ეთიოპიელი ტომი, რომელმაც ბუნება მაღალი მოდის დიზაინერად აქცია
ალბათ ოდესმე გიცდიათ, გამოგეჩინათ შემოქმედებითობა და ჯინსის შორტი სხვადასხვა მორთულობით გაგეახლებინათ, მოგეხატათ ტენისის ფეხსაცმელები. მაგრამ ეს ის არაა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. სამხრეთ ეთიოპიაში მცხოვრებ ტომებს არ აქვთ საკერავი მანქანები, წებო, ღილები ან ბასრი იარაღები აქსესუარების შესაქმნელად. ეს უძველესი აფრიკული ტომები ბუნების ტექსტურის შთაგონებით საკუთარ უნიკალურ მოდას ქმნიან, რომელიც ადვილად გაუწევდა კონკურენციას და უფრო მეტიც – იმოქმედებდა კიდეც მსოფლიოს ავანგარდული მოდის კვირეულებზე.
უიშვიათესი ფოტოები, რომელზეც მსოფლიოში შორეული და უნიკალური ტომებია აღბეჭდილი, გერმანელმა მხატვარმა ჰანს სილვესტერმა გადაიღო. 1938 წელს დაბადებულმა ჰანსმა, რომელსაც შთამბეჭდავი კარიერა ჰქონდა, ფოტოებზე ამაზონის დეფორესტაციიდან დაწყებული, ინდოეთის დიდ უდაბნოში მცხოვრები ქალებით დამთავრებული, ყველაფერი ასახა.
მომთაბარე ცხოვრების წესის გამო, ეთიოპიაში მცხოვრებ ტომებს არ აქვთ არქიტექტურული ძეგლები, რაზედაც თავიანთი ხელოვნების აღბეჭდვას შეძლებდნენ. ამიტომ ისინი თავიანთ სხეულებს იყენებენ ტილოებად, აფერადებენ კანს ვულკანური კლდეებში აღმოჩენილი მინერალური საღებავებით და იმოსებიან “ქსოვილით”, რომელიც ბუნებაში მოიპოვება.
უკანასკნელი ფოტოსერია მხატვარმა ეთიოპიელი ტომების (Surma, Mursi) მონაწილეობით გადაიღო, რათა ფოტოებზე ცოცხალი ხელოვნება შემოენახა.
ეთიოპიის სამხრეთში და კენიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ტომებს მსგავსი კულტურა აქვთ. მათი მიწები ერთმანეთისგან დაშორებით, უკაცრიელ მთებში და დაუსახლებელ რეგიონებში მდებარეობს. ცივილიზაციის თანდათან შემოჭრის გამო, ჰანსი შიშობს, რომ ეს ხალხი თავიანთ მშვენიერ ტრადიციას დაკარგავს.
ფაქტობრივად, ისინი იმავე ტრადიციებს მისდევენ, რაც საუკუნეების წინ მათ წინაპრებს ჰქონდათ. თუმცა თავის დასაცავად ან სანადიროდ ისინი AK47-ს ატარებენ. პოლიცია უცხოელებს ამ ადგილებში მხოლოდ შეიარაღებული დაცვის თანხლებით უშვებს.
არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ყოველდღიურად იმოსებიან ამგვარად თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ფაქტი ისაა, რომ ნამდვილად შეუძლიათ შექმნან ძალიან დახვეწილი მოდა, რომელიც აღიარებას საჭიროებს. რატომ არ უნდა აღვნიშნოთ მათი ნიჭიერება? მხოლოდ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ყოველ სეზონზე ვმართავდეთ მოდის ჩვენებებს?
მათი შემოქმედება 100%-ით ნამდვილია. დარწმუნებულები იყავით, რომ ეს ხალხი ვოგის გვერდებში არ იქექება და არ ეძებს შთაგონებას 60-იანი წლების მოდის ტენდენციებიდან. ეთიოპიური მოდა მართლაც შემოქმედებითია და ისინი ბუნებრივად არიან დიზაინერები – ეს ყველაფერი ნამდვილი ხელოვნებაა.
ორიგინალი: https://www.messynessychic.com/
6,348 total views, 2 views today