fbpx

გიორგი ხანიაშვილი – ქართული ქანდაკება თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჯიბლაძე

ფოტო: გურამ კაპანაძე

პირველი რა გახსენდებათ ქართულ ქანდაკებაზე? ან, ზოგადად, რა გახსენდებათ ამ თემაზე? რთული საკითხია, თუმცა, თუ კარგად დაფიქრდებით, ან ინტერნეტს კარგად გადაქექავთ, ასეთ პატარა ქრონოლოგიას მიიღებთ: XIX-XX საუკუნის კამერული ქანდაკებები, პანთეონის ესთეტიკის სკულპტურები, შემდეგ უფრო გვიანი, სოცრეალისტური ქანდაკებები და მათი ფსიქოდელიური გაგრძელება – ზურაბ წერეთელი. 

მაგრამ თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში ქართულ ქანდაკებაზე რა გახსენდებათ? ეს კიდევ უფრო რთული საკითხია და ინტერნეტშიც ბევრს ვერაფერს მოძებნით. ისე მოხდა, რომ თანამედროვე კონტექსტში ქართული ქანდაკება, როგორც კრებითი სახელი, ფაქტობრივად არ არსებობს. ამის მიზეზი, როგორც ყველაფრის, წარსულში უნდა ვეძებოთ. მთავარი მიზეზი ალბათ ისაა, რომ მართლმადიდებლურ კულტურაში ქანდაკება უბრალოდ არ არსებობს, ეს ჩვენს ტრადიციაში არ ზის და შესაბამისად, ამის პრაქტიკა არ გვაქვს, ან ძალიან მწირი გვაქვს.

თუმცა, გამონაკლისი ყოველთვის არსებობს და დღეს სწორედ ასეთ გამონაკლისზე – თანამედროვე ქართული ხელოვნების, ჩემი აზრით, ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშზე – ქერუბიმის სკულპტურაზე, მის ავტორზე – გიორგი ხანიაშვილზე და გიორგის სხვა ნამუშევრებზე მინდა დავწერო. 

ქერუბიმი ბიბლიური პერსონაჟია, ანგელოზის მსგავსი. გიორგის ეს ნამუშევარი 180 სმ სიმაღლის ხის ქანდაკებაა. ეს იმ ტიპის ნამუშევარია, ოთახის ბოლოდან რომ ამჩნევ და მაშინვე გიზიდავს, ახლოს მისვლისთანავე  გრძნობ მის ძალას, რომელიც თავისი მისტიკურობისა და თანამედროვეობის ნაჯერობით მერე სულ შენთან რჩება და თავს გახსენებს. 

ქერუბიმი – 2018, ხე და აკრილის საღებავი, 180 x 200 x 30 სმ

მართლაც, თუ დააკვირდებით, არის ისეთი ნამუშევრები, რომლებიც სულ გეძახიან და გიზიდავენ, და ეს სკულპტურაც ასეთია ჩემთვის. ეს ძლიერი გავლენის ეფექტი მისი ფიგურითაა გამოწვეული, იმ პოზით, რომელშიც იმყოფება, თითქოს შუა მოძრაობის დროს დაპაუზებულია და ეს-ესაა ფრთებს აამოძრავებს. ამ ძალიან მძაფრ დინამიკურობას ემატება ფრთების ასევე ძალიან მძაფრი წითელი ფერი და ეს ყველაფერი ერთად ქმნის დაუვიწყარ სიძლიერის შეგრძნებას და მიზიდულობას. 

ეს ნამუშევარი შინაარსის გარეშეც ძალიან კარგია, თუმცა, თუ მაინცდამაინც იდეა სჭირდება ვინმეს, ისიც მარტივად ექვემდებარება ინტერპრეტაციას – ქერუბიმის ფრთებზე ამოჭრილი თვალები, ჩემთვის პირადად, მოთვალთვალე ანგელოზის ანალოგიას იწვევს, რაც ძალიან თანამედროვე კონტექსტს აძლევს მას. 

ცხადია, მასში იუმორიც იგრძნობა, რაც ჩემთვის ნამუშევარს ყოველთვის კიდევ უფრო მიმზიდველს და „სასურველს“ ხდის, პრინციპში, ზუსტად იგივენაირად, როგორც ადამიანებს. იუმორი ხომ ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური თვისებაა. „ყველა ხელოვნების ნიმუში ეროტიკულია“.  მგონი, პიკასოს უთქვამს, ან ვინმე სხვას, არ აქვს მნიშვნელობა, მეც იგივეს ვიტყოდი, ოღონდ დავამატებდი: „ყველა კარგი ხელოვნების ნიმუში – ეროტიკულია“. 

სხვათა შორის, საინტერესო ისაა, რომ დინამიკა გიორგის ამ და სხვა, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნამუშევრებს ძალიან აერთიანებს.

 მისი ყველა ნამუშევარი მოძრაობაზე და გარდაქმნაზეა აგებული, და პრინციპში, მოძრაობაც ხომ ყოველთვის გარდაქმნაა, და თუ ქერუბიმში ამ გარდაქმნას მისი ფრთების ფორმა და ზომა გამოხატავს, სხვა ნამუშევრებში ეს შინაარსითაცაა მიღწეული – როგორც კომიქსებში. გიორგის ნამუშევრებს კომიქსებთან მართლაც ბევრი საერთო აქვს. მისი რამდენიმე ნამუშევარი პირდაპირ კომიქსის ესთეტიკას, ან უფრო კომიქსის თვისებებს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, „ტრანსფორმაცია“.

ეს ნამუშევარი 7 კერამიკულ რელიეფს წარმოადგენს, რომლებიც ადამიანის ძაღლად გადაქცევის ისტორიას გვიჩვენებს. ყველაზე მიმზიდველი ჩემთვის ამ, და გიორგის სხვა „ტრანსფორმაციებში“ მათი ლიტერატურულობა, სიურრეალისტურ ისტორიაზე და მეტაფორებზე აგებული კომპოზიციაა. მათი შესრულების მანერა კი საკმაოდ ნაივური და სათუთია. 

ეს კონკრეტული რელიეფი ძალიან მისტიკურია, რასაც, ერთი მხრივ, მასალა, რელიეფურობა და მონოქრომული ყავისფერი ქმნის, და, მეორე მხრივ, და ცხადია, უფრო მეტად, თვითონ ის ტრანსფორმაცია, რომელსაც ასე დეტალურად ვხედავთ. ძაღლად გადაქცევა, ჩემთვის, რაღაც მითოლოგიურ, ღვთიურ სუპერძალას ნიშნავს, რომელიც ადამიანისთვის ალბათ ყოველთვის სანატრელია, როგორც გაქცევა ყველანაირი პრობლემისგან და პასუხისმგებლობისგან. ამას ადამიანების უმეტესობა ვერასდროს ვახერხებთ, ძაღლებს კი კარგად გამოსდით.  

როცა  გიორგის ვკითხე, როგორ მიხვედი მოცულობით ხელოვნებამდე-მეთქი, გიორგიმ მიპასუხა: „რავი, შემთხვევით. ერთხელ გავაკეთე რაღაც პატარა ფიგურა ხისგან და მომეწონა…“ როცა დაჟინებით ჩავეკითხე, მაინც რამდენი ხანია, რაც ქანდაკებაზე მუშაობ, ან რატომ მაინცდამაინც ხეზე… – დაახლოებით 10 წელი ან შვიდი, ან ექვსიო… ხე კი, უბრალოდ, პირველი იყო, რაც ხელში მომხვდა, თან მარტივი და ხელმისაწვდომიაო. მე კი ხის გამოქანდაკების სიმარტივეში მაინცდამაინც არ ვარ დარწმუნებული, და არც იაფი მასალა მგონია, მაგრამ ასე მიპასუხა და ალბათ მოგვიწევს დავუჯეროთ.

ტრანსფორმაციების სერიიდან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია 6 „კადრისგან“ შექმნილი „მედიტაცია“.

გიორგისთვის დამახასიათებელი მკვეთრი, სწორი და კონკრეტული გრაფიკული ხაზებით გამოსახულია ხალიჩაზე ლოტოსის პოზაში მჯდომი შიშველი მამაკაცი. მეორე კადრში ის იოგის იმ მოძრაობას აკეთებს, ფეხი რომ თავის უკან უნდა გადაიტანო, მესამე კადრში მოხრილი ზის და სახე საკუთარი გენიტალიებისკენ აქვს მოქცეული, არ ვიცი ასეთი პოზა თუ არსებობს იოგაში (ალბათ ყველანაირი არსებობს), მაგრამ ამის მერე ყველაფერი ირევა, მეოთხე კადრში ფიგურას მწერის ფეხები ამოსდის, ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი გეჩვენება, რაც ალბათ მოძრაობების სიზუსტით და სწორი ანატომიითაა განპირობებული. 

ბოლოს ხალიჩაზე მსუქანი ბუზი რჩება. მე ეს ნამუშევარი კაფკასეულ, კოშმარში შეზელილ მსუბუქი ირონიის განცდას მიტოვებს. ის, რომ ასეთი შემზარავი ტრანსფორმაცია სწორედ იოგის, ანუ სიმშვიდის მცდელობის დროს ხდება, ჩემს აღქმაში, კიდევ უფრო ირონიულს და შესაბამისად, უფრო დრამატულს ხდის ნამუშევარს. თანამედროვე ცხოვრებაში სპირიტუალიზმის შეტანის მცდელობები ძალიან აქტუალური საკითხი გახდა, რომლის ფენომენიც თავისი გულუბრყვილობით და ერთგვარი ისტერიით ძალიან მიზიდავს ბოლო დროს. 

მეორე მხრივ, ეს ტრანსფორმაცია გათავისუფლებადაც შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ადამიანის სხეულის დატოვება და ჰაეროვან, პატარა (ან არც ისე) თავისუფალ არსებად ქცევა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გარდაქმნა ირონიული და სევდიანი რჩება. გიორგის სიტყვებით კი, ამ ნამუშევრის შინაარსი ნაკლებად კონკრეტულია, მედიტაცია, ამ შემთხვევაში, უფრო ალეგორიაა – ვრცელი ცნება რაღაც კანონებისა, რომლებიც გპირდებიან მიგიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომელიც გინდა, რომელიც გაწყობს. მაგრამ არ გამოდის, რადგან უცებ რაღაც ირღვევა და ხდება წყვეტა.

აუცილებლად უნდა ვახსენო გიორგი ხანიაშვილის ფერში შესრულებული კერამიკული ნამუშევრებიც, რომლებიც, სხვათა შორის, სტილით, ფორმებით და პერსონაჟებით სოცრეალიზმის პერიოდის ნახატებს გვაგონებს. შინაარსით, ფერებითა და ეროტიკულობით კი – არც ისე. 

სოციალისტური პერიოდის ნახატს ჰგავს, მაგალითად, ეს ნამუშევარიც, რომელსაც „მკვდარი ტრაქტორისტი“ ჰქვია

როცა გიორგის ვკითხე, რატომ არის ამდენი მსგავსება მის ზოგიერთ ნამუშევარსა და საბჭოურ პოსტერებს შორის, აღმოჩნდა, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში გიორგი სწორედ ამ ეპოქის ჟურნალებს იყენებდა ხატვის დროს და ეს სტილი მოსწონდა. 

და ეს ტრაქტორის ტრიპტიქი მშრომელთა თემაზეა?

ტრაქტორს უბრალოდ ის ისტორია აქვს, რომ პაპაჩემს უკავშირდება, ტრაქტორისტი იყო და ჩემ წარმოდგენაში ტრაქტორი ყოველთვის მის განუყოფელ ნაწილად მიმაჩნდა. კოლმეურნეობა და ეგ ყველაფერი რომ დაიშალა, ტრაქტორსაც ჩამოცილდა და ვეღარ მუშაობდა, თითქოს ორივენი ერთდროულად დაიხოცნენ. ისე მემორიალს ჰგავს და ეგ არ მომწონს, არ მინდა მემორიალად აღიქმებოდეს.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გიორგი ხანიაშვილის ნამუშევრებს აერთიანებს ისაა, რომ მათში არაფერია ზედმეტი, საჭიროზე მეტი.

ეს თვისება თანამედროვე ხელოვნებაში საკმაოდ იშვიათი მგონია, ამის მიღწევა კი შეუძლებელია გულწრფელობის გარეშე. ნამუშევარში გულწრფელობის ერთ-ერთი მთავარი გამომხატველი, ვფიქრობ, სწორედ ეს ავთენტურობაა – როცა არტისტი არ ცდილობს ხელოვნური იდეებისგან ჩუქურთმებისა და ოქროს გვირგვინების შექმნას და საკუთარი ნამუშევრების და იდეების მათით შემკობას. გიორგისთან საუბრის შემდეგ იმაშიც დავრწმუნდი, რომ ეს ძვირფასი თვისება არა მხოლოდ მის ნამუშევრებშია, არამედ იმაშიც, თუ როგორ საუბრობს ის საკუთარ ნამუშევრებზე: მარტივად და დამაჯერებლად, იმიტომ, რომ ყველაფერი უბრალო სიმართლეა. 

არ ვამბობ, რომ გულწრფელობა ის ჯადოსნური ელემენტია, რომელიც ნებისმიერ ნამუშევარს ხარისხს სძენს. ვიღაცამ თქვა: ყველა ცუდი ლექსი სრულიად გულწრფელიაო და ნამდვილად ასეა, ცუდი გულწრფელი ხელოვნება უამრავი არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა რამაა ცხოვრებაში იმაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვიდრე კარგი გულწრფელი ხელოვნება. და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ხანიაშვილის ხელოვნება სწორედ ასეთი ხელოვნებაა.

და რადგან უკვე ბევრი ვთქვი გულწრფელობაზე, მინდა გიორგის ამ კომიქსით დავასრულო, რომელიც ბოლო სიტყვას თავადაც მშვენივრად იტყვის.

კომიქსი – ქაღალდი, ფანქარი, 2009


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.