fbpx

Glovo მოუწოდებს რესტორნებს, არ შეწყვიტონ კერძების მომზადება: მიტანის სერვისი არ შეჩერებულა


გააზიარე სტატია

მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს რეკომენდაცია მიეცათ, დროებით შეზღუდონ მოქალაქეების უშუალო მომსახურება და აამოქმედონ მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისები. Glovo, სწრაფი მიტანის სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპერირებს, მოუწოდებს კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არ დახურონ სამზარეულოები, განაგრძონ კერძების დამზადება და ამ პერიოდის განმავლობაში აპლიკაციით მიღებული შეკვეთების წარმოებაზე გადავიდნენ, ხოლო მომხმარებელთან უსაფრთხო მიტანას Glovo უზრუნველყოფს. 

 „Glovo ბაზარზე შემოსვლის დღიდან მხარს უჭერს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და  რთულ პერიოდშიც ასე გაგრძელდება. კვებისა და მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმებულ უამრავ ადამიანს შეექმნა პრობლემები მიმდინარე სიტუაციის გამო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესტორნებში სამზარეულოები არ დაიხუროს და შეძლონ მოერგონ ახალ კონტექსტს. საკვებისა და სასმლის მომზადება სახლის შეკვეთებისთვის ხელს შეუწყობს, რესტორნებმა შეინარჩუნონ დასაქმებულები, ხოლო ჩვენ მომხმარებლებისთვის უსაფრთხო მიტანის სერვისს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა გიორგი ქერქაძემ, საქართველოში Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა

ამასთან ერთად, Glovo აგრძელებს ჩვეული რეჟიმით მუშაობას, თუმცა რესტორნებთან ერთად ითვალისწინებს ხელისუფლების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ უსაფრთხო მომსახურების წესებს როგორც შეკვეთის მომზადების დროს, ისე მისი შეფუთვისა და მიტანისას. 

პარტნიორ რესტორნებთან ერთად, Glovo გეგმავს, მკაცრად დაიცვას უსაფრთხოების წესები  მომხმარებლებისა და კურიერებისთვის როგორც შეკვეთის მიტანის, ასევე წამოღების დროსაც:

  • პარტნიორი რესტორნები უზრუნველყოფენ საკვების უსაფრთხო შეფუთვას.
  • შეწყვეტს პირდაპირი წამოღების სერვისს კურიებისთვის. რესტორნებსა და კურიერებს შორის დაწესდება ნეიტრალური ადგილი, სადაც რესტორნები დატოვებენ შეკვეთას, ხოლო კურიერები წამოიღებენ.
  • კურიერი დატოვებს შეკვეთას მომხმარებლის კართან და თავიდან აირიდებს პირდაპირ კომუნიკაციას. 
  • მუდმივად გაანაახლებს ინფორმაციას რესტორნის პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე, უზრუნველყოფს უსაფრთხოებისთვის საჭირო ატრიბუტებით მომარაგებას. 

 „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო პერიოდში გაიზრდება შეკვეთების რაოდენობა. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, რომ შევძლოთ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აქვე კიდევ ერთხელ გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყველა ჩვენს პარტნიორ კურიერს, რომელთა გმირობის შედეგადაც ამ რთულ დღეებში ყოველდღიურად ათასობით ოჯახი იღებს მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქციას“, – ამბობს გიორგი ქერქაძე. 

შეგახსენებთ, მიტანის სერვისის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გასულ კვირას Glovo-მ გააუქმა შეკვეთის ჩაბარების დროს ხელმოწერის პროცედურა და ხელი შეუწყო ნაღდი ანგარიშწორების ნაცვლად, ბარათებით გადახდას. ამასთანავე, პარტნიორ კურიერებს დაურიგდათ ანტიბაქტერიული საშუალებები, ხოლო ევექსის სპეციალურად გადამზადებულმა ექიმების გუნდმა პარტნიორ კურიერებს და თანამშრომლებს გაუწია სამედიცინო შემოწმება და საინფორმაციო დახმარება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.