3000 წლის წინანდელი ციხესიმაგრის ნაშთი თურქეთში, ვანის ტბაში აღმოაჩინეს
უძველესი, 3000 წლის წინანდელი ციხესიმაგრის ნაშთი თურქეთის უდიდესი ტბის ძირში აღმოაჩინეს. წყალქვეშა ექსპედიციას ხელმძღვანელობდნენ Van Yüzüncü Yıl-ის უნივერსიტეტი და თურქეთის აღმოსავლეთ ბითლისის პროვინციის გამგეობა.
ამბობენ, რომ ციხე ეკუთვნის რკინის ხანის ცივილიზაციას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვანების, ურარტუს, არარატისა და სომხეთის სამეფო. რაც შეეხება ტბას, ითვლება, რომ ის ჩამოყალიბდა კრატერისგან, რომელიც ვანის პროვინციის მახლობლად, ნემრუთის მთაზე ვულკანური ამოფრქვევითაა გამოწვეული. წყალსაცავის ამჟამინდელი წყლის დონე დაახლოებით 150 მეტრით მაღალია, ვიდრე რკინის ხანის პერიოდში.
მყვინთავებმა, რომლებიც ვანის ტბას იკვლევდნენ, ციხის წარმოუდგენლად კარგად შემონახული კედელი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ურარტუს ცივილიზაციამ ააგო.
მკვლევართა ჯგუფში არიან წყალქვეშა ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი ტაჰსინ კეილანი, მყვინთავი კუმალი ბიროლი და Van Yüzüncü Yıl-ის უნივერსიტეტის პროფესორი მუსტაფა აკუსი.
ვანის მოსახლეობაში გავრცელებული იყო ლეგენდები, რომ ტბაში უძველესი ნანგრევები იმალებოდა, შესაბამისად, მკვლევართა გუნდმა გამოძიება გადაწყვიტა. ათი წლის განმავლობაში მათ მარგალიტისფერი ბარაბულის, მიკრობიალიტების, მარჯნის და ჩაძირული რუსული ხომალდის ფოტოებიც კი აღბეჭდეს.
ციხე, ისევე როგორც ამ მხარეში მდებარე მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი, აშენდა იმ დროს, როდესაც წყლის დონე გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე დღეს. Hurriyet Daily News-სთან საუბრისას ბატონმა კეილანმა განაცხადა: “ბევრი ცივილიზაცია ვანის ტბასთან დასახლდა, რომელსაც “ზედა ზღვა” დაარქვეს და სჯეროდათ, რომ ის ბევრ საიდუმლოებას მალავდა. ამ რწმენით ვმუშაობთ ტბის საიდუმლოებების გამოსავლენად. წყალქვეშ ამ ციხესიმაგრის პოვნა სასწაულია.”
ურარტუს სამეფო უძველესი ქვეყანა იყო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთის მთიანეთში. დღეს რეგიონი შემდეგნაირადაა დაყოფილი: სომხეთი, აღმოსავლეთ თურქეთი და ჩრდილო-დასავლეთ ირანი.
ასურულ ძვ.წ. XIII საუკუნის დასაწყისიდან მოხსენიებული წყაროების მიხედვით, ურარტუ ძვ.წ. IX და VIII საუკუნეებში შუა აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაუფლებით სარგებლობდა. მათ ძვ.წ. VI საუკუნეში სომხებმა აჯობეს. ურარტუ ასურული სახელია და ხალხი თავიანთ ქვეყანას ბიაინილის უწოდებდა. მათი დედაქალაქი თუშპა მდებარეობდა იქ, სადაც ამჟამად ვანის ტბაა განთავსებული.
ურარტული დასახლებების ნაშთების უმეტესი ნაწილი გვხვდება ოთხ ტბას შორის: ჩილდირი და ვანი (თურქეთი), ურმია (ირანი) და სევანი (სომხეთი).
ორიგინალი: https://www.archaeology-world.com/