14-მა ხელოვანმა საუდის არაბეთის უდაბნო თანამედროვე ხელოვნების ოაზისად აქცია
ავტორი: Jessica Stewart
საუდის არაბეთში Desert X AlUla გამოფენამ უძველესი ოაზისი თანამედროვე ხელოვნების მოედნად გადააქცია. გამოფენა 14 ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანს აერთიანებდა, რომლებმაც უდაბნოში სპეციფიკური ინსტალაციები შექმნეს. თითოეული ინსტალაცია ლანდშაფტის შთაგონებით არის შექმნილი. ამ ტიპის გამოფენა საუდის არაბეთში პირველია და Desert X-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. გამოფენა, ჩვეულებრივ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ კალიფორნიაში იმართება.
საუდის არაბეთში განხორციელებული ეს ისტორიული პროექტი ახალგაზრდა მხატვრებს აერთიანებს, რომელთა უმეტესობა ქალია. მათ უდაბნო “ტილოდ” გამოიყენეს და ისეთი საოცარი ინსტალაციები შექმნეს, როგორიცაა: Now You See Me, Now You Don’t, One Two Three Swing.
”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უდაბნოში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა შექმნის კულტურულ დიალოგს ინდივიდებსა და საზოგადოებებს შორის,” – გაგვიზიარა ნევილი უეიკფილდმა, Desert X-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა და Desert-ის კურატორმა. ”გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა ნახევარი 30 წლამდე ასაკისაა. ამ კრიტიკულ დროში ღონისძიება საშუალებას იძლევა დააკავშიროს ხელოვანები, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იზოლირებულნი იყვნენ ერთმანეთისგან”.
ზოგიერთი მონაწილე პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდა, რათა მონაწილეობა არ მიეღო გამოფენაში, თუმცა, საბოლოოდ, ისინი ამაყობდნენ, რომ ამ გარღვევის მონაწილენი გახდნენ. ”რევოლუციურია ის ფაქტი, რომ მე, წარმოშობით პუერტორიკოელ ქალს, შემიძლია საუდის არაბეთში გიგანტური ობიექტი აღვმართო, რომელიც ჭურვებსა და ტყვიებს წარმოაჩენს. აქ მომეცა საშუალება, რომ ცენზურის გარეშე წარმომედგინა ის, რისი გამოხატვაც მინდოდა”, – გაგვიზიარა გისელა კოლონმა, რომელმაც უდაბნოსთვის ჭურვის ფორმის დიდი ქანდაკება შექმნა.
ისტორიულად, ისინი აუტსაიდერებს რიყავენ, ახლა კი ეს ღია კარი ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯია საუდის არაბეთის მხრიდან, რაც ახალ ხმებს საშუალებას აძლევს, თანამედროვე კულტურაში გაჟღერდნენ. ამით ისარგებლა ისეთმა ხელოვანმა, მხატვარმა, როგორიცაა ლიტა ალბუკერკე. მან გამოიყენა მომენტი, რათა თამამი ნაბიჯი გადაედგა. მისი ინსტალაცია გასაოცარია და მძლავრი, რამდენადაც ქალი ასტრონავტი უდაბნოში ხაზს უსვამს მის როლს ასტრონომიის დაბადებაში. ფრანგი-ტუნისელი ხელოვანის, eL Seed-ის “Mirage” მე–7 საუკუნის სასიყვარულო ისტორიას ეფუძნება. ხელოვანმა აკრძალული სიყვარულის ეს ისტორია კალიგრაფიულ ფორმად და თანამედროვეობის ლეგენდად აქცია.
”როდესაც უდაბნოში ჩამოვედი, მივხვდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა გარემოსთან კონკურენცია, ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ნამუშევარი, რომელიც უდაბნოსთან იქნებოდა შერწყმული. ჯამილსა და ბუტეინს არასდროს შეეძლოთ ერთად ყოფნა. ესეც მირაჟია… სიყვარული უნივერსალურია. ეს გვაერთიანებს ყველას”, – აღნიშნა eL Seed-მა.
ორიგინალი: https://mymodernmet.com/