Jaguar ხელახლა გამოუშვებს ლეგენდარული D-Type მოდელის მანქანებს
ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ Jaguar-მა განაცხადა, რომ 60-წლიანი პაუზის შემდეგ იგი კვლავ გამოუშვებს D-Type სარბოლო ავტომობილს.
ავტომწარმოებელი კომპანია კლასიკური D-Type მოდელის 25 ერთეულ ხელით აწყობილ ავტომობილს გამოუშვებს. ერთ-ერთი მათგანი პირველად 2018 წლის თებერვალში, პარიზში, Retromobile-ის გამოფენაზე გამოჩნდა.
უკანასკნელი D-Type-ის აწყობიდან 62 წელი გავიდა. იმ დროს Jaguar 100 მოდელის გამოშვებას აპირებდა, თუმცა მხოლოდ 75-ის წარმოება მოახერხა. ლეგენდარული სპორტული ავტომობილის 25 ახალი მოდელის გამოშვებით კომპანია თავდაპირველ გეგმას შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელები პირველი D-Type-ის შექმნის დროს არსებული ტექნოლოგიებით აეწყობა.
„D-Type Jaguar ყველა დროის ერთ-ერთი უმშვენიერესი და გასაოცარი ავტომობილია… მსოფლიოს უხისტეს და ურთულეს რბოლებში მან საოცარი შედეგი აჩვენა, და დღეს იგი არანაკლებ განსაცვიფრებელია, – ამბობს ტიმ ჰენიგი, Jaguar Land Rover-ის კლასიკური განყოფილების დირექტორი.
1955-57 წლებში, XK 6-ცილინდრიანი ძრავით დაკომპლექტებულმა სპორტულმა ავტომობილმა ლე მანის 24-საათიანი რბოლა სამჯერ მოიგო.
„წარმოების თავდაპირველი გეგმის შესრულება არის შესაძლებლობა, რომ წვლილი შევიტანოთ D-Type-ის წარმატების ისტორიაში და ეს Jaguar Land Rover კლასიკური განყოფილების ექსპერტებისთვის დიდი პატივია“, – ამბობს ჰენიგი.
ახალ D-Type-ის მოდელებს Jaguar Land Rover Classic Work-ის სპეციალისტები კოვენტრიში, ინგლისში დაამზადებენ. D-Type-ის შეძენის მსურველებს ექნებათ არჩევანი 1955 წლის Shortnose და 56 წლის Longnose-ს ვერსიებს შორის.
Jaguar-ს უკვე აქვს ძველი მოდელის ხელახლა წარმოების გამოცდილება. 2014 წელს კომპანიამ ხელახლა გამოუშვა ლეგენდარული E-Type ავტომობილი. 1963 წელს, დაგეგმილი 18 GT E-Type მოდელის ნაცვლად, კომპანიამ მხოლოდ 12 ავტომობილი ააწყო.
3 წლის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში, Jaguar-მა გამოუშვა E-Type-ის ელექტრო ვერსია იმის საჩვენებლად, რომ კლასიკურ მანქანებს დღევანდელ დღესაც აქვთ პერსპექტივა და მომავალი.
წყარო: dezeen.com