურებთ, როგორ ვშოპინგობთ, ვისგან ვიღებთ შთაგონებას – სოციალურმა მედიამ უდიდესი გავლენა იქონია საზოგადოების, კულტურისა და კომერციის ყველა ასპექტზე. 

ფსიქოთერაპევტი და Navesink Wellness Center-ის დამფუძნებელი ნიკი ვუდსი აღნიშნავს, რომ პლატფორმა საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავი ზუსტად ისე წარვადგინოთ, როგორადაც გვინდა რომ აღგვიქვამდნენ. 

 

ნათქვამია, რომ ყველა ქცევა მნიშვნელოვანი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მცდელობაა. რა განსაკუთრებულ საჭიროებებს აკმაყოფილებს სოციალური მედია თინეიჯერებისთვის?

სოციალური მედია გვიკმაყოფილებს ისეთ საჭიროებებს, როგორებიცაა მიმღებლობა,  დადასტურება და აღტაცება, ამ ყველაფერს კი ბავშვები ორმაგად ითხოვენ. განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონები ეძებენ გარე სამყაროსგან დაფასებას, რაც ხელს შეუწყობს მათი პიროვნების უფრო ღრმა შეცნობას და თავდაჯერებულობას. თინეიჯერები და მოზარდები თავიანთი ღირსების გრძნობის დიდ ნაწილს იღებენ იმ თანატოლებისგან, რომლებიც მათ აფასებენ. შესაბამისად, სოციალური მედია ამ ასაკის ბავშვებს აძლევს შეგრძნებას, რომ მათ შეუძლიათ გაზომონ და დააკვირდნენ თავიანთ სოციალურ მდგომარეობას.

ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენება დღემდე რჩება ცხარე დებატების თემად. როგორც ნიკი აღნიშნავს, რეალობა არის ის, რომ ციფრულ ერაში ბავშვის მთლიანად  დაცვა ამ პლატფორმებისგან თითქმის შეუძლებელიცაა, აკრძალვით კი უშვებთ შანსს, რომ მოიპოვოთ თქვენი შვილების ნდობა. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ მათ საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაეხმაროთ  და მართოთ განვითარების ძირითადი საჭიროებები და ურთიერთობების დინამიკა. 

“სოციალური მედია კარია დაუსრულებელი ექსპოზიციისკენ. მშობლების მოვალეობაა უზრუნველყოთ, რომ ეს ექსპოზიცია შესაბამის საზღვრებში იყოს. წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკას, რათა დარწმუნდეთ, რომ სოციალური მედია დადებითის მომტანი იქნება თქვენი შვილებისთვის:

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს პრიორიტეტების მინიჭებაში და დააწესეთ საზღვრები. სოციალური მედია მას შემდეგ უნდა გამოიყენონ, რაც დავალებას, საოჯახო საქმეებს და კლასგარეშე აქტივობებს  შეასრულებენ.  
  • უფრო დაუცველ დღეებში პლატფორმა შეიძლება საშიში იყოს ბავშვების თვითშეფასებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. დაეხმარეთ შვილებს გააცნობიერონ, არიან თუ არა მზად ონლაინში ყოფნისთვის.
  • რეგულარულად ისაუბრეთ  შვილებთან სოციალურ მედიაში მათი გამოცდილების შესახებ. ჰკითხეთ მათ საყვარელ პლატფორმებზე, რას ფიქრობენ იმ რეაგირებებზე, რასაც თავიანთ პოსტებზე იღებენ და ა.შ.
  • იყავით გულწრფელები. აუხსენით, რომ სანამ ისინი სოციალური მედიის სამყაროში ნავიგაციას სწავლობენ, თქვენ მონიტორინგი უნდა გაუწიოთ მათ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”

 

რა არის შესაძლო ნიშნები იმისა, რომ ბავშვები იყენებენ სოციალურ მედიას არაჯანსაღი გზით?

ობსესიური სქროლვა ან უარის მიღება, როცა ეუბნებით, რომ შეწყვიტონ მოხმარება – შეიძლება ამ დროს ვივარაუდოთ, რომ საზღვრები ჯანსაღი გზით არ გვაქვს დაწესებული ან სოციალურ მედიას რეალობიდან “გაქცევის” საშუალებად იყენებენ. განწყობის ნეგატიური ცვლილებები გამოყენების დროს ან მის შემდეგ შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენს შვილს ამჩნევთ ისეთ რამეს ან ურთიერთობს ისეთ ადამიანთან, ვინც მასზე უარყოფითად მოქმედებს. დაბოლოს, თუ შვილებს ამჩნევთ, რომ დიდ დროს უთმობენ სრულყოფილი სურათის გადაღებას ან სისტემატურად ამოწმებენ  “მოწონებებს”, შესაძლებელია საქმე გვქონდეს ღრმა შინაგან კომპლექსებსა და დაუცველობასთან.

ფსიქოთერაპევტის თქმით, პოტენციური დისციპლინური მოქმედების დაწესებამდე ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ნდობის განმტკიცება და შვილების დახმარება ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ დაკვირვება უნდა იყოს ნეიტრალური, განსჯისა და ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე. მაგალითად, შეიძლება უთხრათ: “ცოტა შეწუხებული ჩანხარ იმ სურათის ნახვის შემდეგ, შენმა მეგობარმა რომ დაპოსტა”, ან “ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონის გამორთვას გთხოვ, თითქოს ძლიერ ემოციებს ავლენ”. იმის გამო, რომ თინეიჯერების გონება ჯერ კიდევ ვითარდება, ისინი საკუთარ ქცევებსა და მოქმედებების შედეგებს ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. Მოსიყვარულე ურთიერთობით, მნიშვნელოვანი კითხვების ფრთხილად დასმით ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, შესაბამისად, ბავშვები ნელ-ნელა იაზრებენ თავიანთ სუსტ მხარეებს. ამ გზით მოვიპოვებთ მათ ნდობას, რადგან თინეიჯერებს ფაქიზი მიდგომა სჭირდებათ.

ორიგინალი: https://www.inc.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.