მაფია იტალიაში საკვებს არიგებს: ქველმოქმედება თუ სამომავლო ინვესტიცია?
მაშინ როცა იტალია კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისგან თავის დაღწევას ცდილობს, მაფია ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას საკვებით ამარაგებს. ბოლო კვირების განმავლობაში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ცნობილი მაფიის ბანდები იტალიელებს აუცილებელ პროდუქტებს აწოდებენ, მთელი უღარიბესი სამხრეთი რეგიონების – კამპანიის, კალაბრიის, სიცილიისა და პუგლიის – მასშტაბით. ქვეყანაში დაძაბულობა იზრდება.
“ერთ თვეზე მეტია, რაც დახურულია მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და პაბები, – ამის შესახებ Guardian-ს ანტიმაფიის გამომძიებელმა და კატანზაროს პროკურატურის ხელმძღვანელმა ნიკოლა გრატერმა განუცხადა, – მილიონობით ადამიანი ნაცრისფერ ეკონომიკაში მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ მათ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ რაიმე შემოსავალი და წარმოდგენა არ აქვთ, როდის შეძლებენ სამსახურში დაბრუნებას. მთავრობა ხალხის მხარდასაჭერად ე.წ. სავაჭრო ვაუჩერებს გამოსცემს.
თუ სახელმწიფო არ გადადგამს ნაბიჯს ასეთი ოჯახების დასახმარებლად, მაფია უზრუნველყოფს ამ მომსახურებას, ადამიანების ცხოვრებაზე კონტროლს დააწესებს.”
იტალიის ჩაკეტვის შედეგებმა ქვეყანაში 3.3 მილიონ ადამიანზე მოახდინა გავლენა, რომლებიც ნაღდ ფულზე მუშაობდნენ და რეგისტრირებულები არ იყვნენ. მათგან, ვენეციის მცირე ბიზნესის ასოციაციის, CENIA Mestre-ის უახლესი მონაცემების თანახმად, 1 მილიონზე მეტი ცხოვრობს სამხრეთით.
მცირე მაღაზიის მფლობელებზე ზეწოლაც დაფიქსირდა, რომ უფასოდ მიეწოდებინათ საკვები, პოლიცია კი ქურდობას მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში აკონტროლებს. ვიდეოები, რომლებშიც სიცილიის მთავრობის შეჩერებულ რეაგირებას აპროტესტებენ, ქალაქ ბარის ბანკების გარეთ კი ადამიანები 50-ევროიანი სესხების გამო სასოწარკვეთილები არიან, ვირუსული გახდა. მაფიას ცეცხლი სწყურია.
სოციალური არეულობის მზარდი პირველი სიგნალების ფონზე, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლუჩანა ლამორგესმა განაცხადა:
“მაფია სიღარიბის ზრდით სარგებლობს და ხალხის თავის ორგანიზაციაში ჩართვას ცდილობს.”
ბოლო დღეებში, ქალაქ ნეაპოლის უღარიბეს კვარტალებში პოლიცია უფრო გაძლიერდა, ეს ის ადგილია, სადაც კამორამ (ნეაპოლის მაფიამ) საკვების სახლში მიტანის სერვისი უზრუნველყო. უკვე დაწყებულია გამოძიება იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საკვების გადაცემის დროს დაკითხეს.
La Repubblica-ს თანახმად, პალერმოში მაფიის დაჯგუფების, ე.წ. კოზა ნოსტრას “ბოსის” ძმამ, სავარაუდოდ, საკვები ზენის სამეზობლოში გაანაწილა – ეს ის ადგილია, სადაც მაფია მძვინვარებს.
როდესაც ეს ამბები გავრცელდა, ამ კაცმა თავი ფეისბუქზე დაიცვა და ირწმუნებოდა, რომ ის მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობას ასრულებდა.
“მაფიაში მხოლოდ კრიმინალური ორგანიზაციები არ არიან, – თქვა ფედერიკო ვარესემ, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის პროფესორმა, – ისინი არიან ორგანიზაციები, რომლებსაც ტერიტორიებისა და ბაზრების მართვა სურთ. კომენტატორები ხშირად ფოკუსირებენ მაფიის ფინანსურ ასპექტზე, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ მათი სიძლიერე იმ ადგილობრივი ბაზიდან მოდის, საიდანაც მოქმედებენ.”
საკვების დისტრიბუცია ისეთივე ძველი ტაქტიკაა, როგორც თავად მაფია. იტალიის სამხრეთ ნაწილის ბოსებმა ხალხს თავი ქველმოქმედებად და ადგილობრივი ძალის ბროკერებად წარუდგინეს, ისინი თავდაპირველად სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ.
“მაფიის ავტორიტეტები ქალაქებს თავიანთ ფეოდალურ მამულებად აღიქვამენ, – თქვა გრატერმა, – ავტორიტეტებმა ძალიან კარგად იციან, რომ მმართველობისთვის თავიანთ ტერიტორიაზე არსებულ ხალხზე უნდა იზრუნონ. ისინი ამას სიტუაციის მათ სასარგებლოდ გამოყენებისთვის აკეთებენ. ხალხის თვალში, ბოსი, რომელიც კარზე აკაკუნებს და უფასო საკვებს გთავაზობს, გმირია. ბოსმა იცის, რომ როდესაც დასჭირდება, ამ დახმარებას გამოიყენებს, მაგალითად მაშინ, როცა იმ პოლიტიკოსს დააფინანსებს არჩევნებში, რომელიც მის კრიმინალურ ინტერესებს ხელს შეუწყობს.”
სამხრეთში ათეულობით გამოძიებამ იმ პოლიტიკოსების დაპატიმრება გამოიწვია, რომლებიც მაფიას ეხმარებოდნენ. მათ სწორედ ადგილობრივი მაფიის დახმარებით გაიმარჯვეს არჩევნებში, რადგან მოსახლეობას აიძულებდნენ ხმის მიცემას მარტივი სერვისების (მაგალითად, საკვების მიწოდების) სანაცვლოდ.
ვარესემ განაცხადა: “ეს საჩუქრები არ არის. მაფია არაფერს აკეთებს თავისი კეთილი გულის გამო.
ყველას მოუწევს მათთვის საკვების მიწოდების გამო ანაზღაურება ამა თუ იმ ფორმით: გაქცევაში დახმარება და თანამონაწილეობა, იარაღის დაჭერა, ნარკოტიკების მოპოვება და ა.შ. ”
“განვიხილოთ რა დაემართა მექსიკელ ნარკოდილერ ელ ჩაპოს, – განაცხადა გრატერიმ. – მან ტონობით კოკაინი გაასაღა და ასობით ადამიანი სხვისი დავალებით მოკლა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში იგი ცნობილი იყო გულკეთილობით, ხალხი აცხადებდა, რომ ის მედიკამენტებით უზრუნველყოფდა ოჯახებს და გზებსაც აგებდა. აქაც იგივე ხდება”.
ამ კვირაში პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ბოსები იმ ბიზნესებსაც შესთავაზებენ პრაქტიკულად გაუთავებელ კრიმინალურ კაპიტალს, რომლებსაც ახლა დახმარება სჭირდებათ, შემდეგ კი ამ ბიზნესებს კრიმინალური საქმიანობებისთვის გამოიყენებენ (მაგ.: ფულის გათეთრება).
ვარესას თქმით: “ამჟამინდელი ჩაკეტვის გამო მაფიამ შეიძლება სხვა გზებითაც ისარგებლოს, მაგალითად, მომავალში, როცა იტალიელები სამსახურებს დაუბრუნდებიან, უფრო მეტ ფულს დახარჯავენ და ეკონომიკას ისევ ფეხზე დააყენებენ. მაგრამ, რა თქმა უნდა, პალერმოსა და ნეაპოლის საკვები ამანათები გვიჩვენებს მათ ნამდვილ ბუნებას და იმას, თუ რატომ არიან ისინი ასე საშიში”.
ორიგინალი: https://www.theguardian.com/