ეკიპირება თვითიზოლაციაში, ანუ 10 რამ რაც სახლში ყოფნას გაგიმარტივებს
აბა, როგორ მიდის სოციალური დისტანცირების, უკვე აღარც კი ვიცით მერამდენე, დღე? თუ ცოტა მოიწყინე და ყურები ჩამოყარე, გაგახსენებ, რომ იზოლაცია სულაც არ ნიშნავს მხიარულების შეწყვეტას. ჩვენ თუ გვკითხავ, ეს პერიოდი ერთგვარი ექსპედიციაა სახლის შიგნით და როგორც ნებისმიერ ექსპედიციაში, აქაც გჭირდება შესაბამისი ეკიპირება. ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა, სათვითიზოლაციო ეკიპირება შეგირჩიეთ. აბა, შენ იცი, ყურადღებით გადაავლე თვალი ყველა პუნქტს და თუ უკვე მზად ხარ, წარმატებულ მოგზაურობას გისურვებ!
მოიმარჯვე ჰარი პოტერის წიგნები!
კატანტინის დროს, მაგლური სამყაროდან მოშორებით ყოფნა სულაც არ არის ცუდი იდეა, მაგრამ თუ 11 წელს უკვე გადააბიჯე და წერილი ჯერაც არ მიგიღია, გული არ გაიტეხო, ერთი-ორი გზა ვიცით მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში შესაღწევად. შეგიძლია უიზლების ოჯახს მფრინავი მანქანა სთხოვო, მაგრამ ოჯახის წევრები რომ არ დააფრთხო, გირჩევ, ვინმე ჯოან როულინგის წიგნები მოიმარაგო და მათ ფურცლებზე არსებული ათანსნაირი პორტალით ისარგებლო.
ჩაუჯექი FRIENDS-ს!
სანამ, საკუთარი მეგობრებისგან შორს ხარ, უკვე კარგად დავიწყებულ, ძველ მაგრამ საყვარელ სამეგობრო წრეს შეგიძლია შეუერთდე. თუ შენი რომელიმე ამჟამინდელი მეგობარი დაგინახავს Central Perk-ში ჩამომჯდარს და ღალატში დაგდებს ბრალს, თამამად შეგიძლია უთხრა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, YOU WERE ON A BREAK! მონიკა, რეიჩელი, როსი, ჩენდლერი, ჯოი და რა თქმა უნდა ჩვენც, დაგემოწმებით.
მოძებნე ბებოს რეცეპტების ძველი რვეული
შენც შეამჩნიე, ამ პერიოდში, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა კულინარიული ნიჭი? შამპანურის პურიო, ბაჟეს რიზოტოო, ხახვის ტარტიო და კიდევ რას არ გაიგებ…
რამე ასეთის მომზადება შენც თუ მოგინდებდა ათასნაირ ვლოგს ნახავ ინტერნეტში, მაგრამ მგონი ამასობაში, ყველაზე საყვარელი კულინარიული გზამკვლევი დაგვავიწყდა. ბებოს რეცეპტების უკვე კარგად გახუნებული რვეული, ჩვენს ბავშვობის გემოებს, რომ ინახავს, სწორედ ის. ვნახოთ რა გამოვა…
ერთი, ორი, სამი, ახტომა!
ბებოს რვეულს გამკლავება ხომ უნდა? ამიტომ დროა შენთვის სასურველი სავარჯიშო ვლოგი აარჩიო და ჩაუჯდე. ხომ იცი, პანდემიის დროს რამდენი რამ გახდა უფასოდ ხელმისაწვდომი? აი მაგალითად, შეგიძლია იმ ტრენერებისგან მიიღო სავარჯიშო პროგრამები, ჰოლივუდის ვარსკვლავებს რომ ავარჯიშებენ. ჰოდა, მაგალითად, თუ გინდა, რომ შენ და ბლეიკ ლაივლის ერთი და იგივე ტრენერი გყავდეთ, ლინკს აქვე დაგიტოვებ:
შემოიარე მსოფლიოს ნებისმიერი მუზეუმი წამებში!
ამ დრომდე, ერთ დღეში სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მუზეუმის მონახულებას უბრალოდ ვერ შეძლებდი, თუ რა თქმა უნდა ჰოგვარტსში აპარაცია არ გასწავლეს. ახლა კი უკვე Google Arts And Culture-ის საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლია შენს საყვარელ მუზეუმს სრულიად უფასოდ ესტუმრო. დღეს ლოს-ანჯელესში, Getty Museum-ში და ფლორენციაში, Uffizi Gallery-ში ვიყავი. შეიძლება, დღის ბოლომდე, ვან გოგის მუზეუმსაც შევუარო. შენ საით აპირებ?
მოიმარჯვე სფეის ბარათი და გამოიძახე გლოვო!
სახლიდან არ გასვლაში სფეისის და გლოვოს ერთობლივი აქცია დაგეხმარება. გინდა გადახდილი თანხის 20% უკან დაიბრუნო?? აგიხსნი როგორ. რამდენჯერაც გინდა, იძახებ ნებისმიერ რამეს გლოვოდან, იხდი სფეის ბარათით და ყოველი გადახდისას, იმ წამსვე უკან იბრუნებ გადახდილის 20%-ს. თუ ჯერ არ გაქვს სფეისი, რაღას უცდი? გადმოწერე აპლიკაცია და ჩაერთე აქციაში
გაითვალისწინე, რომ აქცია 18 აპრილამდე გრძელდება და ქეშბექის თვიური ლიმიტი 100 ლარია.
გაგზავნე წერილი მომავალში!
დაწერე წერილი, რომელსაც შენ საკუთარ მომავლის მეს გაუგზავნი. მოუყევი რა ხდება ახლა, ანუ წარსულში, შენს თავს, რა მოლოდინები გაქვს, რას ფიქრობ და რა იმედებს ამყარებ. მოკლედ მოუყევი ყველაფერი ის რაც გინდა, რომ მომავალმა მემ შენზე გაიგოს. მიუთითე სასურველი დრო, მომავლის რომელ კონკრეტულ ეტაპზე გინდა მიიღო წერილი წარსულიდან და გაგზავნე.
ისწავლე ახალი ენა
こんにちは (Konnichiwa)!
ესეც იაპონური სალამი ჩვენგან! შენ რომელი ახალი ენის შესწავლაზე გიფიქრია? მგონი, ახლა საუკეთესო დროა ახლებურად ალაპარაკებისთვის. ამისთვის სახლიდან გასვლა არ დაგჭირდება. უბრალოდ შენთვის სასურველი აპლიკაცია უნდა გადმოწერო და ნელ-ნელა ფეხი აუწყო სწავლების უმარტივეს მეთოდს. ჩვენ Lingwing-ს ან Duolingo-ს გირჩევთ. წარმატებები!
ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!
რადგან ავალონის ან ალიასის თამაში ახლა გაგვიჭირდება, ცოტა ძველ თამაშებს გაგახსენებთ.
თუ სახლში მხოლოდ ორნი დარჩით, ძაფით თამაშს გირჩევთ. ხომ გახსოვს, ბოლოებით შეკრულ ძაფს ერთი მოძრაობით გადავცემთ ერთმანეთს და ახალ ფორმებად გარდავქმნით. ინტერნეტში ამ თამაშის ინსტრუქციასაც კი წავაწყდით. თუ სხვა რამე მოგინდებათ, ერთმანეთის საზღვაო ფლოტის ჩაძირვაც შეგიძლიათ ჩაძირობანაში. თუ დიდი ოჯახის წევრი ხარ, შეგიძლიათ ნამიოკობანათი იჯეროთ გული ან სულაც კალამი და ფურცელი მოიამარჯვოთ და ქალაქობანაში შეეჯიბროთ ერთმანეთს.
ჩაერთე ყოველდღიურ კრეატიულ გამოწვევებში
თუ დღის გასახალისებლად იდეები მაინც შემოგაკლდება, ერთი კარგი გვერდი ვიცით, ყოველ დღე ახალთახალ გამოწვევებს მოგიფიქრებს. აბა, შეამოწმე დღეს რის გასაკეთებლად გამოგიწვია?



