fbpx

თბილისის მერის მოადგილის დღიური – სოფო ხუნწარია


გააზიარე სტატია



უცნაურ დროს დავიწყე დღიურის წერა. კომენდანტის საათის პირველი დღეა. გარეთ სამარისებური სიჩუმეა, თბილისის ჰაერი კი ბახმაროს ჰაერს ჰგავს. სახლში ყველას სძინავს. დიდი ხანია დღიური არ დამიწერია.  ბავშვობაში ბევრს ვწერდი, დიდობაში კი მხოლოდ ერთხელ, რადიო თავისუფლებისთვის დავწერე. 

პირველ ჩანაწერს ჩემი ინგლისურის რვეულის ბოლო გვერდებზე ვაკეთებ, იმის ნაცვლად, რომ ვიმეცადინო. დიახ, ცოდვა გამხელილი  ჯობია და მე არ ვიცი კარგად ინგლისური. აქ შეშფოთებული „სმაილი“ მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ხელითაც კარგა ხანია არ მიწერია. 

საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ყველაფერს დავწერ ისე, როგორც არის. არ შევალამაზებ და პროპაგანდისტულ ჩანართებსაც არ გავაკეთებ. 

სულ 5 წუთის წინ  გადაშლილ რვეულთან მეცადინეობის ნაცვლად, „თოლიებს” ვმღეროდი. აქაც რამე „სმაილი“ მოუხდება. მიშა მდინარაძემ მომწერა, სულ რომ გინდოდა გემღერა, აჰა და იმღერეო, მაგრამ სახალხოდ მღერას ლოგინში მღერა ვარჩიე. 

მოკლედ, აი ასე ვარ, განწყობა ვერ არის ამაღლებული და ვცდილობ თავი ცოტა მაინც გავიხალისო. 

 

გამარჯობა 

მე ვარ სოფო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე და ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომლის ცხოვრებაც არ არის განსაკუთრებული და რამით გამორჩეული. 

ახალ რეალობაში ვიღვიძებთ რამდენიმე დღეა და ამ რეალობის შეგრძნება ონლაინ სკოლით იწყება. 

  • კატო, ჩაიცვი?
  • ნიკო, ადექი? 
  • ჭამეთ? 
  • ოთო, უკვე მოვიდა, ჩადით!

ამის ნაცვლად ჩემი შეძახილი სხვაგვარად ჟღერს: 

  • კოდი გახსოვს?
  • ინტერნეტი გაითიშა?
  • დროზე დაჯექით ლეპტოპებთან!
  • ონლაინშიც ვაგვიანებთ?!
  • ეკრანის წინ ნუ ჭამ, უხერხულია J

სიმართლე გითხრათ, მოხიბლული ვარ ონლაინ სწავლებით, რატომღაც მგონია, რომ უფრო შედეგის მომტანია, თუმცა ინტერნეტის პრობლემა მუდმივად დგას. 

პერიოდულად პეშკა (ჩვენი ძაღლი) აივნის კართან მღერას იწყებს. ძალიან მუსიკალური პეშკა შეგვხვდა, რომელიც თავგადავარდნილი, ბოლო ხმაზე მელოდიურად ყმუის. 

შემდეგ ირაკლისთან ერთად თურქული ყავის სმა, დილის კონფლიქტი, რომელიც სიჩქარის, ყველაფრის მოსწრების და საოჯახო ლოჯისტიკითაა გამოწვეული.  დილა ჩემი სამსახურში წასვლით მთავრდება. 

ახალ რეალობაში ასევე, სხვა ვიზუალიც დაგვემატა – პირბადე და ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარი ჯიბეში და ისტერიკული შეხსენება ბავშვებისთვის, რამდენჯერ  უნდა დაავიწყდეთ ხელების დაბანა. 

დღეს შფოთვა მაქვს, ნატალიას  (ჩემი შვილის) თვითიზოლაციიდან მე-14 დღე გადის.   ორი კვირაა ჩამოვიდა და ძალიან უცნაურ გარემოში მოგვიწია ცხოვრება. ისევ ვირტუალურად. სულ რაღაც ორი სახლი გვაშორებს და მაინც ვერ ვნახულობ 10 თვის უნახავ და მონატრებულ შვილს. 

მოვედი სამსახურში. მიყვარს ჩემი ოთახი. მაქსიმალურად ვეცადე ის გარემო შემექმნა, რომელიც ჩემთვის კომფორტული იქნებოდა. ბევრი პოსტერი, წიგნები და მუდმივი ქაოსი ჩემს მაგიდაზე. ყოველი კვირის ბოლოს ლაგდება ჩემი მაგიდა, მაგრამ შემდეგ ეგრევე ირევა. 

იცით რამდენი მაგარი პროექტი მიდევს? რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს?! რამდენი რამე გავაკეთეთ უკვე, რომელიც შეიძლება არც იცოდეთ და როგორ მინდა ყველაფერი ჩამოვთვალო და დეტალურად მოვყვე, თუმცა დღიური ამ ყველაფერს ვერ დაიტევს. 

დღის წესრიგი: 

  1. სოციალური საცხოვრისისთვის პროდუქტის მიტანა – 71 ოჯახი.
  2. ჩვენი კულტურის ობიექტების ხანდაზმულებისთვის პროდუქტების შეფუთვა, მისამართების დაზუსტება და რაიონების მიხედვით დალაგება – თარიღის განსაზღვრა. 
  3. მძიმე მდგომარეობაში მყოფი შშმ პირებისთვის პირველადი ჰიგიენური ნივთების მოძიება, შეკვრა, აღრიცხვა – 333 პირი. 
  4. ჭავჭავაძის და გალაკტიონის მუზეუმების პრინტის სატენდერო ვალდებულებების გავლა და საფინანსოსთან თემის დალაგება. 
  5. „უსმინე თბილისს“ პროექტის მომღერლებთან კომუნიკაცია.  
  6. ორი თეატრის მიწის პრობლემის გადაჭრა და ურბანულთან შეხვედრა. 
  7. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ კომუნიკაცია და ა.შ. 

ბუნებრივია, არის თემები და საკითხები, რომელსაც ვერ დავწერ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთ თითქოსდა უმტკივნეულო თემაზე მე და ირაკლის (ხმალაძე) კონფლიქტი მოგვივიდა. 

ჩანართების სახით მე შევეცდები აღვწერო ყველა და ყველაფერი, რომ სრული სიზუსტით, ისე, როგორც დღიურში წერას შეეფერება, თვალწინ დაგიდგეთ თითოეული ჩემი წამი თუ წუთი. 

რაც შეეხება გუნდს, ვისთან ერთადაც მიწევს  მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ გამიმართლა. ამაში ვარ ძალიან გულწრფელი და იშვიათად მქონია ასეთი კომფორტი ურთიერთობებში, აქ რომ მაქვს.

ეს არის ადგილი, სადაც მისმენენ და მაქსიმალურად არის ნება, რომ გავაკეთო ყველაფერი, რომ სფეროები, რომელიც ჩემ საკურაციოში შედის, გაჯანსაღდეს. თუმცა ძალიან დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ არის ბევრი საოცრად პრობლემური საკითხი, ხანდახან ვჩხუბობთ ხოლმე, განსაკუთრებით მე და ხმალაძე, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც მე ძალიან მიყვარს და ვისთანაც ვმეგობრობ. 

იმის მიუხედავად, რომ ხმალაძის ოთახი გაბრაზებულმა დავტოვე, პრობლემა 5 წუთში გადამიწყვიტა. 

მინდა გითხრათ, რომ ხანდახან ამოსუნთქვა ჩვენც გვჭირდება და ირაკლი ბენდელიანის ოთახში ზუსტად 15 წუთი ვიკრიბებით ფინჯან  ყავაზე, თუმცა არც იქ ვსუნთქავთ და საუბარი იქაც საქმის გარშემოა. შეკრებას დაესწრნენ 

მოქალაქეები: ხუნწარია, ბენდელიანი და ბითაძე. საუბრის თემა, ქაოსურ-საქმიანი და პერიოდულად ისტერიკული სიცილი, რაც მთელი დღე მიგვყვება. ჩემი კომფორტის მიზეზი ჩემი კოლეგა მოადგილეებიც არიან. ირაკლი, ირაკლი, მაია და ილია. 

მუშაობის სქემა ასეთია – ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი საკურატორო, თუმცა არის უამრავი თემა, რაც ერთმანეთში იკვეთება და ერთად გვიწევს სხვადასხვა საკითხის დამუშავება.  

ავდივარ კახისთან, ვმსჯელობთ სხვადასხვა თემაზე, საქმის კურსში ვაყენებ, სად რა ხდება და რომელ ობიექტზე როგორ მიდის მუშაობა (რა თქმა უნდა, დეტალებს არ დავწერ).

არ ვიცი სხვაგან როგორ არის, მაგრამ კახი არის ის, ვინაც ყველა დეტალი იცის და ყველაფრით ინტერესდება. 

რადგან ეს ჩემი პირველი ჩანაწერია, ყველას დააინტერესებს როგორია კახი ურთიერთობებში. ალბათ არ მიწყენს და ავღწერ. 

  1. არის ძალიან მშვიდი.
  2. არ უყვარს ბევრი ლაპარაკი და მხოლოდ საქმეზე საუბრისას ძალიან კონკრეტული წინადადებებით შემოიფარგლება. 
  3. ძალიან რისკიანია, რასაც მე მასში ყველაზე მეტად ვაფასებ. 
  4. არასდროს იღებს გადაწყვეტილებებს მარტო, რაც ასევე ძალიან დასაფასებელია. 
  5. კარგი მსმენელია. 
  6. პრობლემასთან არ გტოვებს მარტო.

რეალობა სამსახურშიც განსხვავებულია. მენეჯმენტის გარდა ყველა ონლაინ მუშაობაზე გადავიყვანეთ. ვერ ვიტყვი, რომ რთულია ასე მუშაობა, თუმცა მოსაწყენი. სად, რომ გრძნობ ენერგეტიკას, რომელიც შენ გარემო ტრიალებს და სად, როცა მხოლოდ საქმიან ზარებს პასუხობ ან ონლაინ შეხვედრებს ატარებ. დღეს რამდენიმე ასეთი უკვე მქონდა. 

დღეს ყველა კიდევ უფრო დაძაბულია. ვიცით, რომ რამდენიმე საათში კომენდანტის საათი ცხადდება და კიდევ მეტი რამ არის გასაკეთებელი.

 მერიის თემები: 

  1. მიუსაფართა სასადილოების 40 ათასი ბენეფიციარის ყოველდღიური მომსახურება.
  2. მოხალისეების ტრენინგი,  გამგეობების მიხედვით გადანაწილება და კოორდინაცია. 
  3. ბელიაშვილზე მდებარე საწყობში კომპანიების მიერ შემოტანილი პროდუქტის აღწერა, დასაწყობება, გადანაწილება, შეფუთვა, დარიგება.
  4. ქოლცენტრის შეუფერხებელი მუშაობა.
  5. ქოლცენტრით შემოსული ზარების მიხედვით დამატებითი პირების აღრიცხვა და მათთვის საჭირო პროდუქტის გადანაწილება და ამ კუთხით კოორდინაცია და ა.შ. 

არ მიწყინოს ჩემმა დღიურმა, მაგრამ ყველა საკითხს ვერც ჩამოვწერ და არც დავწერ. 

ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე კი გულწრფელად გეტყვით, თითოეული რგოლი მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ყველას გვერდით დავუდგეთ და არცერთი ადამიანი არ დარჩეს საჭმლის თუ ყურადღების გარეშე. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. 

ამიტომ, დღეს და შემდეგი პერიოდი ალბათ მხოლოდ ეს იქნება პრიორიტეტი, თუმცა, ამასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არცერთი პროექტი არ გაჩერდეს. კორონას საკითხების პარალელურად ვმუშაობთ  იმაზე, შევინარჩუნოთ ჩვეული რიტმი და სადმე რამე შეფერხება არ გვქონდეს. რთულია, მერწმუნეთ, ძალიან რთულია. არის საკითხები, რაზეც დღეს ცრემლი წამომივიდა, რადგან უკვე დასამთავრებელმა რამდენიმე პროექტმა დროში გადაიწია. თუმცა დღეს უპირველესია ადამიანებზე ზრუნვა და მათთვის  თანხების მობილიზება. 

საღამოს 7 საათია და მივდივარ იქ, , საიდანაც გადის პროექტი „უსმინეთბილისს“.  ერთი საათი ვჩერდები, თითქოს რეალობას ვწყდები და თავს ვაჯერებ, რომ ვითომ კარგი დროა, ვითომ ისევ თბილისის ცის ქვეშ, ღია კონცერტებს ვატარებთ, თუმცა შინაგანი შფოთვა მაინც არ მანებებს თავს და იმაზე ფიქრი, ხვალ რა მაქვს გასაკეთებელი და რამე არ  გამომრჩეს. 9-მდე უნდა მოვასწრო სახლში მისვლა. 

პირბადის ქვეშ გაგუდული ვურეკავ ირაკლის და ვთანხმდებით, რომ მალე მოვა და ცხრამდე ისიც მოასწრებს. ნიკოლოზს გავუარე მეგობართან და ერთად ავდივართ ჩემს ულიფტო სახლში, მე-7 სართულზე – ეს უნდა აღვნიშნო, რადგან ყოველ ასვლაზე მგონია, რომ ვიღაცამ დამწყევლა –  „შენ არ გეღირსოს ლიფტიანი სახლი“. სადაც მიცხოვრია, არცერთ ჩემს ბინას ლიფტი არ ჰქონდა და ახლაც უკვე 16 წელია ასე ავდივარ ფეხით მე-7 სართულზე და თავს ვაჯერებ, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია. 

კატომ, რომელიც 11 წლისაა, გამოაცხადა, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ეჩვევა და საჭმელსაც კი გვიკეთებს. დღესაც სადილი დაგვახვედრა და თან ძალიან გემრიელი. დღეს ნიკოს ხვდა წილად პეშკას საღამოს სეირნობა და მე და მამამისი საათს ვუყურებთ, რომ კომენდანტის ცხრამ არ მოუსწროს. ზუსტად 5 წუთით ადრე ამოდის. ამასობაში კი ჩემს მეგობრებთან ონლაინ შეკრება მეწყება. 

მიჭირს მათ გარეშე. თითქმის ყოველ საღამოს, უკვე 25 წელია ალბათ, ჩემთან ვიკრიბებოდით, არც ახლა ვართ ერთმანეთის გარეშე, მაგრამ ისევ ეკრანით. ისევ ახალი რეალობის სევდა. ფანჯრიდან ვიხედები და ერთი მანქანაც კი არ ჩანს, არცერთი ადამიანი. სევდა მიმძაფრდება. თბილისი ასეთი ცარიელი პირველადაა, თუმცა ძალიან მშვიდია, მეტად ვგრძნობ მის სუნთქვას. არც აქ ვარ პათეტიკური, რადგან გულწრფელად გეტყვით, სულ მგონია, რომ მე მისი ხმა მესმის და მიუხედავად იმისა, ვფიქრობ, მას კარგად არ ვიცნობ, მე ამ ქალაქმა მიმიღო და მიმიჯაჭვა. 

უკითხავთ ჩემთვის ხშირად, სად იცხოვრებდიო და  პასუხი არის თბილისი. მე აქ არ მწყინდება. შეიძლება გეგონოთ, რომ გავგიჟდი, მაგრამ თბილისურ ეზოში გაფენილი სარეცხის ხმაც კი ჩემთვის ახლობელია. დიახ, მას აქვს ხმა, ნიავის დროს. მე გადავწვიტე, რომ ამ ქალაქთან მემეგობრა და მე მან მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. 

ფანჯარას ვშორდები და ტელევიზორთან ჩაძინებული ირაკლი მხვდება. პლედს ვაფარებ, ვწვები და ინგლისურის რვეულს ვიღებ. უნდა ვისწავლო და მღერას ვიწყებ, უნდა ვისწავლო და წერა დავიწყე. წერას მოვრჩი და ოროსანი ბავშვივით უკვე მეძინება. მაინც ვერ მაჯობებს და კარგად ვისწავლი, ოღონდ დილით, თუმცა დილით სახლში ნატალია გადმოდის.  დამპირდა დილის 6 საათზე დაგადგებით თავზეო. 

 

მე ვარ სოფო ხუნწარია და მე მაქვს ჩვეულებრივი თბილისური ამბავი თქვენთვის, ჩემთვის უინტერესო და თქვენთვის არ ვიცი რამდენად საინტერესო, თუმცა ვეცადე დამეწერა გულწრფელად და შეულამაზებლად. 

მიყვარხართ! რიგითი  – თქვენი ნავიდან <3

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.