fbpx

როგორი იყო დამცავი ნიღბები 1918 წლის პანდემიის დროს


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ყიასაშვილი

 

ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოში გავრცელებული გლობალური ეპიდემიის გამო საკმაოდ აქტუალური გახდა წარსულში გადატანილი სხვადასხვა ვირუსის სახეობის გახსენება. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მომაკვდინებელი ინფექცია, რომელიც ისტორიაში „ესპანური გრიპის“ სახელით შევიდა. რა ხდებოდა ერთი საუკუნის წინ, 1918 წელს, როდესაც არ არსებობდა ვირუსის ვაქციები, ანტიბიოტიკები და რასაკვირველია, არც ჯანდაცვის სისტემა იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი?! 

ქვეყნებს, ომისგან განსხვავებით, ვირუსთან ბრძოლის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდათ, ამიტომ ბევრმა მათგანმა დაუშვა შეცდომა, როდესაც ვირუსის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უმალავდნენ ან საერთოდაც უარყოფდნენ რაიმე სახის ვირუსის არსებობას. საბოლოოდ, გრიპმა მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი დააინფიცირა და მათგან მინიმუმ 50 მილიონი შეიწირა, მათ შორის სრულიად ჯანმრთელი ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები, რადგან ვირუსი ანადგურებდა ჯანმრთელი ადამიანის ძლიერ იმუნურ სისტემასაც. 

დაავადების სახელი „ესპანური გრიპი“ არ შეესაბამება მისი წარმოშობისა თუ გავრცელების ადგილს, ამიტომ მეცნიერები დღეს მას „1918 წლის გრიპის პანდემიით“ მოიხსენიებენ. მაგრამ დაზუსტებით არც ის ვიცით სად და როგორ წარმოიშვა პირველად ვირუსი –   ამერიკაში, საფრანგეთში თუ რომელიმე სხვა ევროპის ქვეყანაში. ესპანეთი, რომელიც პირველი ომის დროს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, აქტიურად აშუქებდა ინფექციის შესახებ ახალ დეტალებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ინფექციის სახელწოდებაში ესპანეთი მოხვდა. 

ეპიდემიის პირველი ტალღა, რომელიც 1918 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ძირითადად ჯარისკაცები დააავადა, შედარებით სუსტი და მართვადი იყო. 1918 წლის ზაფხულში, როდესაც ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ, მუტაციის შედეგად გაძლიერებული ვირუსი შემოდგომაზე ხელმეორედ დაატყდა თავს მოსახლეობას და ამჯერად მასთან გამკლავება შეუძლებელი გახდა. მოსახლეობისთვის ვირუსის დამალვა ვეღარ ხერხდებოდა და საგანგებო ზომების მიღების აუცილებლობაც დადგა. ცალკეულ ქვეყნებში, განსაკუთრებით – ევროპასა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი და ხალხს აქტიურად მოუწოდებდნენ სახლების დეზინფექციისკენ. მაშინაც, როგორც ახლა, ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირება და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა იყო. მთავარი ატრიბუტი კი – სახის დამცავი ნიღაბი.  

გთავაზობთ „1918 წლის გრიპის პანდემიის“ საარქივო ფოტომასალას, სადაც რთულად თუ აღმოაჩენთ ადამიანს, რომელიც დამცავი პირბადის გარეშეა.  

წყარო: 

ფოტოები

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.