ანანო ბაკურაძე – დღიურები კარანტინიდან – დღე 1
დღიურებს ბავშვობაშიც არ ვწერდი, ერთი ორჯერ ვცადე და მერე მივხვდი, რომ ძაან მეზარებოდა ამ დღიურების გადაკითხვა და შევეშვი. თან წარსულზე ლაპარაკი სულ არ მიყვარს. რაღაცას თუ ვხურავ, იმ ამბავს იქ ვტოვებ, რა დროსაც მიეკუთვნება.
გამარჯობა, ეს ჩემი პირველი დღიურია. უფრო სწორად, ჩემი პირველი დღიურის პირველი დღე.
17 მარტი, ციურიხი
რახან გამონაკლისი დავუშვი და დღიურის წერა დავიწყე, კიდევ მეორე გამონაკლისს დავუშვებ და იმ ცხოვრებას გავიხსენებ, კორონამდე რომ მქონდა.
გუშინ, მაგალითად, კორონამდელი ფოტოების თვალიერება დავიწყე.
ეს მე და ეკა ვართ ბერლინში, ჩვენს პირველ ტიკტოკ-ვიდეოს ვწერთ.
ეს მე და ჩემი მეგობრები ბრაზილიაში
ეს მე და მამაჩემი ვართ, კახა. თმას რომ მიშრობს და ჯერ კიდევ რომ არ მაქვს მობეზრებული აიფონი და ვიდეოს დაპოსტვისთვის ვემზადები.
ეს მე და იკო ვართ ლოლიტაში
და ეს ფოტო… არ ვიცი რატომ გადავიღე 14 იანვარს… ცოტა კი შემეშინდა, რა მეხუმრებოდა…
ასე ვცხოვრობდი არხეინად… თურმე.
ალექსანდრეც გადაგვიღია კავთისხევში.
და ახალ წელს პარიზშიც ვყოფილვარ.
ვირთხამ გადამირბინა პარიზის რესტორანში და ჩემი სახისთვის ფოტოს გადაღება არ დამზარებია.
ვირთხამდე ასე გამოვიყურებოდი. არ გეგონოთ, სუ ეს სახე მაქვს.
ახლა, კორონა ერაში, სადღაც ვირთხის ნახვამდე და ვირთხის ნახვის შემდეგ სახე მაქვს.
მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა და მე რა მეხუმრება. დარსომ რომ მომწერა, დღიურები დაგვიწერეო, ისე გამიხარდა, გეგონება, კანის კინოფესტივალის საკონკურსო ფილმების სიაში ჩემი და ქეთი მაჭავარიანის სცენარით გადაღებული ფილმი მოხვდა.
ერთადერთი ადამიანი, ვისაც უარს ვერაფერზე ვეუბნები, ნინო დარასელია. რომ მთხოვოს, ჩემთვის არცთუ ისე სასურველ რომელიმე გადაცემაში მიიღე მონაწილეობაო, ნაღდად ვერ ვეტყვი უარს. ამას ახლა გაიგებს, რომ უარს ვერ ვეუბნები. საბედნიეროდ, 28-ე წელია, რასაც მთავაზობს, ყველაფერი მომწონს.
წარსულის გახსენებით თუ დავიწყე დღიურის ეს თავი, იმას გავიხსენებ, რომ ერთხელ, კავსაძის ქუჩაზე, მაღლა, ერთ-ერთ კორპუსში მათემატიკის გაკვეთილზე ვიჯექი, საშინლად მოწყენილი. გამრავლების ტაბულაც არ ვიცი და მათემატიკური ტვინის 0,1%-ც არ მაქვს. რა ვქნა, ყველა მსახიობია ჩემ ოჯახში, გენეტიკურია.
ხოდა მირეკავს ტელეფონი, უცხო ნომერი. ასე 15-16 წლის ვიქნებოდი. გამარჯობა, ანანო, შენ ხომ კახა ბაკურაძის შვილი, ანანო ბაკურაძე ხარო, დიახ-მეთქი, მე ნინო დარასელი ვარო, “ანაბეჭდიდანო”. “ანაბეჭდი” მაშინ ყველაზე cool ჟურნალი იყო და მანდ მოხვედრა კანზე – არანაკლები. ხოდა მეუბნება, რომ მეორე დღეს, დღის 4 საათზე შანიძის ქუჩაზე უნდა მივსულიყავი, ჩემი გადაღება უნდოდათ რაღაც პროექტში.
15 წლის ანანო მივბლაყუნდი “ანაბეჭდში”, ხოდა როგორ გინდათ უარი უთხრათ ადამიანს, ვინც მაშინ “ანაბეჭდში” შემიშვა.
ისე აქ ყველაფერი დაკეტილია. მოგონებებით თუ გავირთობ თავს.
ხვალიდან მოგიყვებით, რა გადამხდა, რატომ ვარ ევროპაში და არა საქართველოს რომელიმე კარანტინში და საერთოდ, საიდან სად აღმოვჩნდი. მანამდე, იმედია, თქვენი თვითიზოლაციის 10 წუთი, ან 7, არ ვიცი, მხიარულად გაატარეთ.
PS. დღეს ეს დავპოსტე ჯგუფში “ერთობა” და აქაც გადმოვპოსტავ.
ძვირფასო თვითიზოლირებულებო
შესანიშნავი ფილმები მაქვს თქვენთვის.
ძალიან რთულია როცა არ აპირებ საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და რიგი მიზეზების გამო რჩები. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს გამოწვევაა საკუთარ თავებთან თუ ოჯახის წევრებთან დარჩენა.
მე პირადად კინო ყოველთვის მეხმარებოდა, როცა რაღაც მიჭირდა. შეიძლება ეხლა სულაც არ გიჭირთ ვიღაცეებს მაგრამ 2 კვირა საკმაოდ დიდი დროა იმისთვის რომ ფიქრი ფიქრს არ დაეწყოს და ფიზიკურად სახლში მაგრამ გონებრივად ცხრა მთას იქეთ აღმოჩნდეთ.
თქვენთვის გავაკეთე ფილმების სია, შეიძლება 14-ზე მეტი იყოს იმიტომ რომ დღეში რამდენიმე ფილმის ყურებაც შეიძლება
კინო გვეხმარება ვიგრძნოთ რომ მარტოები არ ვართ და რომ ჩვენამდე სხვასაც უგრძვნია ის რასაც ჩვენ ეხლა ვგრძნობთ და რომ თვითიზოლაცია შესანიშნავი შანსია გაიცნო შენი თავი და ოჯახის წევრები, რომლებსაც დროს თითქმის ვეღარ ვუთმობთ
სასაცილო გამოვიდა ჩემი ფილმების playlist, ზომბი ფილმებიდან დაწყებული, ცოტა კლასიკითა და თანამედროვე კინოს შესანიშნავ სურათებით დამთავრებული.
ისე თუ ეს სია არ გეყოფათ გირჩევთ, რომელიმე კინორეჟისორი აირჩიოთ რომელიც მოგეწონებათ ამ სიიდან მათი სხვა ფილმებიც დაგუგლოთ და ნახოთ. ჩემი საყვარელი რეჟისორი ჯიმ ჯარმუშია და მიკერძოებულად 4 თუ 5 ადგილი დაიკავა ჩემს სიაში…
მოკლედ თუ რამე კითხვა გექნებათ, კიდე რამე კონკრეტული ფილმი გაინტერესებთ აქ ვარ და მომწერეთ როცა გაგიხარდებათ.
მეგობრული კომენტარები მივაწერე ფილმებს, რომ მიხვდეთ დაახლოვებით რა განწყობაზე დაგაყენებთ.
1. “მიცვალებულები არ კვდებიან” ჯიმ ჯარმუში (2019 წლის ფილია, ძაან გასართობია)
2. “ყავა და სიგარეტი” ჯიმ ჯარმუში (კლასიკა)
3. “პატერსონ” ჯიმ ჯარმუში (შესანიშნავი იუმორით)
4. “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან” ჯიმ ჯარმუში (ტილდა სვინტონის შესანიშნავი როლი)
5. “დამსხვრეული ყვავილები” ჯიმ, ჯარმუში (კლასიკა, ბილ მურეის შესანიშნავი როლი)
6. “ზაფხული” კირილ სერებრენიკოვი (ვიქტორ ცოის ბიოგრაფიული, სასიამოვნო მუსიკით და სათქმელის საინტერესო ფორმებით)
7. “წვრილმანი ქურდები” ჰიროკაზუ კორე ედა (კანის კინოფესტივალის 2018 წლის გამარჯვებული)
8. “პოეზია” ლი ჩან დონგი (თუ გინდათ რომ ცხოვრებას სხვანაირად შეხედოთ)
9. “ალმოდებული” ლი ჩან დონგი (ულამაზესი ფილმი)
10. “შავი კუკლუსკლანი” სპაიკ ლი (ამერიკელ “ქართულ მარშზე” :))
11. “ოკჯა” ბონ ჯო ჰო (პარაზიტის რეჟისორი) (ტილდა სვინტონი აქაც, გაერთობით)
12. “დედა” ბონ ჯო ჰო (პარაზიტზე მეტად ეს ფილმი მომწონს მე)
13. “ენი ჰოლი” ვუდი ალენი (კლასიკა, ვუდი ალენის საუკეთესო პერიოდი)
14. “მატარებელი ბუსანისკენ” იო გონგ (ზომბი ფილმი)
15. “პატარა თეთრი ტყუილები” გიომ კანე (ძაან გასართობია და ორი ნაწილია)
16. “ამელი” ჟან პიერ ჟონე (ფრანგული კინოს მოდერნ კლასიკა)
17. “უტოია 22 ივლისი” ერი პოუპი (ოპერატორის ბრწყინვალე ნამუსევარი, საათ ნახევარი უწყვეტი კადრი და ძალიან მძიმე ამბავი)
18. “შეშლილი პიერო” ჟან ლუკ გოდარი (კლასიკა, ძაან სასაცილო)
19. “დასურათებული წიგნი” ჟან ლუკ გოდარი (სამყარო რომ უკეთესად გავიცნოთ)
20. “რომი ღია ქალაქი” როსელინი (კლასიკა)
21. “ტკივილი და დიდება” პედრო ალმოდოვარი (2019 წლის, კანის კინოფესტივალიდან)
ბოლოს ჯანმრთელობას გისურვებთ. ყველა ბლოგის ბოლოს ამას გისურვებთ. ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა.